USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
თბილისი
აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
თარიღი:  1002

მამუკა კომახია, ანალიტიკოსი
 

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის (1992-1993 წლები) დასრულებიდან 28 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩამოყალიბდა „პოლიტიკური ელიტა“, სადაც პირის გავლენა კონფლიქტში (რომელსაც აფხაზეთში მოიხსენიებენ, როგორც „აფხაზი ხალხის სამამულო ომს“) მისი მონაწილეობის კრიტერიუმით განისაზღვრება. ადგილობრივ პოლიტიკაში მონაწილეობისთვის ომის ვეტერანის სტატუსი სავალდებულო მოთხოვნაა, ომში მონაწილეობის მტკიცებულების არარსებობა კი - ყველაზე დიდი კომპრომატი.

ომის დასრულებიდან დიდი დრო გავიდა და აფხაზეთის „პოლიტიკური ელიტაც“ ახალი წევრებით ივსება: ადამიანებით, რომლებსაც ომში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვთ, რადგან ომის მიმდინარეობის დროს პატარა ასაკის იყვნენ ან ომის დასრულების შემდეგ დაიბადნენ. სტატიაში შევეცდებით გაჩვენოთ, თუ როგორ მიდის აფხაზეთის „პოლიტიკური ელიტის“ გაახალგაზრდავების პროცესი და ეს რას შეიძლება ნიშნავდეს ოფიციალურ თბილისთან და ზოგადად ქართველებთან ურთიერთობების კონტექსტში.
 

„პოლიტიკური ელიტის“ დემოგრაფია

„პრეზიდენტი“ და „ვიცე-პრეზიდენტი“

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია (1963) „ძველი გვარდიის“ წარმომადგენელია, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდში გუდაუთაში სეპარატისტების უსაფრთხოების კომიტეტში მუშაობდა. დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა (1981) კი იმ ახალ თაობას  წარმოადგენს, რომელსაც თავისი ასაკის გამო ომში მონაწილეობა არ მიუღია.

აქვე ვიტყვით, რომ 2020 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ ბჟანიას კონკურენტი ადგურ არძინბა იყო, რომელიც 1981 წელს არის დაბადებული და ომში თავისი ასაკის გამო არ მონაწილეობდა. იგი ამჟამად ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერია.

„მთავრობა“

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი (1952) „ძველი გვარდიის“ წარმომადგენელია, რომელიც 1981-1990 წლებში თბილისში მუშაობდა, მათ შორის, შს მინისტრის მოადგილედ. ომის პერიოდში სეპარატისტების თავდაცვის კომიტეტის წევრი იყო, 2011-2014 წლებში კი დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა.

დე ფაქტო მთავრობა ოთხი „ვიცე-პრემიერისგან“ და თერთმეტი „მინისტრისგან“ შედგება. „მინისტრებიდან“ შვიდი 1992 წელს, როდესაც ომი დაიწყო, 13 წლის ან უფრო მცირე ასაკის იყო, ორი „მინისტრი“ კი 1990-იან წლებში დაიბადა: ანრი ბარციცი (1990) - იუსტიციის „მინისტრი“ და ინალ გაბლია (1991) - განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის „მინისტრი“. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ტურიზმის „მინისტრი“ თეიმურაზ ხიშბა 1986 წელს თბილისში დაიბადა.

„პარლამენტი“

„მთავრობისგან“ განსხვავებით, „პარლამენტში“ ასაკობრივი თანაფარდობა „ძველი გვარდიის“ სასარგებლოდ არის, თუმცა „დეპუტატთა“ გაახალგაზრდავების ტენდენციაც აშკარად შეიმჩნევა. ამ ეტაპზე, 35 „დეპუტატიდან“ მხოლოდ 15-ია, რომელიც ომის პერიოდში 15 წელზე მცირე ასაკის იყო, მათ შორის 12 კი 1980-იან წლებში დაიბადა.
 

ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება

„პოლიტიკურ ელიტაში“ სულ უფრო მეტი „მინისტრი“ და „დეპუტატია“, რომლებიც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ. ნელ-ნელა ასპარეზზე გამოდიან ისინიც, ვინც „დამოუკიდებელ“ აფხაზეთში დაიბადნენ და ქართულ-აფხაზური ომის შესახებ მხოლოდ ოჯახიდან, ახლობლებისგან, სკოლიდან, უნივერსიტეტიდან თუ მედიიდან იციან.

„პოლიტიკური ელიტის“ განახლების მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის - ინალ არძინბას ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები. არძინბა 1990 წელს სოხუმში დაიბადა და განათლება რუსეთში მიიღო. მან 2018 წელს დატოვა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მისი გვარისა (იგი აფხაზეთის პირველი „პრეზიდენტის“ ვლადისლავ არძინბას ნათესავია) და რუსული კავშირების გამო ბევრი საუბრობს მის პოლიტიკურ ამბიციებზეც. მას ჯერ არ აქვს „საპრეზიდენტო“ ასაკი, თუმცა ახალი ლიდერების, პოლიტიკოსებისა თუ „საჯარო მოხელეების“ გამოვლენის კამპანია არძინბას პოლიტიკური პროექტის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ. თავად არძინბაც ბევრს ლაპარაკობს პოლიტიკური ელიტის განახლების აუცილებლობაზე, რისთვისაც პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.  

სოციალური პლატფორმა „აფხაზეთის მომავალი“

პლატფორმა ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და მისი მიზანია აფხაზი ახალგაზრდების დახმარება სტაჟირებასა და რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებაში. ორგანიზაციის მამოძრავებელი ძალა 35 წლამდე ახალგაზრდები არიან. პლატფორმის დამფუძნებელი ყრილობა 2021 წლის 15 ივნისს სოხუმში გაიმართა. საპატიო თავმჯდომარეებად კი ბჟანია და არძინბა აირჩიეს.

კონკურსი „აფხაზეთის სიამაყე“

2020 წელს სოციალური პლატფორმა „აფხაზეთის მომავლის“  ბაზაზე ჩატარდა კონკურსი „აფხაზეთის სიამაყე“, რომელიც ახალგაზრდა მმართველების კონკურსია. კონკურსის მიზანია აფხაზეთში ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მხარდაჭერა. არძინბას ხედვით, კონკურსი ერთგვარი „სოციალური ლიფტია“ მმართველებისთვის, რომლის ხარჯზეც უნდა მოხდეს სახელმწიფო აპარატის საკადრო განახლება.

პირველი კონკურსი, რომლის ლოზუნგი იყო „ახალი ლიდერები აფხაზეთის მომავლისთვის“, სამ ეტაპად ჩატარდა და 2020 წლის 25 აგვისტოს ხუთი გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსის ფინალისტებმა, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით, შეიმუშავეს „აფხაზეთის მომავლის“ რეფორმების სტრატეგიული პროგრამა. პროგრამის პრეზენტაცია 2020 წლის ნოემბერში გამართა კონკურსის გამარჯვებულმა საიდ ბეიამ, რომელიც სკოლის დირექტორია. პროგრამის ძირითადი ამოცანებია: რეფორმები, ხელისუფლების გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიონალი ახალგაზრდების როლის გაზრდა. პროგრამის ფარგლებში შემუშავებულია ღონისძიებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დამშვიდებას. პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით სახელმწიფო სერვისების გაცემისთვის მრავალფუნქციური ცენტრის შექმნა, IT პარკის დაარსება, „კანონიერი ქურდების“ საწინააღმდეგო კანონმდებლობის მიღება.

არძინბას პოლიტიკური გეგმები

სოციალური პლატფორმა „აფხაზეთის მომავალი“ და პლატფორმის ფარგლებში ჩატარებული კონკურსი არძინბას დიდი პოლიტიკური გეგმის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ, რომელსაც თავადაც არ მალავს. 2020 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ მან ღიად განაცხადა, რომ იგი არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას გეგმავდა (ამ ეტაპზე მსგავსი პარტია არ არის დაფუძნებული). მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში დიდი ხანია ეჭვობენ არძინბას პოლიტიკური ამბიციების შესახებ, ეს მისი პირველი საჯარო განცხადება იყო აფხაზურ პოლიტიკაში მონაწილეობის შესახებ. საინტერესოა, რომ პლატფორმის მხარდაჭერით, 2022 წლის „საპარლამენტო არჩევნებისთვის“ კვალიფიციური იურისტებისა და დარგის სპეციალისტების მომზადება იგეგმება.

არძინბას ინიციატივით და ბჟანიას მხარდაჭერით უკვე შეიქმნა „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საკადრო რეზერვიც“. პლატფორმის წარმომადგენლები ასევე  გადიან სტაჟირებას რუსეთის საჯარო უწყებებში. მაგ., პლატფორმის კოორდინატორმა მილანა ხაშბამ კვალიფიკაცია რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის უწყებაში აიმაღლა. რუსეთის საჯარო უწყებებში აფხაზი ახალგაზრდების სტაჟირება ინალ არძინბას რუსული კავშირების წყალობით ხდება.
 

თბილისთან დიალოგი - ვინ რას ფიქრობს?

ბჟანია და მისი უახლოესი თანამებრძოლები „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ქართულ მხარესთან ურთიერთობა 1990-იან წლებამდეც ჰქონდათ. მათი ხედვები თბილისთან დიალოგის საკითხზე განსხვავდება ომის შემდგომი თაობის ხედვებისგან, რომელიც უფრო რადიკალურია თბილისთან ურთიერთობის საკითხში.

ბჟანიამ და მისმა „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ სერგეი შამბამ (1951) გასულ წელს ღიად მიანიშნეს  ჟენევის ფორმატის გარდა თბილისთან ურთიერთობის ახალი პლატფორმის შექმნის აუცილებლობაზე. საზოგადოების ნაწილისა და „ოპოზიციის“ მწვავე შეფასებები მოჰყვა 2020 წლის 4 დეკემბერს მიღებულ „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციას“. „კონცეფციის“ თანახმად, აფხაზური მხარე უშვებდა შესაძლებლობას მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატი შექმნილიყო, სადაც იმ საკითხებს განიხილავდნენ, რომლებიც ჟენევის ფორმატში ვერ გვარდება. ამ მოსაზრებას იმდენად დიდი შიდა ზეწოლა მოჰყვა, რომ 2021 წლის 25 მარტს სადავო ფრაზა ამოიღეს კონცეფციიდან.

ამ კონტექსტში შეიძლება შევხედოთ ბჟანიას თანაშემწის ბენურ კვირაიას თბილისში ვიზიტსაც. კვირაია, რომელიც ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გადადგა თანაშემწის თანამდებობიდან, თბილისში თავის ნაცნობებთან ინვესტიციების მოზიდვის საკითხს განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირაია ომის მონაწილეა და მას „პროქართულობას“ ვერ დასწამებ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც მისმა თბილისში შეხვედრებმა, ისე სოციალურ მედიაში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც იგი ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს სვამს.

„ძველი გვარდიისგან“ განსხვავებული ხედვები აქვთ ახალი თაობის წარმომადგენლებს, რომლებსაც ნაკლები კავშირი აქვთ ქართველებთან და რუსეთთან ინტეგრაციასაც, ძველი თაობის აფხაზი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მეტი ენთუზიაზმით უჭერენ მხარს. ისინი განათლებას ძირითადად რუსეთში იღებენ, კარიერული წინსვლის შესაძლებლობასაც რუსეთში ხედავენ და ანტიქართული პროპაგანდის გავლენასაც ყველაზე მეტად ისინი განიცდიან. ახალ თაობაში სჭარბობს მოსაზრება, რომ საქართველოსთან დიალოგის წინაპირობა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა იყოს. ამის შესახებ თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა არძინბამაც.
 

ძირითადი დასკვნები

  • აფხაზეთის „პოლიტიკურ ელიტაში“ განახლების/გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს. „მთავრობასა“ თუ „პარლამენტში“ სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღიათ.
  • უახლოეს 15-20 წელიწადში აფხაზეთის პოლიტიკური ელიტა სრულად შეიცვლება იმ თაობით, რომელსაც ომში მონაწილეობა არ მიუღია და/ან დაიბადა „დამოუკიდებელ აფხაზეთში“. ეს თაობა კი, ადგილობრივი და რუსული პროპაგანდის წყალობით, ნომერ პირველ მტრად ოფიციალურ თბილისს მიიჩნევს, რომელიც აფხაზური „სახელმწიფოებრიობისთვის“ მთავარ საფრთხედ აღიქმება.
  • „პოლიტიკური ელიტის“ განახლება/გაახალგაზრდავების ინსტრუმენტია ინალ არძინბას პროექტი - სოციალური პლატფორმა „აფხაზეთის მომავალი“, რომლის ფარგლებში გამოვლენილმა კადრებმა პოლიტიკური „ნათლობა“, შესაძლოა, 2022 წლის „საპარლამენტო არჩევნებში“ მიიღონ.
  • აფხაზური პოლიტიკის „ძველი გვარდია“ (ბჟანია-ანქვაბი-შამბას სახით), ქართველებთან განვლილი ომის მიუხედავად, ოფიციალურ თბილისთან სხვადასხვა ფორმატში ურთიერთობის განვითარებას რუსული გავლენის დასაბალანსებლად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. რადიკალურად განსხვავებულია ახალი თაობის მიდგომა, რომელიც უფრო ანტიქართულია და ცალსახად რუსეთზეა ორიენტირებული.
  • აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე (მათ შორის, „საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან“ სადავო ფრაზის ამოღება, ბჟანიას ყოფილი თანაშემწის თბილისში ვიზიტზე მწვავე რეაქცია) დაკვირვებიდან ჩანს, რომ თბილისთან დიალოგის იდეას საერთო სახალხო/პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს და „ქართველებთან თანამშრომლობა და დიალოგის მცდელობა“ პოლიტიკურ კომპრომატად ითვლება.
  • შექმნილ ვითარებაში აფხაზეთის „პოლიტიკურ ელიტასთან“ სხვადასხვა ფორმატში ურთიერთობების განვითარებისთვის არსებული მცირე რესურსის გამოყენება უახლოესი 15-20 წლის პერიოდშია შესაძლებელი. „პოლიტიკური ელიტის“ ახალი თაობით სრული განახლების შემდეგ კი, რომელიც ქართველებისადმი უფრო მტრული და თან პრორუსული იქნება, სოხუმთან საუბარიც უფრო რთული ამოცანა იქნება.
სპორტი
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.