USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა
თარიღი:  519

აფხაზეთის ომი — 1992-1993 წლების ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

 კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი ე. წ. „ზვიადისტებთან“ (ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან), რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოში — სამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.

 კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.

პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.

წინაისტორია

აფხაზეთის ასსრ-ში სიტუაცია ჯერ კიდევ 1980 წლების ბოლოდან დაიძაბა, როდესაც 1989 წლის მარტში, აფხაზმა ნაციონალისტებმა ლიხნის კრებაზე აფხაზეთის ასსრ-სთვის საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. ეს მოთხოვნა ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი ანალოგიური სტატუსით სარგებლობდა 1925—1931 წლებში, როდესაც საქართველოს სსრ-სთან „ერთიანობის ხელშეკრულება“ აკავშირებდა. ზემოთხსენებული დეკლარაცია ხელმოწერილი იქნა სოხუმის უნივერსისტეტის რექტორის მიერ. უნივერსიტეტის ეთნიკურად ქართულმა სტუდენტობამ ამ ფაქტს საპროტესტო დემონსტრაციით უპასუხა. თუმცა ეს დემონსტრაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აიკრძალა. მიუხედავად ამისა, სტუდენტთა საპროტესტო აქცია გაგრძელდა და საბოლოოდ აფხაზ ნაციონალისტთა ერთი ჯგუფის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. პირველი შეიარაღებული შეტაკება ქართულ და აფხაზურ მოსახლეობის ერთ ნაწილს შორის 1989 წლის 16-17 ივლისს მოხდა სოხუმში შეტაკებების გამომწვევი მიზეზი გახდა სოხუმში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 22 და დაიჭრა 500-მდე მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველი.

1991 წელს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა და საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ორეროვან აფხაზურ რესპუბლიკაზე შეთანხმდნენ, სადაც წამყვან თანამდებობებს ეთნიკური კვოტებით დაიკავებდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორივე ეთნოსის დეპუტატთა მხარდაჭერა იქნებოდა საჭირო.[2] 1991 წლის ბოლოდან საქართველო სამოქალაქო ომში გაეხვია. აფხაზეთის მმართველებმა არ გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობა და დამოუკიდებლობისთვის მზადება დაიწყეს. 1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კონტროლი დაამყარა სამხედრო შენაერთებზე. 1992 წლის მარტიდან დაწესდა ადგილობრივი სამხედრო გაწვევა, ახლად შექმნილმა აფხაზურმა გვარდიამ დაიკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა და მინისტრად ქართველის ნაცვლად აფხაზი მინისტრი დაინიშნა. 23 ივლისს უმაღლესმა საბჭომ აღადგინა აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის მოქმედება. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართველმა წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საბჭოს სხდომებს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 23 ივლისის გადაწყვეტილება.

 ომის დასაწყისი

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით აფხაზეთში შევიდა. ოფიციალურად მას რკინიგზის სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა ჰქონდა დავალებული. საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას მეთაურობით. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის დ. ზეიკიძის მეთაურობით. მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება მოხდა აგრეთვე გულრიფშის რაიონ სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი[3]. ქართულ შენაერთებს ცეცხლი გულრიფშის რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს. მალე ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. სისხლისღვრისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები ქალაქის შემოგარენში დაბანაკდნენ. ქალაქს აფხაზთა 300 კაციანი ფორმირება იცავდა, რომელსაც აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა. იმავე დღეს ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე ბრძანებით აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. დაიწყო ასევე აფხაზ მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება. ქალაქში, რომელიც ტურისტებით იყო სავსე, პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებით ტოვებდნენ. იმავე დღეს გაიმართა მოლაპარაკება მხარეებს შორის. მოლაპარაკებაზე არძინბა არ გამოჩენილა. 18 აგვისტოს უშედეგო მოლაპაკებების შემდეგ ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30 საათზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს. აფხაზეთის დროშის ნაცვლად, შენობის თავზე შინდისფერი დროშა აფრიალდა. არძინბამ ქალაქი დატოვა და გუდაუთაში გადაბარგდა. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა კიტოვანს მიღებული ბრძანება სოხუმში შესვლის შესახებ, თუ მოქმედებდა დამოუკიდებლად, თბილისთან შეუთანხმებლად.[4]

 

საბრძოლო მოქმედებები 1992 წელს

 

აფხაზები მარტო არ იბრძოდნენ. მათ შეუერთდნენ კაზაკები, თურქეთსა და სირიაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები, კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია და რუსი დაქირავებული მებრძოლები.

 საბრძოლო მოქმედებები აგვისტოში

15 აგვისტოს ქართველებმა დაბა განთიადში საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა ლესელიძე შტურმით აიღო. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აღიმართა. 19 აგვისტოს კი შავნაბადას ბატალიონმა გაგრა და დაბა კოლხიდა უბრძოლველად დაიკავა. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა გაგრის "მხედრიონის" მეთაური ბადრი ფირცხელიანი, ხოლო მის მოადგილედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი ჯონი ლატარია. გაგრის დაკავების შემდეგ გუდაუთაში გახიზნული არძინბას გუნდი ფაქტობრივად ბლოკადაში მოექცა. სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მხოლოდ ბიჭვინთა-ახალი ათონის მონაკვეთი რჩებოდა. ბლოკირებული იყო ქ. ტყვარჩელის ზონა, სადაც კომპაქტურად ცხოვრობნენ აფხაზები.

 20 აგვისტოს არმავირში გაიმართა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების, დონის როსტოვის ოლქის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების ხელმძღვანელთა ანტიქართული შეხვედრა. ბ. ელცინისადმი მიმართვაში მათ გამოთქვეს შეშფოთება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის მთავრობის „დაგვიანებული" რეაქციის გამო.

20 აგვისტოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით თბილისიდან შემოსული მედიკამენტები გაგრიდან გადაეცა გუდაუთის (ე.ი. აფხაზური მხარე) რაიონულ საავადმყოფოს. მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ა. ჯორბენაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთიდან გაიყვანეს 15 ათასი დამსვენებელი რუსეთიდან.

22 აგვისტოს აფხაზურმა და კონფედერატების შენაერთებმა გადმოლახეს მდ. გუმისთა, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ისინი უკუაგდო. იმავე დღეს ტელევიზიით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი გ. ყარყარაშვილი, რომელმაც მკვეთრი შეფასება მისცა მოწინააღმდეგის აღნიშნულ გამოხდომას და მოწინააღმდეგე გააფრთხილა [5].

 წინააღმდეგობის გასაწევად აფხაზებს არც სამხედრო და არც ეკონომიკური ბაზა გააჩნდათ. 1992 წლის 14 აგვისტოსთვის აფხაზთა გვარდია ათასამდე ჯარისკაცს ითვლიდა. მათი მძიმე ტექნიკა მხოლოდ სამ ერთეულ ჯავშანტექნიკას შეადგენდა.

იარაღთან ერთად ინტენსიურად მიმდინარეობდა სეპარატისტების ცოცხალი ძალით მომარაგება. რუსეთის მსხვილ ქალაქებში დაქირავებულთა მოსაზიდად სპეციალური პუნქტები მუშაობდნენ. 21 აგვისტოს მთიელ ხალხთა კონფედერაციამ საქართველოს ომი გამოუცხადა. აფხაზეთში ჩამოსვლა დაიწყეს ადიღეიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ჩეჩნეთიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან.

 აგვისტოს ბოლოს გაგრის რაიონში ქართულმა მხარემ ბზიფის მიმართულებით შეტევა დაგეგმა. მდინარე ბზიფზე გასვლის შემთხვევაში იკეტებოდა ყველა გზა, მათ შორის მამზიშკის მთიდან ჩამოსასვლელი ბილიკებიც. ამის შემდეგ გაგრის ზონა პრაქტიკულად შეუვალი ხდებოდა. შეტევა 28 აგვისტოს დაიწყო.

 შეტევა ბზიფზე და ეშერაზე

დამრტყმელ ძალას ავტომაგისტრალზე მოძრავი ჯავშანტექნიკა წარმოადგენდა. ბრძოლა კოლხიდიდან ნახევარ კილომეტრში დაიწყო. დამრტყმელმა კოლონამ წინ წაიწია, თუმცა ფლანგებიდან შეტევა შეჩერდა. დამრტყმელ ძალას ცეცხლი სამი მხრიდან გაუხსნეს. შეტევა ვეღარ განვითარდა და გაგრიდან სამ კილომეტრში, წითელ ჯვართან შეჩერდა.

 ქართული მხრიდან 20-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. დიდი დანაკარგის გამო შავნაბადას ბატალიონი 5 სექტემბერს გაგრიდან გამოვიდა.

ბზიფზე წარუმატებელი ოპერაციიდან ერთი დღის შემდეგ სოხუმში მყოფი ქართული ნაწილები ეშერის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ. ქართულმა ნაწილებმა გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე სტრატეგიული პლაცდარმი აიღეს, მაგრამ იერიშის გასაგრძელებლად ძალა აღარ ეყოთ.

 3 სექტემბრის შეთანხმებ

3 სექტემბერს, მოსკოვში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ედუარდ შევარდნაძის, რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის და ვლადისლავ არძინბას შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ 5 სექტემბრის 12 საათიდან აფხაზეთში ცეცხლი შეწყდებოდა. დოკუმენტი აფხაზეთიდან დაქირავებულთა რაზმების გაყვანას და ქართული საჯარისო ფორმირებების დისლოკაციის შეცვლასაც ითვალისწინებდა.

 შეთანხმების მიუხედავად, როგორც გუმისთის ხაზზე, ისე გაგრის მუნიციპალიტეტში პოზიციური ბრძოლები მაინც მიმდინარეობდა. 26 სექტემბერს, გაგრის მუნიციპალიტეტში, ქართულმა მხარემ ლოკალურ შეტაკებაში მოწინააღმდეგის ერთი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანა. დაკითხვაზე გაირკვა, რომ აფხაზები უახლოეს დღეებში გაგრაზე ფართომასშტაბიან შეტევას ამზადებდნენ. ამ ინფორმაციას გაგრის დაჯგუფების ხელმძღვანელობამ სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა.

გაგრის დაცემა

1992 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად არ ჰყავდა. ყველა დაჯგუფებას საკუთარი მეთაური ჰყავდა და ყველა რაზმი თავისთვის იბრძოდა. არ არსებობდა ბატალიონებს შორის კოორდინაცია. ხშირ შემთხვევაში არ არსებობდა საერთო მეთაურობაც. გაგრის დაჯგუფებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ მარინაშვილი ხელმძღვანელობდა. 1992 წლის სექტემბრის ბოლოსთვის გაგრაში თავმოყრილი იყო დაახლოებით 3000-კაციანი შენაერთი. ქალაქში არ არსებობდა დისციპლინა და ქალაქის დაცვის ერთიანი გეგმა. ჯარისკაცებს სანგრებიც კი არ ჰქონდათ გათხრილი.

 გაგრის აღება აფხაზებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობას იძენდა, ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები. თუ რუსეთთან ბლოკირებულ საზღვარს არ გახსნიდნენ, აფხაზები ზამთარს ვერ გადაიტანდნენ.

1 ოქტომბერს საღამოს ექვს საათზე, აფხაზურმა მხარემ გაგრაზე შეტევა დაიწყო. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია "ავაზას" ქვედანაყოფმაც. აფხაზთა მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც წინასწარ დანაღმული უნდა ყოფილიყო. შვიდი საათისთვის მოწინააღმდეგე უკვე კოლხიდას მიუახლოვდა. აფხაზთა დამრტყმელ ძალას შამილ ბასაევის კონფედერადთა ბატალიონი და კაზაკები შეადგენდნენ. საერთო ჯამში ქალაქს დაახლოებით 600 ჯარისკაცი უტევდა. აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს. 1 ოქტომბერს დაბა კოლხიდა დაიკარგა.

მეორე დღეს დილის ექვსი საათისთვის მოწინააღმდეგემ შეტევა განაახლა. იმ დროს როცა გაგრაში დაახლოებით 3000 შეიარაღებული ჯარისკაცი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა იმყოფებოდა, ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა. ქართველებმა უკან დაიხიეს. ცხრა საათზე მოწინააღმდეგემ რკინიგზის სადგური აიღო. ერთ საათში აფხაზები უკვე ქალაქის ცენტრში იყვნენ. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა.

 5 ოქტომბერს აფხაზებმა განთიადი-ლესელიძის მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა ააფრიალეს. აფხაზთა ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა.

 საბრძოლო მოქმედებები 1993 წელს

1993 წლისთვის სეპარატისტები ავტონომიური რესპუბლიკის ნახევარს აკონტროლებდნენ. რუსებთან საზღვრის გახსნის შემდეგ აფხაზთა პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. გაგრაში ქართული შენაერთების ლიკვიდაციის შემდეგ აფხაზებმა მთავარი ყურადღება სოხუმის აღებაზე გადაიტანეს.

 ფართომასშტაბიანი ოპერაციის განსახორციელებლად აფხაზებმა მოქმედება გეგმაზომიერად დაიწყეს. უპირველეს ყოვლისა აფხაზებმა საორგანიზაციო საკითხები მოაწესრიგეს. 10 ოქტომბერს აფხაზებმა თავდაცვის სამინისტრო ჩამოაყალიბეს. სეპარატისტულ არმიას დაქირავებულები ყოველდღე ემატებოდნენ. 1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი, ბაგრამიანის ბატალიონი.

16 მარტის ბრძოლა

1993 წლის 16 მარტს ღამის 3.00 საათზე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. საავიაციო და საარტილერიო დამუშავების შემდეგ დილის 5.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და აჩადარასთან შეიქმნა. თუ აფხაზები ხიდებს აიღებდნენ, ისინი შეტევაში ჯავშან ტექნიკასაც ჩართავდნენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სარკინიგზო ხიდთან და აჩადარასთან შეიქმნა. სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. დილის 7:00 საათზე ცენტრში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა ნაწილებმა გარეუბანში შემოსული მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა.

16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.

მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. აფხაზებმა იმდენად დიდი დანაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა.

აფხაზთა დესანტის გადმოსხმა ტამიშში

16 მარტის კატასტროფის შემდეგ აფხაზურმა მხარემ გამოსავალის ძიება დაიწყო. სოხუმზე წარუმატებელი შტურმის შედეგად სეპარატისტთა არმია მთლიანად დეორგანიზებული იყო. დამარცხებიდან ერთი კვირის თავზე 23 მარტს არძინბამ დახმარებისთვის კვლავ მოსკოვს მიამრთა.

 14 მაისს რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. შეთანხმება ძალაში 20 მაისიდან შედიოდა. აფხაზეთში ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შემოყვანა ახალი ძალით განახლდა. ორი თვის განმავლობაში აფხაზეთში შედარებითი სიმშვიდე იყო და მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა.

 ქართული მხარესათვის აფხაზები მოულოდნელად გააქტიურდნენ. 2 ივლისს დილის 5.00 საათზე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველობდა. 2 ივლისს ტამიშის მუნიციპალიტეტში ბაზირებული ქართული ნაწილები სანაპირო ზოლის კონტროლს პრაქტიკულად არ ახორციელებდნენ. დესანტმა ამით ისარგებლა და ნაპირზე დაუბრკოლებლად გადავიდა. დესანტმა ცაგერა-ტამიშის მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის სწრაფი გაფართოება დაიწყო.

 2 ივლისს, გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჩქირდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის კონტროლი დაიწყო.

 საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთში (2 - 5 ივლისი)

ოჩამჩირეში დესანტის გადასხმა რუსების მიერ დამუშავებული საერთო გეგმის მხოლოდ ნაწილი იყო. დესანტის მთავარ მიზანს სტრატეგიული სიმაღლეების, უპირველეს ყოვლისა კი ანუარხუს ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. თუ დესანტი საკუთარ ამოცანას შეასრულებდა, აფხაზები სოხუმის შტურმს დაიწყებდნენ. 16 მარტს მიღებული გამოცდილებით, სეპარატისტები მიხვდნენ, რომ ქალაქს პირდაპირი დარტყმით ვერ აიღებდნენ. ამიტომ ოჩამჩირეში დაწყებული ოპერაციის პარალერულად აფხაზებმა გუმისთის შემოვლა დაიწყეს. მათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ისარგებლეს და სოხუმის ჩრდილოეთით შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყეს.

აფხაზებმა შრომა-კამანის მიმართულებით მძიმე ტექნიკა გადაისროლეს და სამი დღის განმავლობაში სოხუმ-ჰესი, სოფელი გუმა და ახალშენი აიღეს. მოწინააღმდეგე სტრატეგიულ დასახლებას კამანს მიუახლოვდა.

 ჩრდილოეთით მოწინააღმდეგის გააქტიურება უმნიშვნელო ეპიზოდად ჩაითვალა. ქართულმა მხარემ მთავარ ამოცანად ტამიშში გადმოსხმული დესანტის ლიკვიდაცია მიიჩნია. 3 ივლისს სადესანტო ნაწილებმა სიმაღლე ანუაარხუს პირველად შეუტიეს. ბრძოლა დაზვერვით ხასიათს ატარებდა და იგი ნახევარ საათში დასრულდა. თუ სიმაღლეს აიღებდნენ, სეპარატისტები ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალზე სრულ კონტროლს დააწესებდნენ. ქართულმა მხარემ დესანტის ლიკვიდაციისათვის მზადება დაიწყო. მოლაპარაკების შედეგად დესანტის ლიკვიდაციაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ფორმირებებმა.

 5 ივლისს მოწინააღმდეგე შრომა-კამანის მიმართულებით კვლავ გააქტიურდა. გამთენიისას აფხაზური ფორმირებები კამანში შეიჭრნენ. სოფელი დღის ბოლოს დაეცა. სოფლის აღების შემდეგ მოსახლეობა მთლიანად გაანადგურეს. სოხუმამდე აფხაზებს სულ 12 კილომეტრი აშორებდათ.

კამანის აღებამდე ერთი დღით ადრე მოწინააღმდეგემ საჰაერო დესანტით სტრატეგიული სიმაღლე ახბიუქის დაკავება სცადა. დესანტირება წარუმატებელი აღმოჩნდა; ქართულმა ნაწილებმა მი-8 ტიპის ორი ვერტმფრენი ჰაერშივე ააფეთქეს. აფხაზურმა მხარემ 50-მდე კაცი დაკარგა.

შეტევა ანუაარხუზე და შრომაზე

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში დესანტმა ანუარხუს შტურმი დაიწყო. 9 ივლისს, დილის 6.00 საათზე, მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით აფხაზები შეტევაზე გადმოვიდნენ. ისინი სიმაღლის აღებას ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ. განუწყვეტელი ბრძოლა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრიტიკულ წუთებში, ახალ კინთხში ბაზირებულმა საარტილერიო დივიზიამ დესანტზე იერიში მიიტანა. მოწინააღმდეგემ ამოცანა ვერ შეასრულა. დაღუპულების სახით დესანტმა 150-მდე მებრძოლი დაკარგა. მწყობრიდან გამოვიდა სამი ტანკი. ანუაარხუზე შეტევის პარალელურად აფხაზებმა იერიში სოხუმიდან 9 კილომეტრში მდებარე სოფელ შრომაზეც მიიტანეს.

 ვითარება საგანგაშო გახდა, აფხაზებმა სოფლის ცენტრი თითქმის მთლიანად დაიკავეს, თუმცა აფხაზთა პირველი შეტევა ლიკვიდირებულ იქნა.

 შრომა სტრატეგიულ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში მოხვედრა მხოლოდ ხეობიდან ამოსასვლელი ერთადერთი გზით შეიძლება. ამის მიუხედავად აფხაზებმა შრომის აღება მაინც მოახერხეს. სეპარატისტთა პირველი იერიშის მოგერიების შემდეგ სოფელში პოლიციის ნაწილი დარჩა. ღამით აფხაზებმა პოლიციის მეთვალყურეები ამოხოცეს და შრომა უდანაკარგოთ დაიკავეს.

 დესანტის განადგურება

ანუარხუზე წარუმატებელი იერიშის შემდეგ დესანტმა 10 ივლისს კინდღის მიმართულებით გაჭრა სცადა, თუმცა ესეც ვერ მოახერხა. სეპარატისტებს გზა ქართველებმა გადაუჭრა. დესანტმა წინ წაწევა ვერ შეძლო და გაიფანტა. აფხაზებმა ტყვარჩელისკენ პატარა ჯგუფებით გადასვლა დაიწყეს. 11 ივლისს ოჩამჩირიდან წამოსულმა დაჯგუფებამ დესანტის ნარჩენები საბოლოოდ გაანადგურა. სოხუმისკენ გზა გაიხსნა. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში დესანტისგან მხოლოდ წარწერები დარჩა.

 27 ივლისის შეთანხმება

14 ივლისს აფხაზებმა შრომა-კამანის მიმართულებით ყველა სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს. სეპარატისტები აკონტროლებდნენ კამანს, შრომას, ახბიუქს, აპიანდას. 17 ივლისს ქართულმა მხარემ სიმაღლეების დასაბრუნებელი ოპერაცია დაიწყო. თავგანწირული ბრძოლების მიუხედავად ქართულმა მხარემ სიმაღლეების დაბრუნება ვერ მოახერხა. სოხუმზე შეტევისთვის აფხაზებმა შესანიშნავი პლაცდარმი აიღეს. შრომა-კამანიდან სოხუმზე პირდაპი გზა მიდიოდა. ახბიუქისა და აპიანდას სიმაღლეებიდან კი ქალაქის დაბომბვა პრობლემას არ წარმოადგენდა. სოხუმი ჩრდილოეთის მხრიდან ბლოკირებული იყო. აფხაზებმა გუმისთის ხაზს მოუარეს და ქართველთა პოზიციების ზურგში გამაგრდნენ. ასეთ ვითარებაში ქალაქის დაცვა უკიდურესად რთული საქმე ხდებოდა.

27 ივლისს, სოჭში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რუსეთის შუამავლობით მორიგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა. სოხუმიდან უნდა გაეტანათ ქართული არმიის ჯავშან-ტექნიკა და არტილერია. აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალა.

27 ივლისი ფაქტობრივად კაპიტულაციას ნიშნავდა. სეპარატისტების მიერ სოხუმის აღება მხოლოდ დროის ამბავი იყო.

 სოხუმის დაცემა

აფხაზთა სამხედრო გეგმები

1993 წლის შემოდგომა სოხუმში სროლის გარეშე დაიწყო. 1 სექტემბერს ქალაქის ყველა საშუალო სკოლაში სწავლა განახლდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბრძოლების დროს გაიხიზნა, ხელისუფლების მოწოდების შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნდა.

27 ივლისს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ აფხაზეთის დედაქალაქი ქართული შეიარაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკისგან თანდათან იცლებოდა. 1 სექტემბერს სოხუმიდან უკანასკნელი ტანკი და ქვემეხი ფოთში გაიტანეს. შეთანხმების შესაბამისად ქართული მხარე გუმისთის ხაზის განაღმვასაც დათანხმდა. ქალაქი ღია და დაუცველი დარჩა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აფხაზურმა მხარემ სოხუმზე შეტევის მოსამზადებლად გამოიყენა. ქალაქის შტურმისთვის სეპარატისტები საფუძვლიანად ემზადებოდნენ. შეტევის გეგმა რუსეთის გენშტაბში დამუშავდა. ივლისში შრომა-კამანის აღებით აფხაზებმა ქართული დაცვის ზურგში მნიშვნელოვანი პლაცდარმი მოიპოვეს. აფხაზებს ქალაქის ნებისმიერ მუნიციპალიტეტში დაუბრკოლებლად შეეძლოთ შეღწევა. სექტემბრისთვის სოხუმი ჩრდილოეთიდან და გუმისთის მხრიდან ბლოკირებული იყო. გეგმის ძირითად ამოცანას სოხუმის მთლიანად ალყაში მოქცევა წარმოადგენდა. რუსეთის გენშტაბის ვარაუდით ქალაქი შეტევის დაწყებიდან ოთხ დღეში დაეცემოდა.

 დარტყმის ძირითადი აქცენტი ქალაქის ახალ მუნიციპალიტეტზე კეთდებოდა. ოპერაციის მხარდაჭერას შრომა-კამანის მუნიციპალიტეტში ბაზირებული აფხაზური შენაერთები განახორციელებდნენ. იმისთვის, რომ ქართულ მხარეს სოხუმში დამატებითი ძალები არ გადმოესროლა, გათვალისწინებული იყო ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაკეტვა. გეგმის განსახორციელებლად, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირებები უნდა გააქტიურებულიყვნენ.

 გეგმა ივლისში აპრობირებულ ოპერაციას იმეორებდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მარყუჟი სოხუმთან უფრო ახლოს იკვრებოდა. ტამიშის ნაცვლად, ქალაქთან მისასვლელი გზების ბლოკირება ახალდაბასთან უნდა მომხდარიყო. თუ ოპერაცია წარმატებით ჩაივლიდა, სოხუმში შესაღწევად მხოლოდ საჰაერო გზა რჩებოდა. რუსულმა გეგმამ ამაზეც იზრუნა. ბაბუშერას აეროპორტის სიახლოვეს, ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი აფხაზთა კატარღა უნდა გაჩერებულიყო.

 შეტევის დაწყება

16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და იერიშზე გადავიდნენ. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა.

 კონფლიქტის შედეგები

კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა. სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ. კამანი, სოფ. შრომა, სოფ. ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ. მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

 მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.

 საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ განიცადა უზარმაზარი ნგრევა და ეკონომიკის კოლაფსი. მთლიანად განადგურდა რკინიგზა. განადგურდა 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით კონფლიქტის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განადგურდა 49 000-მდე შენობა, აქედან 43 000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10 000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში 9000 შენობა, სოხუმის მუნიციპალიტეტში 2500 შენობა, გუდაუთის მუნიციპალიტეტში 400 შენობა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში 4000 შენობა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში 15 000 შენობა.

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.