USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Tbilisi
აფხაზები: „სული მივყიდეთ რუს ეშმაკს, რომელიც ეს-ესაა, ბოლოს მოგვიღებს“
Date:  1969

არა მარტო აფხაზეთის მცხოვრებთათვის, არამედ ყველასთვის, ვისაც რუსეთის გვერდში განლაგებული ამ პატარა რესპუბლიკის ბედი აღელვებს, უკვე სრულიად ნათელია, რომ დიდმა მეზობელმა მას საბოლოოდ დაადო თათი. თუ ადრე წერა მიწევდა მოსკოვის გრანდიოზულ გეგმებზე, რომელიც კრემლელი ჩინოსნების თავებში მწიფდებოდა, ახლა უკვე იმის კონსტატაცია მიწევს, რომ აფხაზეთის ათვისების რუსული გეგმა წარმატებითაა რეალიზებული.

არადა, ყველაფერი იწყებოდა იმ „ამოწყვეტის პირას მყოფი“ აფხაზი ხალხის „დახმარებით“, რომლის ბლოკადა 1993 წელს სწორედ მოსკოვმა მოაწყო. აფხაზეთში სიცივისა და შიმშილის შემყურე რუსები ქართველებსა და დანარჩენ მსოფლიოსთან დიალოგის „აქტიური ხელშემწყობის“ როლს თამშობდნენ, რეალურად კი გეგმაზომიერად ახორციელებდნენ ტერიტორიის უსისხლოდ დაპყრობის განზრახვას.

თუ გასულ წლებში რუსეთს აფხაზეთის დახმარება კაპიკები უჯდებოდა, რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მოსკოვს მილიონების გაღება მოუწია და ეს მილიონები წყალში, უფრო ზუსტად კი იმ გაუმაძღარი აფხაზი ჩინოსნების ჯიბეებში ჩაიყარა, რომელთაც არაფერი ადარდებდათ, გამდიდრების გარდა. მათ ფეხებზე ეკიდათ, რომ აფხაზეთის საუკეთესო მიწები „საჩუქრად“სხვადასხვა რუს ჩინოსნებს გადაეცემოდათ, დარჩენილ ნაწილზე კი სოკოებივით მრავლდებოდა სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ბაზები.

რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან გასული 15-წლიანი პერიოდის განმავლობაში რესპუბლიკა და მისი მოსახლეობა ნამდვილ ტყვეებად იქცნენ „სტრატეგიული პარტნიორისა“, რომელიც განუწყვეტლივ იმეორებდა, როგორ "ზრუნავდა" და "ეხმარებოდა" აფხაზ „ძმებს". აფხაზური საზოგადოება კი მთელი ეს დრო თვალში ნაცარშეყრილი აკვირდებოდა მოვლენებს და სწამდა, რომ აფხაზეთს მხოლოდ რუსეთსა და რუსსკი მირთან ერთად დგომის შემთხვევაში შეეძლო გადარჩენა.

მეხი მაშინ გავარდა, როცა ხალხმა ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა, რომ აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებში რაღაც რიგზე არ იყო. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი მხოლოდ ტრიგერი იყო მოვლენებისთვის, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხორციელდებოდა. ავიღოთ თუნდაც თითქმის გაწყვეტილი ურთიერთობები უცხოეთში აფხაზურ დიასპორებთან, მკვლელობები იმ გავლენიანი აფხაზებისა, რომელთაც საჭირო მომენტში ხალხი გაჰყვებოდა, თითქმის ყველა უწყებაში მაღალ თანამდებობებზე რუსული სპეცსამსახურების - ФСБ-სა და ГРУ-ს მოქმედი თანამშრომლების ჩანერგვა-დანიშნვა...

რუსი სამხედროებით უკვე მთელი აფხაზეთია გადაძეძგვილი. ერთი სოფლიდან მეორეში რომ გადადიხართ, აუცილებლად გაგაჩერებთ რუსი სამხედრო საბუთების შესამოწმებლად. ტელეფონები ისმინება, ნებისმიერი შეხვედრა ან თუნდაც სტუმრად მისვლა თვალთვალს ექვემდებარება. ერთი სიტყვით, რესპუბლიკაში უკვე რამდენიმე წელია, ხორციელდება ტოტალური კონტროლი მათ მიმართ, ვინც რუსეთის გეგმების რეალიზებისთვის პრობლემად შეიძლება, იქცეს.

სულ ახლახანს აფხაზური საზოგადოება ააფეთქა ინფორმაციამ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის სრულფასოვანი ბაზის დაგეგმილი მშენებლობის შესახებ. და რაა ამაში განსაკუთრებული? - შეიძლება, იკითხოს ვინმემ. საქმე იმაშია, რომ აფხაზეთი ისედაც გადაძეძგვილია ათასგვარი დანიშნულების სამხედრო ბაზებით. ამას ემატება ის ჩაკეტილი, საიმედოდ დაცული, მილიტარიზებული რუსული დასახლებებიც, რომლებიც აფხაზეთის განაპირა სოფლებში წლებია, „რელიგიური თემების“ საფარქვეშ მოქმედებენ. მათი საუკეთესოდ გაწვრთილი ბინადარი „ბერები“ რუსეთს უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რატომღაც არ ეხმარებიან და ადგილზე რჩებიან. როგორც ჩანს, ასეთი ამოცანა დაუსახეს, განსაკუთრებული განკარგულების მიღებამდე აქედან ფეხი არ გაადგან. საინტერესოა, რა მიზნით ინახავს რუსული სახელმწიფო ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ამ ადგილებში თავის შეიარაღებულ „სპეცებს“? - როგორც ჩანს, იმ შემთხვევისთვის, თუ აფხაზები ხმას აიმაღლებენ და წინააღმდეგობის გაწევას გადაწყვეტენ.

"რაღაც დიდი უბედურების მოახლოების შეგრძნება მაქვს. აფხაზეთი იმდენი საუკუნის განმავლობაში უძლებდა დამპყრობლების შემოტევებს, რეალური მტერი კი ვერ ამოვიცანით. ის კი, „მეგობრის“ ნიღაბს ამოფარებული, ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევდა ყველაფერს - ენას, მიწას, ღირსებასა და სახელმწიფოს. 30 წლის წინ ომი თითქოს მოვიგეთ, მაგრამ რეალურად, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება, წავაგეთ. სული მივყიდეთ რუს სატანას, რომელიც ეს-ესაა მოგვიღებს ბოლოს" - წუხს ჩვენი რესპონდენტი ბატალი.

ჩვენი კიდევ ერთი თანამოსაუბრის - ალექსეის აზრით, აფხაზეთი დაღუპვის პირასაა. "როგორც არ უნდა ვეცადოთ საჯაროდ რუსეთისა და რუსსკი მირის მხარდაჭერას, ყველას გვესმის, რომ მათ მოგვატყუეს, გაგვაცურეს და ეს-ესაა წერტილს დაგვასვამენ. ყველაზე საწყენი ისაა, რომ საკუთარი ხელით ვაძლევთ სამშობლოს საჯიჯგნად რუსებს" - ამბობს ალექსეი.

"ერთი შეხედვით, აქ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის ყოფნა ცუდი არ უნდა იყოს. თუმცა არსებობს ერთი დიდი „მაგრამ“: ესოდენ მნიშვნელოვანი სამხედრო დანიშნულების სრულფასოვანი ბაზა შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას მოითხოვს, ეს კი ნიშნავს, რომ აფხაზეთში უკვე მყოფ ათასობით რუს სამხედროსა და მათი ოჯახების წევრებს კიდევ დაახლოებით 2 000 დაემატება. ამას ემატება რუსეთის მოქალაქეების გადმოსახლების უკვე მიმდინარე პროცესიც და ჯამში ეს ყველაფერი სრული ასიმილაციით დასრულდება, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით. იმედი მაქვს, ექსპერტები საკუთარ აზრს დააფიქსირებენ. ჩემი პირადი ხედვით კი, ამის დაშვება არ შეიძლება, მაგრამ თუ ბაზა მაინც ამოქმედდება, მაშინ გაიყვანოს რუსეთმა სხვა 4-5 თავისი სამხედრო ბაზა! წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთი ქვეყანა კი არა, რუსული პოლიგონი გახდება!“ - თვლის ჩვენი კიდევ ერთი თანამოსაუბრე სტანისლავი.

ვერ დავიჯერებ, რომ ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც აფხაზეთს სხვადასხვა დროს ედგნენ სათავეში, არ ესმოდათ და ვერ ხედავდნენ, სად მიიყვანდა ჩვენს რესპუბლიკას რუსთთან მეტისმეტად მჭიდო თანამშრომლობა. უბრალოდ მათ იმხანად, მაღალი ალბათობით, აფხაზეთის ბედზე მეტად პირადი ანგარიშები აღელვებდათ რომელიმე რუსულ ბანკში. ასე მოვედით დღემდე. და აი, არაოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, აფხაზეთში რუსებისა და სომხების რაოდენობა მრავალჯერ აჭარბებს ძირითადი ეთნოსის - აფხაზებისას. ხოლო თუ მათგან მხოლოდ იმათ დავითვლით, ვისაც ჯერ კიდევ შერჩა რუსული დათვის დამარცხებისა და მისი ხარბი თათებიდან აფხაზეთის დახსნის იმედი, ასეთი ალბათ, ორი ათასიც კი ვერ მოგროვდება.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებს და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

წყარო:https://accentnews.ge/

tbilisi
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way