USD 2.6085
EUR 3.0097
RUB 3.0940
თბილისი
ადვოკატი გიორგი ლომსიანიძე - შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გადაწყვეტილება უკვე არსებობდეს და ამის შესახებ არაფერი იცოდეთ
თარიღი:  194

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქე ზოგჯერ მხოლოდ მაშინ იგებს, როცა საბანკო ანგარიშიდან თანხა ჩამოეჭრება ან აღსრულება იწყება. შეიძლება თუ არა ასეთ შემთხვევაში უკვე კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და რა მნიშვნელობა აქვს სასამართლო შეტყობინების სწორად ჩაბარებას?

ამ საკითხებზე სააგენტო „თბილისი პოსტი“ ადვოკატ გიორგი ლომსიანიძეს ესაუბრა.

ადვოკატის პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც მისმა კლიენტმა მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის შემდეგ შეიტყო.

ამ დროისთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული და სააღსრულებო ფურცელიც გაცემული ჰქონდა.

საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა სასამართლო შეტყობინების წესს მიენიჭა.

სარჩელში მითითებული იყო მოპასუხის ორი მისამართი — ძირითადი და ალტერნატიული, საზღვარგარეთის მისამართი. მიუხედავად ამისა, სასამართლო გზავნილს მხოლოდ ძირითად მისამართზე აგზავნიდა. მოგვიანებით კი სარჩელი საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარებულად ჩაითვალა.

გიორგი ლომსიანიძის პოზიცია იყო, რომ საჯარო შეტყობინება სასამართლო დოკუმენტის ჩაბარების უკიდურესი საშუალებაა და მის გამოყენებამდე ყველა რეალური შესაძლებლობა უნდა იყოს ამოწურული, მათ შორის იმავე სარჩელში მითითებული ალტერნატიული მისამართიც.

სასამართლომ ეს პოზიცია გაიზიარა.

შედეგად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და საქმის წარმოება განახლდა.

„თბილისი პოსტი“ — რა არის დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

გიორგი ლომსიანიძე:
დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც მხარე სასამართლო პროცესში სათანადოდ არის მოწვეული, თუმცა პროცესში არ მონაწილეობს და კანონით გათვალისწინებული პირობები არსებობს გადაწყვეტილების მის გარეშე მისაღებად.

აქ მთავარი სიტყვაა — სათანადოდ მოწვეული.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი არსით არის შედეგი იმ მხარისთვის, რომელიც იცოდა პროცესის შესახებ, მაგრამ შესაბამისი საპროცესო მოქმედება არ განახორციელა.

ის არ უნდა იქცეს სანქციად იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც სასამართლო დავის არსებობის შესახებ რეალურად არც კი ეცნობა.

— შესაძლებელია, ადამიანმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საერთოდ არაფერი იცოდეს?

დიახ, პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები გვხვდება.

ადამიანმა შეიძლება გადაწყვეტილების არსებობა მხოლოდ მოგვიანებით გაიგოს — მაგალითად, საბანკო ანგარიშის დაყადაღების, თანხის ჩამოჭრის, ქონებაზე აღსრულების დაწყების ან აღმასრულებლის შეტყობინების მიღების შემდეგ.

მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოქალაქე გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა, ავტომატურად მის გაუქმებას არ ნიშნავს.

უნდა გაირკვეს, რატომ არ იცოდა და დაცული იყო თუ არა მისი სასამართლოში მოწვევის კანონით დადგენილი წესი.

— რას ნიშნავს „სათანადო შეტყობინება“?

სასამართლოს უნდა ჰქონდეს საფუძველი ჩათვალოს, რომ მხარის ინფორმირებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცედურები შესრულდა.

თუ საქმეში არსებობს რამდენიმე ცნობილი მისამართი ან სხვა რეალური საშუალება, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია პირისთვის გზავნილის ჩაბარება, საკითხი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

ჩვენს საქმეში სარჩელში პირდაპირ იყო მითითებული მეორე — ალტერნატიული საზღვარგარეთის მისამართი, თუმცა გზავნილის ჩაბარების მცდელობა ამ მისამართზე არ განხორციელებულა.

— და ამის შემდეგ სასამართლომ საჯარო შეტყობინება გამოიყენა?

დიახ.

სწორედ ეს გახდა სადავო საკითხი.

ჩვენი პოზიცია იყო, რომ საჯარო შეტყობინება არ უნდა გამოიყენებოდეს მანამდე, სანამ სასამართლოსთვის ცნობილი რეალური საკონტაქტო საშუალებები არ არის ამოწურული.

საჯარო შეტყობინება ჩაბარების უკიდურესი მექანიზმია.

თუ სასამართლოს ხელთ აქვს კონკრეტული ინფორმაცია სხვა მისამართის შესახებ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა — რატომ არ განხორციელდა იქ ჩაბარების მცდელობა?

— სასამართლომ ეს არგუმენტი გაიზიარა?

დიახ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

შედეგად, გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და საქმე თავიდან განსახილველად დაბრუნდა.

— როდის შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება?

არსებობს რამდენიმე სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმი და თითოეულს საკუთარი ვადა და წინაპირობა აქვს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანით, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა.

ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა თავიდანვე დაუშვებელია გარკვეულ შემთხვევებში — მათ შორის მაშინ, როდესაც მხარე კანონით დადგენილი წესით სათანადოდ მოწვეული არ ყოფილა.

უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემთხვევაშიც შეიძლება არსებობდეს მისი ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა, თუ დადგინდება, რომ მხარე პროცესში სათანადოდ არ ყოფილა მოწვეული.

ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვადა — შესაბამისი განცხადება, როგორც წესი, დაკავშირებულია იმ მომენტთან, როდესაც მხარემ გადაწყვეტილების შესახებ რეალურად შეიტყო.

— რა ვადებზე უნდა მიაქციოს მოქალაქემ ყურადღება?

აქ მთავარი პრობლემა სწორედ ვადებია.

საპროცესო ვადები ხშირად ძალიან მოკლეა.

მაგალითად:

  • დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება — 10 დღე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან;
  • კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და წარმოების განახლების საკითხის შემთხვევაში — შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მიხედვით შეიძლება მოქმედებდეს ერთი თვის ვადა იმ დღიდან, როდესაც მხარემ გადაწყვეტილების არსებობის შესახებ შეიტყო.

ამიტომ თუ ადამიანმა უცებ აღმოაჩინა, რომ მის ანგარიშზე ყადაღაა, თანხა ჩამოეჭრა ან მის წინააღმდეგ აღსრულება დაიწყო, დროის დაკარგვა განსაკუთრებით სახიფათოა.

რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს წინააღმდეგ გადაწყვეტილების შესახებ გვიან გაიგეთ

პირველი ნაბიჯი არის სასამართლო საქმის მასალების მოძიება და გაცნობა.

უნდა დადგინდეს:

  1. რომელი სასამართლო განიხილავდა საქმეს;
  2. რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
  3. როდის შევიდა ის კანონიერ ძალაში;
  4. რომელ მისამართებზე იგზავნებოდა სასამართლო გზავნილები;
  5. რის საფუძველზე ჩაითვალა მხარე მოწვეულად;
  6. გამოყენებული იყო თუ არა საჯარო შეტყობინება;
  7. როდის შეიტყო პირმა რეალურად გადაწყვეტილების არსებობის შესახებ.

ეს გარემოებები განსაზღვრავს, არსებობს თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრების, ბათილად ცნობის ან საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი შესაძლებლობა.

მთავარი პრინციპი

დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს კანონით გათვალისწინებული საპროცესო შედეგი იმ მხარისთვის, რომელიც სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო პროცესის შესახებ, თუმცა მასში მონაწილეობა არ მიიღო.

მაგრამ სრულიად სხვა შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სასამართლო პროცესის შესახებ საერთოდ არ ყოფილა ინფორმირებული.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს შედეგი პასიური მხარისთვის — მაგრამ არა იმისთვის, ვისაც პროცესის შესახებ სათანადოდ არც კი შეატყობინეს.

და კიდევ ერთი პრაქტიკული წესი:

თუ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შესახებ გვიან გაიგეთ, პირველ რიგში უნდა შეამოწმოთ არა მხოლოდ ის, რა გადაწყვიტა სასამართლომ, არამედ — როგორ და რა წესით შეგატყობინეს საქმის შესახებ.

თუ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდით :

 +995 577 57 87 17 — WhatsApp, Viber, Signal
 lomsianidze@yahoo.com
ადვოკატი გიორგი ლომსიანიძე
მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის