USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
ადვოკატი: ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას
Date:  489

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბიძინა ივანიშვილი vs Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილი vs Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების დარღვევა და მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან ხელოვნურიი დაბრკოლებები, რომ დროში გაჭიანურდეს მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულება.

საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი ფულადი სახსრებისა და აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების თაობაზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი არის, ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში.

Credit Suisse-ს აღნიშნული თანხებთან მიმართებით რაიმე ინტერესი ვეღარ ექნებოდა, რადგან თანხები, როგორც ითქვა, აღარ ირიცხებოდა Credit Suisse-ში, ის გადატანილი/განთავსებული იყო სხვა ბანკში. სხვა ბანკში გადატანილი აქტივების მმართველად კი დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე. ტრასტის ფუნქცია ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება რომ არის, დამატებით აღარ გავამახვილებთ ყურადღებას.

უნდა ითქვას, რომ ტრასტი თავის ვალდებულებებს მეტ-ნაკლები წარმატებით თავს ართმევდა 2022 წლის მარტამდე. შემდეგ ეტაპობრივად შეიცვალა ტრასტის დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით. ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას. აღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში: ტრასტმა, თავდაპირველად, თანხების გადმორიცხვის შეფერხების საფუძვლად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“. ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე. შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული. აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელეთა მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილების ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვის გზით. საქმის განხილვა დაინიშნა 2022 წლის სექტემბერში.

სხდომები გადაიდო არაერთხელ (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და 2023 წლის მარტი). საქმის არსებითი განხილვა დასრულდა 2023 წლის 20 მარტს. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ტრასტის ლიკვიდაცია ხდება მხარეთა შორის შეთანხმებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. გამონაკლისი კი არის მხოლოდ ორი შემთხვევა:

(1) როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა ტრასტის მართვის ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით ან/და

(2) როდესაც არის შეუთანხმებლობა ტრასტის ბენეფიციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან და აქტივების განაწილების წესთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა არც აზრთა სხვადასხვაობა ხარჯებთან მიმართებით (არსებობდა თანხმობა ტრასტის მიერ შემოთავაზებულ დაანგარიშების ფორმულასთან დაკავშირებით) და არც უთანხმოება ბენეფიციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან მიმართებით. პირიქით, არსებობდა ბენეფიციართა ერთობლივი სურვილიც და მოთხოვნაც. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ტრასტმა უარი განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაზე და მიუთითა, რომ ტრასტის ლიკვიდაციისთვის საჭირო იყო სასამართლოსთვის მიმართვა. როგორც წესი, ერთდღიან სასამართლო პროცესებს აქვს ადგილი, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა და შეიძლება ითქვას, რომ თავისი უსაფუძვლო და ხელოვნური სტრატეგიული ნაბიჯებით მიაღწია საქმის განხილვის გაჭიანურებას.

ჩვენი ადგილობრივი ადვოკატები (გენზის კუნძული) ფიქრობდნენ, რომ საქმის განხილვა ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასრულდებოდა ერთ დღეში, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა. შემდეგ ელოდებოდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა მოლოდინი ამ მიმართულებითაც გაუცრუვდათ. შეიძლება ითქვას, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ როგორც ხდებოდა ხელოვნურად საქმის განხილვის გაჭიანურება, ისე ხდება პროცედურების დაბრკოლება გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებითაც. ფაქტობრივად, გამოდის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღსდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას. და ბოლოს, გაცნობებთ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე საქმეებთან მიმართებით", - წერს ადვოკატი.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way