USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
Nadi Group-მა ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების წარმოება დაიწყო - „რესტორნებში უკვე შეგვაქვს“
თარიღი:  1545

წყარო:https://bm.ge/

თამთა ჯიჯავაძე

ლოკოკინების მწარმოებელმა Nadi Group-მა ნახევარფაბრიკატების წარმოება დაიწყო.

ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მერაბ ნადარაიამ bm.ge-ს განუცხადა. 2022 წელს Nadi Group-მა ნორვეგიულ კომპანია Arctic Finance-სთან ერთად, ახალი კომპანია Snail Catch შექმნა. ინვესტიციამ 1 700 000 ევრო შეადგინა. სწორედ აღნიშნულის შედეგად გახდა შესაძლებელი ლოკოკინის ნახევარფაბრიკატების წარმოების დაწყებაც.

„ნორვეგიული ინვესტიციით ლოკოკინების გადამმუშავებელი ქარხანა ავაშენეთ. შევიძინეთ ხელსაწყო დანადგარებიც. წინა თვეს ნახევარფაბრიკატი გამოვუშვით, ე.წ. ესკარგოს სახით, ვუშვებთ ხორცის ფილეს გაყინული სახით და ასევე ცალკე ნიჟარებს დეკორატიული მიზნებისთვის“, - განაცხადა მერაბ ნადარაიამ და დასძინა, რომ პროდუქტი უკვე შეაქვთ რესტორნებში და იგეგმება მათი სუპერმარკეტებში შეტანაც, - „ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარს ვითვისებთ, გვინდა, რომ მთლიანად მოვიცვათ იგი და პარალელურად, ექსპორტზეც გავიტანოთ“.

Nadi Group-ის დამფუძნებლის თქმით, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატები ჯერჯერობით საქართველოს ბაზრისა და ადგილობრივი მომხმარებლისთვის უცხოა. თუმცა კომპანია ცდილობს ამ პროდუქტის პოპულარიზაციას და იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში, მასზე მოთხოვნაც გაიზრდება.

„ეს შედეგს გამოიღებს და ხალხი ნელ-ნელა შეეჩვევა, რომ სასარგებლო პროდუქტი მეტი უნდა მიირთვან, თან გემრიელიცაა. სამწუხაროდ, ჯერ ჩვენთან ამის კულტურა არ არის, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება წარმადობას, მერაბ ნადარაია ამბობს, რომ წელიწადში საწარმოს 300 000-მდე ცალი ლოკოკინის ნახევარფაბრიკატის - ე.წ. ესკარგოს წარმოება შეუძლია. სწორედ ამ სამიზნე მაჩვენებლებზე გასვლაა კომპანიის უახლოესი გეგმაც.

„ესკარგო არის ნიჟარაში ლოკოკინის ხორცის შიგთავსი. ჩვენ ჩვენივე გამოზრდილ ლოკოკინას ვიყენებთ. ფერმაც გავაფართოვეთ. 6 ჰექტარი გვქონდა და დავუმატეთ 9 ჰექტარი ჯამში. ვთანამშრომლობთ 40 ფერმერთან, რომლებიც ჩვენი ტექნოლოგიებით მუშაობენ. ჩვენ ასევე ვატარებთ შეხვედრებს, ვახორციელებთ მათ მხარდაჭერას და მათგან ვიბარებთ ლოკოკინის ხორცსაც.

მიმდინარე სეზონზე ვფიქრობთ, რომ ქარხანაში ე.წ. ესკარგოს წარმოება გავზარდოთ და ასევე, ბუნებრივი ლოკოკინების გადამუშავებაც დავნერგოთ. ეს სხვა ტექნოლოგიაა და ბუნებრივი ლოკოკინების მომრავლება-გადამუშავებას გულისხმობს. ახლა ფერმერული ლოკოკინები გვყავს. ბუნებრივი ლოკოკინა კი არსებობს ბუნებაში, ტყეში, მინდვრებში. მოხდება მათი მოკრება და ჩაბარება“, - აღნიშნა მან.

ლოკოკინის საწარმოს დამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანიამ ამ ბიზნესში უკვე 2 მლნ ევრომდე ინვესტიცია განახორციელა, დაახლოებით 0,5 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს მომავალ წელსაც, რის შედეგადაც, მერაბ ნადარაიას თქმით, წარმოების სრულ ციკლზე გასვლა იქნება შესაძლებელი. 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის