USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ადგილწარმოშობის დასახელება „ნაფარეული“ „საქპატენტშია“ რეგისტრირებული
Date:  291
ადგილწარმოშობის დასახელება „ნაფარეული“
XIX საუკუნის ბოლოს საქართველო ისევ ისეთ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იყო, როგორც სხვა წლებსა და საუკუნეებში. ისტორიული სირთულეები, გეოგრაფიული განლაგება, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარი, ჩრდილოეთის მეზობლობა და პატარა ქვეყნის ბედი - ეს მოცემულობა ჩანს და აისახება საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესზე, ყველა სფეროში. ქვეყნის განვითარების ყველა ნაბიჯი განპირობებულია იმით, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველო ამა თუ იმ დროს. იგივე მოხდა 1800-იანი წლების ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნის სტატუსი გვქონდა, მოსახლეობის შეძლებული და ინტელექტუალური ფენა მაინც ცდილობდა კავშირები გაება დასავლეთთან, ევროპულ ღირებულებებთან, გაეზიარებინა ქართული და ევროპული ტრადიცია ისე, რომ გამოჩენილიყო, რომ მენტალურად ჩვენც ევროპული ოჯახის წევრები ვართ. შესაბამისად, ღვინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებიც, როგორც ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ამ მცდელობების გამოძახილი იყო.
წინანდლის თავადი გარსევან ჭავჭავაძე ცდილობდა თავის მამულებში ევროპული მეთოდით დაეყენებინა ღვინო, იწვევდა ევროპელ სპეციალისტებს ღვინის მარნისა და წარმოების უკეთ გასამართად და გასაფართოებლად. გარსევანის შვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის შემთხვევაში ეს მოცემულობა შეიცვალა და 1885 წელს, რუსეთის სახელმწიფო სენატის გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძეების მამულებს უკვე კავკასიის სამეურნეო სამმართველო განაგებდა. ალექსანდრე პოეტი კაცი იყო, უყვარდა ვაზთან ურთიერთობა, მეურნეობაში პირადად იყო ჩართული, მამის დანატოვარ მამულებში დიდ დროს ატარებდა, ავრცელებდა ვაზის ახალ ჯიშებს, ყველა მსურველს უზიარებდა ცოდნას, ასწავლიდა სავენახე მიწების დამუშავებასა და ვენახის მოვლა-პატრონობას. თუმცა, რუსეთის გადაწყვეტილებით, მიწების შესყიდვის შემდეგ, ნაფარეულის ღვინოსთან დაკავშირებით ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების უფლება მთლიანად ჩამოერთვა და გადაწყდა, რომ ღვინის დაყენების ტექნოლოგია იქნებოდა ისეთი, როგორსაც მთავრობა მიიჩნევდა საჭიროდ. სოფელ ნაფარეულში აშენდა ღვინის სარდაფი და 1890 წელს საფერავის ჯიშის ყურძნიდან დამზადდა წითელი მშრალი ღვინო „ნაფარეული“. სულ მალე, ორ წელიწადში მას მოჰყვა თეთრი ღვინო რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. ღვინო „ნაფარეულის“ დაბადების თარიღადაც სწორედ 1890-1892 წლებია მიჩნეული.
ღვინის წარმოებამ დიდ წარმატებას მიაღწია. ღვინო „ნაფარეული“ გაიცნო და შეიყვარა ხალხმა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ „ნაფარეულის“ ღვინის ქარხანა მთლიანად გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში.
საბჭოთა პერიოდის შუა ხანაში, როდესაც „სამტრესტი“ მართავდა ქვეყანაში ღვინის წარმოებას, „ნაფარეულის“ ღვინომ საერთაშორისო კონკურსებზე არაერთხელ გაიმარჯვა. თეთრმა ღვინომ მოიპოვა 8 მედალი, მათ შორის, 1 ოქრო, 6 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, ხოლო წითელმა ღვინომ - 6 ოქრო და 2 ვერცხლი.
ამჟამად, ადგილწარმოშობის დასახელებით „ნაფარეული“ იწარმოება როგორც თეთრი, ისე წითელი მშრალი ღვინო. თეთრს აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა, ასევე უზადო, ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი, დახვეწილი გემო და გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი მინდვრის ყვავილების ტონებით. დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. მისი ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.
წითელი „ნაფარეული“ მუქი წითელი ფერის ღვინოა. აქვს უზადო, გემოზე სავსე, ვაჟკაცური, ექსტრაქტული, ხავერდოვანი და ჰარმონიული გემო გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით. დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. წითელი ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/-ლ-ს.
ნაფარეული, სანიორე, ჯუღაანი, ართანა, ფშაველი და ლალისყური ნაფარეულის მიკროზონის სოფლებია, გამორჩეული კლიმატით, რასაც, ძირითადად, რელიეფი და ჩრდილოეთის მხრიდან კავკასიონის ქედი, სამხრეთის მხრიდან კი მდინარე ალაზნის პირველი ტერასა განაპირობებს. მთისა და ალაზნის ტერასის შეერთება იწვევს სუსტად დაქანებულ შლეიფებს და გავაკებულ ადგილებს სუსტ დახრილობას ანიჭებს. ამიტომ აქ გაშენებული ვენახები მდებარეობითაც და კლიმატურადაც განსაკუთრებულია ვაზის მოსაყვანად.
„ნაფარეული“ წითელი მზადდება ამ მიკროზონაში მოწეული საფერავის და/ან საფერავი ბუდეშურისებურის ჯიშიდან, „ნაფარეული“ თეთრი კი მზადდება რქაწითლის ჯიშის ყურძნიდან. შესაძლებელია მას დაემატოს ამავე მიკროზონიდან მოყვანილი კახური მწვანეც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შერეული ჯიშის ყურძნის რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 15%-ს.
ორივე შემთხვევაში, წითელი და თეთრი ღვინო მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან. კრეფის დროს ყურძნის შაქრიანობა უნდა იყოს არანაკლებ 19%.
ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ნაფარეული“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way