თამამად ვაღიარებ: ფსიქოთერაპია “შემეყარა”. მთავარი კითხვა, რომელსაც სტუდენტებთან მუშაობისას ან საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას ვსვამ, ასეთია: რამდენად თანდაყოლილია ფსიქიკური პროცესები ან რამდენად გვზღუდავს ბავშვობაში ათვისებული პატერნები? რამდენად ვართ თავისუფლები არჩევანში, გრძნობებში, მოქმედებებში? თუ ყველაფერი თანდაყოლილი ან ბავშვობაში განსაზღვრულია?
პატერნებზე საუბრისას აუცილებლად მივადგებით სხვადასხვა ფსიქოლოგის მიერ ჩამოყალიბებულ ტიპოლოგიებს – მახასიათებლების ერთობლიობას, რომელიც განსაზღვრავს, როგორ იღებს ადამიანი ინფორმაციას, როგორ იქცევა სტრესულ ვითარებაში, როგორ ამყარებს სოციალურ კავშირებს, როგორ მუშაობს, როგორ ისვენებს, როგორ ფიქრობს თუ როგორ გრძნობს.
ჩემთვის ყველაზე ახლობელი და საინტერესო კარლ იუნგის ოცწლიანი დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებული ტიპოლოგიაა.
იუნგის ტიპოლოგია
ტიპოლოგიებით კარლ იუნგის დაინტერესება ფროიდისა და ადლერის თეორიების გაერთიანების სურვილს მოჰყვა (რაც გადაუჭრელი ამოცანა აღმოჩნდა). იუნგის აზრით, ფსიქონალიზის მამების სწავლებათა სხვადასხვაობას თეორიული და შინაარსობრივი საწყისები კი არა, მათი ავტორების პიროვნული, ტიპოლოგიური განსხვავებები განაპირობებდა. იუნგს მიაჩნდა, რომ ფროიდის თეორია ექსტრავერტული იყო, ხოლო ადლერისა – ინტროვერტული.
იუნგის აზრით, პიროვნების დომინანტური, წამყვანი ფუნქცია ცნობიერის ფარგლებშია მოქცეული, ხოლო არადომინანტური – უფრო მეტად არაცნობიერში. იუნგის ტიპოლოგია ადამიანისთვის იარლიყის მიკერებას და მისი პროცესების გამარტივებას არ ემსახურება, ის უფრო შინაგანი პროცესების კლასიფიკაციასა და მოვლენების ახსნას ისახავს მიზნად, ჩემთვის კი დამატებითი ხელსაწყოა, რომლითაც საკუთარ თავს შევიცნობთ. იმედი მაქვს, თქვენც ამავე პრინციპით იხელმძღვანელებთ.
იუნგის ტიპოლოგია, რომელიც რვა ტიპს მოიცავს, შემდეგ პრინციპებზეა აგებული:
. პიროვნული განწყობა: ექსტრავერსია და ინტროვერსია
. ოთხი ფუნქცია: აზროვნება და გრძნობა, შეგრძნება და ინტუიცია
იმავდროულად, ეს ფუნქციები შეიძლება იყოს რაციონალური (განსჯა) და არარაციონალური (აღქმა). აზროვნება და გრძნობა განსჯის სფეროა, ხოლო შეგრძნება და ინტუიცია – აღქმის.
იუნგის მიხედვით, შეუძლებელია, პიროვნული განწყობა იზოლაციაში გამომჟღავნდეს, ის ყოველთვის ოთხ ფუნქციასთანაა მიბმული. შედეგად ვიღებთ რვა ვარიაციას:
1. ექსტრავერტი`აზროვნება
2. ინტროვერტი`აზროვნება
3. ექსტრავერტი`გრძნობა
4. ინტროვერტი`გრძნობა
5. ექსტრავერტი`ინტუიცია
6. ინტროვერტი`ინტუიცია
7. ექსტრავერტი`შეგრძნება
8. ინტროვერტი`შეგრძნება
ოთხივე ფუნქცია – აზროვნება, გრძნობა, ინტუიცია და შეგრძნება – სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვაგვარად გამოიყენება, თუმცა, იუნგის მიხედვით, ნებისმიერი ჩვენგანი უფრო ერთი მათგანისკენ იხრება, რაც წარმოადგენს კიდეც ჩვენს დომინანტურ ფუნქციას, ხოლო ის, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ვიყენებთ, არაცნობიერია.
ყველაზე ნაკლებად გაცნობიერებული ფუნქციის გამოყენება, წესისამებრ, გვიჭირს, თუმცა ფსიქოთერაპიისა და თვითკვლევს მიზანიც ეს არის: არაცნობიერი პროცესების გაცნობიერება და ჩაბეჭდილი პატერნებისა თუ ტიპოლოგიების დარღვევა. იუნგის შემდგომ შემოღებულმა კვლევის მეთოდებმა გამოავლინა, რომ ადამიანების უმეტესობა სპექტრის შუაში მდებარეობს და რომ მკვეთრად გამოკვეთილი ტიპი უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. ტიპოლოგია ერთგვარი რუკაა, მაგრამ არა რეალური. ის რეალობის წარმოსახვითი გამოსახულებაა. ადამიანის ფსიქიკის შეცნობა ტიპოლოგიაზე დაყრდნობით შეუძლებელია.
რას ნიშნავს თითოეული ტიპი?
ექსტრავერსია – ინტროვერსია
ექსტრავერტები გარეთ მიმართული ადამიანები ვართ. ფიქრს ნაკლებ დროს ვუთმობთ, უფრო მეტად მოქმედებაზე ვართ ორიენტირებულნი. გვიყვარს სოციალური ინტერაქცია, ენერგიის მოზღავავებას სხვებთან ურთიერთობისას განვიცდით.
ინტროვერტები შინაგანისკენ არიან მიმართულები. ისინი მეტ დროს უთმობენ ფიქრს, უყვართ ღრმა, მნიშვნელოვანი სოციალური კონტაქტები და მარტო ყოფნისას ისვენებენ.
აზროვნება – გრძნობა
ეს ფუნქცია გადაწყვეტილებების მიღებას ეხება. ადამიანები, რომელთა წამყვანი ფუნქცია აზროვნებაა, მეტ ყურადღებას აქცევენ ფაქტებს, ობიექტურ მონაცემებს, გადაწყვეტილების მიღებისას თანმიმდევრულები და ლოგიკურები არიან და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ პიროვნულ ფაქტორებს.
გრძნობებზე ორიენტირებული ტიპის ადამიანები გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანურ და ემოციურ ფაქტორებს ეყრდნობიან. მაგალითად, მე ახლა ბავშვისთვის სკოლას ვარჩევ და სკოლების შეფასებისას ვითვალისწინებ როგორც აკადემიურ, ისე ემოციურ გარემოსაც, რომელიც ბავშვს იქ დახვდება.
შეგრძნებები – ინტუიცია
ეს ალბათ ყველაზე დამაბნეველი ტიპია, რადგან სიტყვა "ინტუიცია" არამეცნიერულად ჟღერს. თუმცა წამყვანი აქ ის მნიშვნელობაა, რომელიც მას იუნგმა მიანიჭა.
ეს ფუნქცია აღწერს, როგორ ვიღებთ ინფორმაციას სამყაროს შესახებ, რას ვეყრდნობით, როდესაც ვსწავლობთ და შევიმეცნებთ. ადამიანები, რომელთა წამყვანი ფუნქცია შეგრძნებებია, უფრო ადვილად ვითვისებთ იმ ინფორმაციას, რომელიც შეგრძნებების მეშვეობით გვეძლევა. ჩვენ მოგვწონს კეთებით და გამოცდილებით სწავლა, ყურადღებას ვაქცევთ დეტალებს.
ადამიანები, რომელთა წამყვანი ფუნქცია ინტუიციაა, მეტ ყურადღებას აქცევენ პატერნებს, შთაბეჭდილებებს. მათ მოსწონთ მომავალზე ფიქრი, შესაძლებლობების წარმოდგენა, აბსტრაგირება, თეორიული მსჯელობა, სამყაროში ნიშნების ძიება.
განსჯა – აღქმა
ეს ასპექტი განსაზღვრავს, როგორ ვუმკლავდებით გარე სამყაროს. განსჯითი ტიპები მყარი სტურუქტურის, გააზრებული გადაწყვეტილებების მომხრეები არიან, აღქმითი ტიპები კი – ქაოსური, დრეკადი, ადაპტირებადი პიროვნებები.
იცვლება თუ არა ტიპი სიცოცხლის განმავლობაში?
იუნგის მიხედვით – არა, თუმცა რეალობა, რა თქმა უნდა, უფრო რთულია.
უპირველეს ყოვლისა, როგორც უკვე ვთქვი, მკვეთრად გამოხატული ტიპი უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. შესაბამისად, იმ ადამიანების გადაწყვეტილებები, ქცევა, ემოციური გამოხატულება, რომლებიც სკალის შუაში მდებარეობენ, იმ სიტუაციაზეა დამოკიდებული, რომელიც მათ წინაში აქ და ახლა იშლება.
ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოცდილებასაც, რომელიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა და თან ვატარებთ. მაგალითად, საკუთარ თავს ვატყობ, რომ, მიუხედავად ჩემი ინტუიციური ტიპისა, უფრო და უფრო მიზიდავს წინასწარმეტყველებადი, დალაგებული, სტრუქტურირებული გარემო, რომ თავს დაცულად ვგრძობ იმ სიტუაციებში, სადაც ნათელი და გასაგები წესებია. ეს, ერთი მხრივ, პიროვნულმა გამოცდილებამ, მეორე მხრივ კი გარემოს ცვლილებებმა მოიტანა. პანდემიის ფონზე ბევრმა შენიშნა, რომ გაუგებარი და ბუნდოვანი აშინებთ, რადგან მომავალი თითქმის არაპროგნოზირებადი გახდა.
გარდა ამისა, რაც გეშტალტთერაპიაში მოვედი, ვცდილობ, შეგრძნებებს უფრო ვენდო, ვიდრე ჩემს თავში არსებულ სამყაროს, დავაკვირდე სხეულიდან წამოსულ სიგნალებს, მივხდე, რა მჭირდება კომფორტისთვის. ადრე კი მეოცნებე, თეორიებისა და დისკუსიების მოყვარული ვიყავი.
ამავე დროს, ექსტრავერსია-ინტროვერსიის სკალაზე გამოკვეთილად ექსტრავერტი ვარ, რაც, ერთი მხრივ, ძალიან მეხმარება, მეორე მხრივ კი წლების განმავლობაში არ იცვლება და ჩემგან გაცნობიერებულ მართვას მოითხოვს.
საინტერესოა, რამდენად გამოკვეთილად ვართ თითოეულ ამ ფუნქციაში ან რამდენად დომინანტურია თითოეული მათგანი, შეგვიძლია სპექტრზე თავისუფლად მოძრაობა თუ მყარად ვდგავართ ერთ პოზიციაზე.
რაში გვეხმარება ტიპოლოგიის ცოდნა?
იუნგის ტიპოლოგია საკმაოდ კარგად განსაზღვრავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის შემეცნება, დასწავლის სტილი, გადაწყვეტილების მიღების პატერნი, გუნდში მუშაობის უნარი, წინამძღოლობისადმი მიდრეკილება და ა.შ. სწორედ ამ ტიპოლოგიაზე დაყრდნობით შეიქმნა რამდენიმე საკვლევი ტესტი, მაგალითად, მაიერს-ბრიგსის, რომელსაც აქტიურად იყენებენ პროფესიის არჩევისას, ასევე – HR სფეროში პერსონალის განვითარების მიზნით.
ჩვენი ძლიერი მხარეების შეცნობა საყრდენების ძიებაში გვეხმარება, ხოლო სხვების განსხვავებულობის აღიარება – მათ მიღებაში. თუ ვიცით, რომ ჩვენი ძლიერი მხარე ადამიანებთან კომუნიკაციაა, იმისთვის, რომ ცხოვრების მაღალი ხარისხი გვქონდეს, სასურველია, ისეთ საქმიანობას მოვკიდოთ ხელი, რომელიც ხალხთან ურთიერთობას გულისხმობს. თუ, პირიქით, ბევრ ხალხთან კონტაქტი გვღლის და გვფიტავს, ჯობია მეტი დრო დავუთმოთ დამოუკიდებლად მუშაობას.
არც ერთი ტიპოლოგია არ არის სხვაზე აღმატებული და ნებისმიერ კოლექტივში, თემსა თუ საზოგადოებაში ყველას თავისი როლი აქვს. ჩვენი კულტურა ხშირად ცალმხრივად აქეზებს სხვადასხვა უნარს. მაგალითად, დაწყებით კლასებში სწავლების უახლესი მეთოდები კეთებით სწავლებაზეა ორიენტირებული, უმაღლეს სასწავლებლებში თვითპრეზენტაციასა და გუნდურ მუშაობაზე სვამენ აქცენტს და ასე ხდება ზოგიერთი უნარის მეტად განვითარება, ზოგიერთისა კი ნაკლებად. რასაკვირველია, განათლების სისტემამ უნდა უპასუხოს დასაქმების ბაზარს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ინკლუზიურ საზოგადოებაში ყველა ტიპის ადამიანი ერთნაირად მნიშვნელოვანია, რადგან ყველას სხვადასხვა ძლიერი მხარე აქვს და ამიტომაც არის საზოგადოება მრავალფეროვანი და საინტერესო.
დაბოლოს, ადამიანები მხოლოდ პატერნები არ ვართ, გადაწყვეტილებებს სიტუაციის შესაბამისად ვიღებთ, პიროვნული ზრდის ფარგლებში ჩვენი დომინანტური ფუნქციის იქითაც ვდგამთ ნაბიჯებს და ე.წ. კომფორტის ზონას ვარღვევთ.
რუბრიკას უძღვება ლიკა ბარაბაძე