საჭიროება რომ არა, ალბათ, ნანა საჯაროდ არც გამოჩნდებოდა – ჩრდილში ყოფნა მისთვის სიმშვიდესთან ასოცირდება და ამ იდილიის დარღვევა არ სურს. არადა, მისი, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ამბავი, შესაძლოა, ბევრისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდეს.
ნანა მეოთხე-მეხუთე კლასში იქნებოდა, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო და მის ოჯახს გალიდან თბილისში მოუწია გადაბარგება. ძველი, ლაღი ცხოვრებიდან ნანას მოგონებების გარდა, არაფერი დარჩა.
წერა კარგად ეხერხებოდა და ჟურნალისტობას აპირებდა. ვერასდროს წარმოედგინა, ერთ დღესაც, ექიმი თუ გახდებოდა. თანაც, თეთრხალათიანების ბავშვობიდან ეშინოდა, განსაკუთრებით, სტომატოლოგების.
14 წლის ასაკში კი მას ყველაფერი თავდაყირა დაუდგა – ნანას ახალგაზრდა მამა მოულოდნელად გულის შეტევით გარდაეცვალა. მოსმენილი ფრაზა, რომ ერთი აბი ნიტროგლიცერინითაც, ალბათ, შეიძლებოდა სიცოცხლის გადარჩენა, არ ასვენებდა. მაშინ ნანას საოცრად მოუნდა ექიმობა – სწორი დიაგნოზის დასმა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ასობით ახლობლის წინაშე მამას შეპირდა, რომ აუცილებლად ექიმი გახდებოდა.
უცნაური ნათქვამია, მაგრამ ამ ტრაგედიამ მას საკუთარი თავი აპოვნინა – დიდი შრომის ფასად, მამისთვის მიცემული პირობა აასრულა და ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჰოსპიტალის კარდიოლოგი გახდა. დღემდე თვლის, რომ ეს შედეგი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რომლის მიღებაც მამისგან შეეძლო. თავის მიღწევებს სასწაულს არ მიაწერს, არამედ – ხანგრძლივ და თავდაუზოგავ შრომას დასახული მიზნისთვის.
როგორ დაიწყო თქვენი სამედიცინო კარიერა და რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ საწყის ეტაპზე?
ექიმობა ძალიან მინდოდა, მაგრამ ოჯახი მეწინააღმდეგებოდა. სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველთვის ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა და მასში მოხვედრა, ხშირად, დიდ თანხებსა და გავლენიან ნაცნობობასთან ასოცირდებოდა. ჩვენ ეკონომიურად ძალიან გვიჭირდა და არც საჭირო კონტაქტები გვყავდა. მაშინ ჩემნაირი ადამიანებისთვის სამედიცინოზე მოხვედრა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, დედაჩემმა ყველა ღონე იხმარა, რათა სამედიცინოზე ჩაბარება გადამეფიქრებინა – არ უნდოდა, იმედები გამცრუებოდა და გული მტკენოდა. მე და დედა შევთანხმდით, თუ პირველ წელს ვერ ჩავაბარებდი, მაშინ სხვა პროფესიას ავირჩევდი.
ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება – უმაღლესი ქულებით ჩავირიცხე. მაშინ დავრწმუნდი, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ, თუ გაცილებით მეტად იშრომებ და დაიხარჯები, ვიდრე ეს საჭიროდ შეიძლება მიგაჩნდეს.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მოსკოვში გაემგზავრეთ. რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს დატოვება?
სწავლა რომ დავასრულე, გადავწყვიტე, თანამედროვე კარდიოლოგიას დავუფლებოდი. სამწუხაროდ, მაშინ საქართველოში ამის ასპარეზი არ იყო და ამიტომ ქვეყნის დატოვება მომიწია. დასავლეთში ვერ ვისწავლიდი – არც ინგლისური ვიცოდი და არც ამის ფინანსური სახსრები მქონდა. მოსკოვში გამგზავრება უფრო გამიმარტივდა და იქ ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში, მიმიღეს რეზიდენტურაში. იქვე ასპირანტურაში დარჩენის შემოთავაზებაც მივიღე. სწავლის საფასური მომიხსნეს და ასპირანტურის პირველივე წელს თანამშრომლადაც ამიყვანეს. ასე შემოვრჩი ამ კლინიკაში და ნაყოფიერი ცხრა წელიწადი გავატარე.
როგორ მოხვდით ამერიკაში, როგორ გარისკეთ აწყობილი კარიერის მიტოვება და ამერიკაში ყველაფრის ახლიდან დაწყება?
დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში, შემთხვევით ჩემს მომავალ მეუღლეს შევხვდი. ისიც აფხაზეთიდან დევნილია და ნიუ-იორკში ცხოვრობდა. შეუღლება რომ გადავწყვიტეთ, დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდით. არ ვიცოდით, სად გვეცხოვრა, მოსკოვში თუ – ნიუ-იორკში. ბოლოს მაინც ნიუ-იორკზე შევჯერდით – ჩვენს მომავალს, ალბათ, სწორედ ამერიკაში შევუქმნიდით საუკეთესო საფუძველს.
გავაცნობიერე, რომ ამერიკაში ნულიდან ვიწყებდი. სამედიცინო ლიცენზიის მოსაპოვებლად, გამოცდები უნდა ჩამებარებინა, შემდეგ კი ახლიდან გამევლო რეზიდენტურა. ერთი შეხედვით, ეს ამოცანა ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. მაგრამ ბარიერების გადალახვა ჩემი სტიქია აღმოჩნდა.
რა ეტაპები გაიარეთ ამერიკაში დასამკვიდრებლად?
ორსულობისას ინგლისური ვისწავლე. შემდეგ კი, ჩემი ოჯახის დიდი ხელშეწყობით, წელიწადნახევარი გამოცდებისთვის ვემზადებოდი და საბოლოოდ, სამედიცინო ლიცენზიაც ავიღე. რეზიდენტობამდე ერთი ეტაპი მაშორებდა – აუცილებელი იყო სამ სხვადასხვა ექიმთან პრაქტიკის გავლა და ამერიკული კლინიკური გამოცდილების მიღება. ამიტომაც ჩემი აპლიკაციის სხვადასხვა ჰოსპიტალში დაგზავნა დავიწყე.
ერთ-ერთი მაუნთ საინაი იყო – ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟული კლინიკა. მაუნთ საინაიდან ნახევარ საათში გამომეხმაურნენ და მეორე დღესვე ინტერვიუზე დამიბარეს. ეს ჩემთვის პირველი ამერიკული ინტერვიუ იყო და ძალიან ვღელავდი – არ ვიცოდი, რა ტიპის შეკითხვები უნდა დაესვათ. საბედნიეროდ, ინტერნეტში “ფორბსის” სტატიას გადავაწყდი, რომელმაც კარგად დამაკვალიანა და ამიხსნა, თუ რა ხდება ინტერვიუების დროს და რა მოლოდინი აქვთ პოტენციურ დამსაქმებლებს.
მეორე დღეს მაუნთ საინაში, ნახევარ-ნახევარ საათიანი ინტერვიუ გავიარე ექვს ადამიანთან. სიმართლე გითხრათ, “ფორბსის” დღესაც მადლიერი ვარ – ზუსტად ისე ჩაიარეს გასაუბრებებმა, როგორც იმ სტატიაში იყო აღწერილი. ჩემი ნაცნობების რეკომენდაცია არ გავითვალისწინე და არ დავმალე, რომ ორი შვილის დედა ვიყავი. თუმცა გამიმართლა და ეს ინფორმაცია ჩემდა სასიკეთოდ მიიღეს. გარდა ამისა, მოიხიბლნენ ჩემი გადაწყვეტილებით – უკვე აწყობილი კარიერა განვითარების ახალი შესაძლებლობების ძიებით ჩამენაცვლებინა. თავიდან ჯაშუშიც კი გვეგონეო, მეხუმრებოდნენ.
ნამდვილად არ მეგონა, თუ მიმიღებდნენ, ამიტომ ჩემს თავს ვეუბნებოდი, უარი არ უნდა გეწყინოს-მეთქი. თუმცა ძალიან მალე დამირეკა პროგრამის დირექტორმა და მამცნო, რომ მაუნთ საინაში პრაქტიკანტად კი არა, პოსტ-სადოქტორო მკვლევარად დამამტკიცეს. ამ მხრივ, ნამდვილი ამერიკული ისტორია მაქვს. ზუსტად ორ დღეში გამაფორმეს. მართლა ვერ ვიჯერებდი ამ წარმატებას, მაგრამ გამარჯვებების კასკადი თურმე ჯერ კიდევ წინ მელოდა.
მაუნთ საინაში ჩემი ერთ-ერთი პროექტი ძალიან მოეწონათ და შემომთავაზეს, პოსტ-სადოქტორო კვლევის პარალელურად, მაუნთ საინას მაგისტრიც გავმხდარიყავი. სწავლის ღირებულება სრულად დამიფინანსეს და ორი წლის თავზე, პოსტ-სადოქტორო კვლევაც დავასრულე და მაგისტრატურაც. თან, ჩემმა სამაგისტრო ნაშრომმა წლის საუკეთესო თეზისის ჯილდოც მოიპოვა.
შემდეგ მოვხვდი რეზიდენტურაში, მაიმონიდის ჰოსპიტალში. რეზიდენტურის დამთავრებას კოვიდი დაემთხვა – ყველაზე მარტივი მესამე წელი ნამდვილად ყველაზე მძიმე, მაგრამ ამავდროულად პროფესიულად საინტერესო გამოდგა.
ზაფხულში, რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, კარდიოლოგიას დავუბრუნდი იმავე ჰოსპიტალში – არაამერიკელი ქალისთვის ამერიკაში კარდიოლოგად მუშაობის დაწყება საკმაოდ რთულია. სამწუხაროდ, მამაკაცს ყოველთვის შენზე მეტი „ქულა“ აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცია.
რამდენად რთული იყო და არის თქვენთვის კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლა?
ვითარების სიმძიმის მიუხედავად, ჩემი თვალები ნიღაბში და სათვალეებში სულ იცინიან. ოთხმოცდაათიანების უბედურებებმა ყინვაგამძლე ჯიშებად გვაქციეს ქართველები. ისეთ მძიმე სიტუაციასთან გასამკლავებლად, როგორიც პანდემიაა, საკმაოდ მომზადებული აღმოვჩნდი.
მართალია ჩვენს პროფესიაში სიკვდილი არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა და ექიმებმა ემოციების მოთოკვა ვისწავლეთ, თუმცა პანდემია ამ მხრივაც განსხვავებული შემთხვევა აღმოჩნდა. საწყის ეტაპზე ამოუცნობმა და არაპროგნოზირებადმა გარემომ ბევრ ექიმს წონასწორობა დააკარგვინა. ნაწილს ფსიქიატრის კონსულტაცია დასჭირდა, ნაწილმა კი სამსახურიც დატოვა.
იყო დრო, სახლში საერთოდ არ ვლაპარაკობდი. ხშირად ცრემლებამდეც მივდიოდი. აქტიური ვარჯიშითა და სამედიცინო ლიტერატურის გაცნობით ვებრძოდი სტრესს.
რამდენადაც ვიცი, თავადაც დაინფიცირდით ვირუსით. როგორ დაამარცხეთ კოვიდ-ინფექცია?
ახლახან დავინფიცირდი კორონავირუსით და საკმაოდ მძიმედ გადავიტანე ინფექცია. ფილტვების დიდი ნაწილი დამიზიანდა და სუსტად ვგრძნობდი თავს. ჩემმა კოლეგებმა ჰოსპიტალიზაცია შემომთავაზეს, თუმცა გამოკვლევები რომ გავიკეთე, სახლში მკურნალობა გადავწყვიტე. საქმე ისაა, რომ არ მაქვს თანმხლები დაავადებები და ჯანმრთელი ვარ. იგივე მოცემულობით, ჩემს ნებისმიერ პაციენტს სახლში გავუშვებდი.
სახლში ზუსტად ისე ვიმკურნალე, როგორც ჩემს გზამკვლევშია გაწერილი. სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას, ყოველთვის კვლევებს ვეყრდნობი. ამ შემთხვევაში, კვლევითი მონაცემები აშკარად მეუბნებოდნენ, რომ არც ერთი ძლიერი პრეპარატი არ მესაჭიროებოდა. სახლში მკურნალობით დავამარცხე ვირუსი.
გაქვთ თუ არა რაიმე საიდუმლო, რაც წარმატების მიღწევაში გეხმარებათ?
ჩემი ერთ-ერთი საიდუმლო ჩემზე ჭკვიან ადამიანებთან კონტაქტია. ვფიქრობ, პროფესიული თუ პიროვნული თვითგანვითარებისთვის კოლეგებთან და სხვა საინტერესო ადამიანებთან აზრთა მიმოცვლაა საჭირო. მართალია ამერიკაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, მაგრამ მე არავის მეტოქე არ ვარ. ჩემთვის ერთადერთი ორიენტირი საკუთარი თავია.
ვფიქრობ, რომ წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი შრომაა. ჩემს თავს საშუალო შესაძლებლობების მქონე, მაგრამ უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანად მივიჩნევ. ეს არის ის, რამაც აქამდე მომიყვანა. ყოველთვის თანაბრად ვარ მზად გამარჯვებისთვისაც და დამარცხებისთვისაც. მწამს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. იმისიც ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საშუალო შესაძლებლობების ადამიანს შეუძლია მწვერვალების დაპყრობა. ჩემს შვილებსაც ამას ვასწავლი – შეუძლებელს შეძლებთ დიდი სურვილისა და მონდომების ხარჯზე.
ახლახან ნანა ვენეციაში კარდიოლოგების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა. გალში, მეოთხე კლასელი ნანასთვის ვინმეს რომ ეწინასწარმეტყველებინა ეს მოვლენა, ვერაფრით დაიჯერებდა. ნანამ სირთულეები შესაძლებლობად გადააქცია და ერთგვარ წარმატების თილისმადაც მონათლა. ამგვარად, ყველაზე დაუჯერებელი ამბავიც კი, სინამდვილედ აქცია.
ავტორი: სოფო ქევხიშვილი
წყარო: https://www.forbeswoman.ge/
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.
მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.
რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.
მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.
უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.
მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).
სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.
მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?
როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.
2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).
იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.
ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.
რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.
ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.
ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.