USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა
თარიღი:  460

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ლ.ლ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა ტაილანდის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს, 1985 წელს დაბადებულ ტ.ჯ.-ს და 1984 წელს დაბადებულ პ.ს.-ს, რომლებიც აღნიშნული მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ. ლ.ლ.-მ ისინი მოტყუებით წაიყვანა ქალაქ ზესტაფონში, თავის დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა. პოლიციამ, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ. ლ. ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ ჩამორთმეული პასპორტები, იძულებითი სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული თანხა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი)“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის