USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Tbilisi
აჭარის პოლიციის დანაყოფებს 32 ახალი ჰიბრიდული ავტომობილი გადაეცა
Date:  758

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის პოლიციის დანაყოფებს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ძრავის 32 ავტომობილი შეემატა. მათგან 25 ავტომობილი საპატრულო პოლიციისთვისაა განკუთვნილი.

შსს-ს ინფორმაციით, ავტოპარკის განახლების შედეგად, ბათუმსა და ქობულეთში საპატრულო პოლიციის მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილები იმოძრავებენ. ახალი, ჰიბრიდულძრავიანი 7 მანქანა ასევე გადაეცა კრიმინალური პოლიციის დანაყოფებს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, მოადგილეები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს ახალი მანქანების გადაცემა მიულოცა, რის შემდეგაც ავტომობილების ტექნიკურ მონაცემებს და შესაძლებლობებს ბათუმის ქუჩებში, რეალურ პრაქტიკულ პირობებში შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად გაეცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაესაუბრა, რა დროსაც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.

მისი განცხადებით, ახალი საპოლიციო ტრანსპორტით არის ეკონომიური, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, კერძოდ, საწვავისა და სერვისის ხარჯი, ამავდროულად, ახალ ავტომობილებს მინიმალური გამონაბოლქვი აქვს და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია.

პოლიციის ახალი ავტომანქანები აჭარის რეგიონისთვის სპეციალურად ტურისტული ზონის საჭიროებებისა და პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ჰიბრიდული ავტომობილები აჭარის საკურორტო ქალაქებში: ბათუმსა და ქობულეთში საპოლიციო საქმიანობის უფრო ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს. აჭარის შავი ზღვისპირეთის ქალაქები - ბათუმი და ქობულეთი იქნება პირველი დასახლებები საქართველოში, სადაც ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტი სრულად ჩაანაცვლებს საპატრულო პოლიციის მხოლოდ საწვავზე მომუშავე მანქანებს.

აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის განახლების მიმდინარე პროექტში - ახალი ავტომობილებიდან არც ერთი არ არის განკუთვნილი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი პირებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აახლებს თავის ავტოპარკს. გასულ წელს, პოლიციის დანაყოფების ავტოპარკი 700-მდე ავტომობილით განახლდა. აჭარის შემდეგ, ახალი, ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების გადაცემა რუსთავის პოლიციის თანამშრომლებისთვისაც იგეგმება.

tbilisi
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way