"ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ მფლობელი კომპანია PACE GEORGIA-ს დირექტორი ირაკლი თათეიშვილი ამბობს, რომ ახალი ნავმისადგომის მშენებლობა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება. ამის შესახებ მან BMG-ის განუცხადა.
ამ პროექტის შესახებ ჯერ კიდევ შარშან "საქმიან დილაში" PACE ჯგუფში შემავალი კომპანია "ტრანსფორდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა ისაუბრა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი ცნობილი გახდა, რომ „ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს“ სახელმწიფოსგან, აღნაგობის უფლებით, სიმბოლურ ფასად, 5 000 კვ.მ-ის ზღვის ფსკერის ტერიტორია გადაეცემა.
"მათ სჭირდებათ ზღვის გარკვეული ნაწილის გამოყენება. აქედან გამომდინარე, სიმბოლურ ფასად, აღნაგობის უფლებით ვაძლევთ ზღვაზე ამ ტერიტორიის გამოყენების უფლებას; ესაა 5 000 კვ/მ, რომ მოხდეს ბურჯების დამაგრება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ.
თავის მხრივ, როგორც ირაკლი თათეიშვილი განმარტავს, მიწა, რომელიც ზღვის ფსკერს მოიცავს, ახალი ნავმისადგომისთვის ხიმინჯების მოსაწყობად იქნება გამოყენებული.
მისივე თქმით, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 36 მლნ დოლარამდეა.
„ნავმისადგომის მშენებლობას ვაპირებთ. ახალი ნავმისადგომი დამატებით 1 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურება. აღნაგობით გადმოგვეცემა ზღვის ფსკერი, სადაც უნდა მოეწყოს ხიმინჯები ახალი ნავმისადგომისთვის. ჯამური ინვესტიცია 36 მილიონ დოლარამდეა, პროექტის განხორციელებას ორი წელი დასჭირდება. პარტნიორი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაა (DFC), რომლის თანამონაწილეობა 25 მილიონი დოლარია. პროცესი დაწყებული გვაქვს, დოკუმენტაციას ვამზადებთ. უშუალოდ ნავმისადგომის მშენებლობის პროცესი, ვფიქრობ, სექტემბერში ან ოქტომბერში დაიწყება“, - უთხრა BMG-ის ირაკლი თათეიშვილმა.
ინფორმაციისთვის: "Pace ჯგუფს" ნავმისადგომები ფოთის პორტის ძირითადი ოპერატორისგან, APM Terminals-ისგან გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებით აქვს აღებული. ჯგუფის 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის აქტივები 282 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის ძირითადი პარტნიორები არიან: ირაკლი კერვალიშვილი (38%); ლაურა ლარიონი (38%); თეიმურაზ კერვალიშვილი (10%) და ირაკლი თათეიშვილი (10%),
წყარო: https://bm.ge
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.