USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული სივრცის მოწყობის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს - კახა კალაძე
Date:  403

 კახა კალაძის განცხადებით, კრწანისის რაიონში, აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული სივრცის მოწყობის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის განვითარების ფონდი შეისწავლის აღნიშნული მონაკვეთის განვითარების კონცეფციას, რომელიც გეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს მოიცავს.

„არაერთხელ გვისაუბრია კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე, აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. გვინდა, სადაც ახლა მანქანები გადაადგილდებიან, აღნიშნული მონაკვეთი გვირაბის სახით, ქვემოთ ჩავიტანოთ, ზემოთ კი, სადაც საავტომობილო გზაა, მოვაწყოთ რეკრეაციული სივრცე. როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ტერიტორიაზე არსებულ ხეებთან დაკავშირებით. ეს არის გზაგამყოფი ზოლი, სადაც უზარმაზარი ხეები დგას, რაც ძალიან ლამაზია. ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, საჭიროებს დამატებით კვლევებს, რომ ეს ხეები შევინარჩუნოთ. თბილისის განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, შეისწავლის აბანოთუბნიდან ბაგრატიონის ძეგლამდე არსებული მონაკვეთის რეკრეაციული ფუნქციით განვითარების კონცეფციას, რომელიც მოიცავს გეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს. ასევე, მიმდინარეობს გარემოს შესწავლა შემოთავაზებული პროექტის მინიმალური ჩარევით განხორციელებისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კვლევების შედეგად დადგინდება, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რამდენად შესაძლებელი იქნება აღნიშნული იდეის განხორციელება.

„კვლევაში ჩართული არიან ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სპეციალისტები, დენდროლოგი, ინჟინერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. მინდა, აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის. ეს ძალიან მასშტაბური პროექტია. კვლევების შედეგად, გაკეთდება სრული ანალიზი, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი არსებული ხეების შენარჩუნება და პროექტის ისე განხორციელება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way