USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«Sabah» (თურქეთი): „მწარე სიმართლე“ // „ყოველი ომის ბედი უმეტესად განისაზღვრება არა ტექნიკური ძლიერებით, არამედ ადამიანური ძალითა და ნებისყოფით“
Date:  318

თურქული გაზეთი „საბაჰი“ (Sabah) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მწარე სიმართლე“ (ავტორი - ბერჯან თუთარი, პოლიტიკური მიმომხილველი), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის შეფასება და მისი პერსპექტივაა გადმოცემული. მასალაში ხაზგასმულია, რომ უკრაინა დასავლეთის სამხედრო დახმარების იმედზეა, მაგრამ, როგორც უახლესი სამხედრო ისტორია მოწმობს,  მოწინააღმდეგის დამარცხებას ყოველთვის ტექნიკა არ წყვეტს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში საქმე ისე არ მიდის, როგორც ამერიკას და მის მოკავშირეებთ სურთ. ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთები, ალბათ, შეეცდებიან არ შეიმჩნიონ დასავლეთის რთული მდგომარეობა, თვალი დახუჭონ არსებულ პრობლემებზე და შეიძლება აქეთ შემოგვედავონ - რუსეთი უფრო მეტად არის ჩაფლული საფლობშიო. მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთმა თავისი უკვე მიიღო, თუმცა დიდი ენერგიის დაძაბვით. როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა დენიელ დევისმა აღნიშნა, „უკრაინას რუსეთზე გამარჯვების რეალური გზა არ აქვს“. ეს შეფასება მოწმობს, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთს ვერ დაამარცხებს.

დასავლეთი - ევროპა, ნატო და აშშ - ხედავენ რა სიტუაციის სერიოზულობას, უკვე ახლავე გამოხატავენ შეშფოთებას უკრაინის იმ ტერიტორიის დაცვის მიმართ, რომელსაც ჯერ კიდევ კიევი აკონტროლებს. კოლექტიური დასავლეთი ცდილობს თავიდან აიცილოს უკრაინის მიწების პერსპექტიული დაკარგვა, ამიტომაც ოკეანის გადაღმიდან და გადმოღმიდან ვლადიმერ ზელენსკის ყველა ეუბნება, რომ დაზავებისათვის და მშვიდობისაკენ მიმავალი გზა შედარებით მცირე ტერიტორიულ დათმობებზე გადის. კიევისათვის ჰორიზონტზე სხვა ვარიანტი არ არის, გარდა იმისა, რომ კონფლიქტის შესაცერებლად მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა, რომელიც მიმართული რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - ყირიმისა და დონბასის - გასათავისუფლებლად, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩაშლილია. სამთვიანმა უშედეგო სისხლისმღვრელმა ბრძოლებმა აჩვენა, უკრაინისთვის გამარჯვების გზა არ არსებობს. ბრძოლის გაგრძელებით კიევი საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს აყენებს, დანაკარგები ძალიან დიდია. ამ მწარე სიმართლის ინორირება კიევისა და ვაშინგტონის მიერ კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს უკრაინელი ხალხის ტანჯვას და უკრაინა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს.

ვიღაც-ვიღაცეებს დღემდე სჯერათ და იმედი აქვთ, რომ უკრაინას ახალი დასავლური იარაღი და „ფალკონები“ (F-16-ები) გადაარჩენს. გასულ კვირას აშშ-მა განაცხადა, რომ კიევს დამატებით 24 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს და დაეთანხმა დანიისა და ნიდერლანდების თხოვნას ამერიკული წარმოების „ფალკონების“ უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე, თუმცა არა ერთბაშად, არამედ დროში გაჭიანურებით.

სწორედ ამით გამოიხატება უკრაინის ნამდვილი დამარცხება, რომელიც უცხოურ იარაღს და ფულს ეფუძნება. ასეთი მიდგომა არაადქვატურ სტრატეგიულ ხედვას ნიშნავს. იმიტომ, რომ ყოველი შეიარაღებული კონფლიქტისა და ომის ბედი განისაზღვრება არა ტექნიკური ძლიერებით, არამედ ადამიანური ძალითა და ნებისყოფით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რომ ასე არ იყოს,  საბოლოო ჯამში არ დამარცხდებოდნენ ამერიკელები ერაყში და ავღანეთში - იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონს კოლოსალური სამხედრო უპირატესობა აქვს ქაბულთან და ბაღდადთან შედარებით.

ამ კონტექსტში უკრაინის ყველაზე დიდ ნაკლოვანებას ადამიანური რესურსების უკმარისობა წარმოადგენს. აშშ-ის სამხედრო დაზვერვის მონაცემების მიხედვით, კიევმა 2022 წლის თებერვლიდან უკვე თითქმის 130 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო სამი თვის დაწყებული კონტრშეტევის დროს დანაკარგებმა თავიანთ აპოგეას მიაღწიეს. ამ დროის განმავლობაში განადგურდა ის ქვედანაყოფებიც, რომლებიც ნატოს მიერ იქნა მომზადებული.

რასაკვირველია, დასავლეთში მომზადებული სამხედრო მოსამსახურეების ჩანაცვლება ძალიან რთულია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ უკრაინელ ჯარში გასაწვევი ასაკის მამაკაცებს ომში წასვლა არ სურთ და ქვეყნიდან გასაქცევად ყველა გზებს იყენებენ. ამრიგად, წელიწადნახევრის ინტენსიური ბრძოლები და ის, რომ უკრაინის ფართოდ გაპიარებულმა ბოლო კონტრშეტევამ ვერ მიაღწია შუალედური მიზნების შესრულებასაც კი, იმას გვაჩვენებს, რომ არმიის სამომავლო შეტევის პოტენციალი ძლიერ შემცირდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის საიმედო სამხედრო ძალის აღსადგენად მთელი თაობა იქნება საჭირო, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობიანობის დროს და შესაბამისი ლოჯისტიკური მხარდაჭერით. აი, სწორედ ამიტომ ისეთი სტრატეგია, რომელიც უცხოეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული და რომელსაც დასავლეთი სთავაზობს კიევს, წინასწარ უკვე გულისხმობს უკრაინის არმიის განადგურებას და ქვეყნის ტერიტორიის შემცირებას. ასეთი სტრატეგია აჩვენებს, რომ ფრონტზე სამხედრო კონფლიქტის მოგება შეუძლებელია. რჩება მხოლოდ ერთი გზა: მოლაპარაკების დაუყონებლივი დაწყება თურქეთის შუამავლობით.

ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ დიპლომატიური მეთოდების უარყოფა და ომის გაგრძელება უკრაინის ტრაგედიას კიდევ უფრო გააღრმავებს. ირაციონალური რეცეპტები, რომლებსაც კიევს ამერიკა სთავაზობს და თავს ახვევს, უკრაინამ გვერდზე უნდა გადადოს. იმიტომ, რომ ყოველი ასეთი რეცეპტი ხელს უწყობს მეტ უბედურებას, მეტ მსხვერპლს და მეტი უკრაინელი მამაკაცების სიკვდილს, ასევე მეტი ტერიტორიის გადასვლას რუსეთის კონტროლის ქვეშ.

წყარო: https://www.sabah.com.tr/yazarlar/bercan-tutar/2023/08/20/aci-gercek

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way