USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
«Sabah» (თურქეთი): „ლაშქრობანი მოსკოვზე და მსოფლიო წესრიგი“
Date:  577

შვედეთის მეფის კარლ XII-ისა და საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ I-ის რუსული ლაშქრობების შედეგები დასავლეთის იმის გაკვეთილია, რომ მისი მიზნები ჩასაფუშად არის განწირული. ამასობაში კი ინგლისელები სიტუაციას აკვირდებიან, ხელებს სიამოვნებისაგან იფშვნეტენ და ელოდებიან მომენტს მსოფლიოს ხელახლა დასანაწილებლად მათთვის სასურველი და მოსახერხებელი ფორმით. არაფერი არ შეცვლილა - წარსული ჩვენს გვერდითაა“, - ნათქვამია თურქულ გაზეთ „საბაჰში“ (Sabah) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ლაშქრობანი მოსკოვზე და მსოფლიო წესრიგი“ (ავტორი - ჰაშმეთ ბაბაოღლუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

ყურადსაღები და ჭკუის სასწავლი ისტორიები: როცა ნაპოლეონ I ბონაპარტი 1812 წლის ივნისში რუსეთში შეიჭრა, მას თან ჰქონდა წიგნი, რომელსაც იგი ყოველ მოსახერხებელ მომენტში გადაშლიდა  და გადახედავდა ხოლმე. ეს იყო წიგნი სახელწოდებით „კარლ XII-ის ისტორია“, რომელშიც ვოლტერის (ფრანსუა-მარი არუე) მიერ აღწერილი იყო შვედეთის მეფის კარლ XII-ის მოსკოვზე ლაშქრობა და მისი მარცხი - ნაპოლეონის დროიდან 100 წლის წინათ მომხდარი ამბავი.

მაგრამ იცით... როგორც კი ადამიანი აკვიატებულ მიზანზე და ოცნებაზე ჩაიციკლება, მას გონება ენისლება. მზერა სიამაყით დაუბნელდება ხოლმე და იგი ზედიზედ ყველაფერს ივიწყებს - ყველაფერს, რაც კი წაუკითხავს, გაუგია და უსწავლია.

ამბობენ, რომ ნაპოლეონს უთქვამს თავისი ადიუტანტისათვის: „ჩვენ არ გავიმეორებთ შვედეთის მეფის სულელურ მოქმედებებს“.

მაგრამ რად გინდა... თვითონ ბონაპარტმა ჩაიდინა დიდი სისულელე: სკოლის ყოველმა მოსწავლემ იცის ნაპოლეონის მოსკოვზე ლაშქრობის შედეგი.

*****

ისტორია გვაჩვენებს, რომ დასავლეთი ცდილობდა თავისი ყოველი კრიზისული პერიოდი მოსკოვზე ლაშქრობით გადაელახა. სწორედ ამიტომ იმ მოარულმა იდეამ, რომ უკრაინის შემდეგ პოლონეთის ჯერი დადგებაო, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ის, რაც „რეგიონულ კონფლიქტად“ გამოიყურება, სინამდვილეში დასავლეთის ავადმყოფობაა, რომელიც ყოველ 100 წელიწადში ერთხელ რეციდივის სახით მეორდება.

რუსეთი ყოველთვის კრახის წინაშე იდგა ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში ომის ბედს მაინც მოსკოვი წყვეტდა. უფრო მეტიც - მას მსოფლიო წესრიგის სისტემაში ცვლილებები მოსდევდა ხოლმე.

იბადება კითხვა: დღეს, როცა სამიზნე ვლადიმერ პუტინი ხდება, დასავლეთი ისევ ესწრაფვის თავისი ასეთი გათვლების რეალიზებას? დიახ, ეჭვიც არ შეგეპაროთ!

***

ეჰ, როგორი დარწმუნებული და თავდაჯერებული იყო ნაპოლეონი თავდაპირველად...

რუსეთის მუხლებზე დაჩოქების პერსპექტივა ევროპელ ლიდერებს ყოველთვის მაცდურად იზიდავდა.

მოსკოვზე სალაშქროდ ნაპოლეონმა იმ დროისთვის უპრეცედენტო და კონტინენტის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია შეკრიბა - 655 ათასი ჯარისკაცით - და 1812 წლის 24 ივნისს რუსეთის იმპერიის სასაზღვრო მდინარე ნემანი გადალახა. საფრანგეთის არმიას თან ახლდა 50 ათასი სამოქალაქო პირი, ქალების ჩათვლით, რომლებიც ჯარს ემსახურებოდნენ.

დასავლური ისტორიები, რომლებიც თაობებს გადაეცემა, ლიტერატურა, ფილმები - ყველაფერი იმას შთაგვაგონებს, რომ ნაპოლეონ ბონაპარტმა მარცხი „გენერალ მოროზის“ (ყინვის) გამო განიცადა. მაგრამ ეს ასე არ არის...

კი, ფრანგებმა ყინვიან ამინდში დაიწყეს უკანდახევა, მაგრამ ნაპოლეონის არმია ყველაზე მეტად  ზაფხულის პაპანაქებაში მომხდარი ბრძოლების შედეგად დაზარალდა: როცა ბონაპარტი 1812 წლის სექტემბრის დასაწყისში დაცარიელებულ მოსკოვში შევიდა, მისი არმიის მესამედზე მეტი უკვე განადგურებული იყო.

ეს გრძელი ისტორიაა.

მაგრამ ყურადღება! ინგლისელები თვალს ადევნებდნენ ნაპოლეონის მოსკოვურ ლაშქრობას, ხელებს სიამოვნებით იფშვნეტდნენ და 1813 წელს მსოფლიო ხელახლა გადანაწილდა.

„ომი და მშვიდობა... ყველაფერი დროულად ხდება. დიახ, ყველაფერი თავის დროზე მოდის მათთვის, ვისაც ლოდინი შეუძლია“ (ლევ ტოლსტოი. „ომი და მშვიდობა“).

წყარო: https://www.sabah.com.tr/yazarlar/babaoglu/2024/10/15/moskova-seferi-ve-dunyanin-duzeni

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way