USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«La Vanguardia» (ესპანეთი): ძლიერი ნატო რუსეთის შესაკავებლად
дата:  379

ესპანეთის გაზეთ „ლა ვანგუარდიაში“ (La Vanguardia) რუბრიკით „ევროპის პერსპექტივა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ძლიერი ნატო რუსეთის შესაკავებლად: ალიანსს 75 წელი ისე უსრულდება, რომ კრემლი თავის მოკავშირედ ვერ გადააქცია“ (ავტორი - ქსავიერ მასდე-საქსასი), რომელშიც გაანალიზებულია ნატო-რუსეთის ურთიერთობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ: როგორი იყო ბორის ელცინის მმართველობის დროს და როგორი გახდა ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ცივი ომის დასრულების გამო დაწყებული იდენტურობის კრიზისის შემდეგ ნატო თავის საწყის წერტილს დაუბრუნდა: რუსეთი არამარტო მის მთავარ მტრად განიხილება, არამედ მისი არსებობის მიზეზსაც წარმოადგენს.

მიმდინარე წლის ივლისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ვაშინგტონში საიუბილეო უმაღლესი დონის სამიტზე შეიკრიბებიან და ნატოს შექმნიდან 75 წლისთავს იზეიმებენ, რომელზეც ხაზი გაესმება სამხედრო ბლოკის ძლიერებას. მართლაცდა, ნატოში უფრო მეტი წევრია, ვიდრე ოდესმე - 32, ხოლო თავდაცვის სფეროში მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს უკვე ალიანსის წევრების უმრავლესობა ხარჯავს.

თუმცა ევროპას ზეიმის დრო არ აქვს. ნატოს ევროპელი წევრები ომის დაფდაფებს სცემენ და სამხედრო ბიუჯეტებს ზრდიან. ისინი აცნობიერებენ, რომ ორი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგანან, რომელთა თავიდან აცილება, დიდი ალბათობით, მათ არ შეუძლიათ. ეს საფრთხეებია: ვლადიმერ პუტინის ტერიტორიული ამბიციები და ევროპის დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ევროპას ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა  და გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ამას ოდესმე. უფრო მეტიც - ტრანსატლანტიკური ურთიერთობა შეიძლება შიგნიდან „აფეთქდეს“ რამდენიმე თვის შემდეგ, თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება.

1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი და მისი სატელიტების სამხედრო ბლოკი - ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა, მაშინაც კი არ იყო ასეთი გაურკვეველი პერსპექტივა, როგორიც დღეს არის. ცივი ომის დასრულებით თანამშრომლობისა და პროგრესის ახალი ეტაპი დაიწყო. აშშ დარწმუნებული იყო, რომ პრეზიდენტი ბორის ელცინი რუსეთს პროდასავლურ და ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნად გადაქცევდა. ევროპის უსაფრთხოება გარანტირებულად მოჩანდა.

ბორის ელცინმა თხოვნით მიმართა თავის ამერიკელ კოლეგას ბილ კლინტონს, რომ ნატო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისა და რიგი ექს-სოციალისტური ქვეყნების ხარჯზე არ გაფართოებულიყო. ბილ კლინტონი დათანხმდა: მას სურდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა აშშ-სათვის პრიორიტეტული ყოფილიყო.

მაგრამ ორმა ლიდერმა, რომლებსაც დიდი მორალურ-პოლიტიკური წონა ჰქონდათ - პოლონელმა ლეხ ვალენსამ და ჩეხმა ვაცლავ ჰაველმა - ბილ კლინტონს მიანიშნეს: მათ იმიტომ კი არ გაიმარჯვეს კომუნიზმზე, რომ „ნაცრისფერ ზონაში“ ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენილიყვნენ. ისინი შიშობდნენ, რომ რუსეთი, თუნდაც არასაბჭოური, ისევ „იმპერიული“ სახელმწიფო იქნებოდა, ანუ იმის მსგავსი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი მოგვიანებით შექმნის.

გარდა ამისა, ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში გაჩნდა იდეა, რომ ქვეყნებს, რომლებიც საბჭოთა უღლისაგან გათავისუფლდნენ და დემოკრატიულები გახდნენ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით, უფლება აქვთ თვითონვე განსაზღვრონ თავიანთი მომავალი - მიღებული იქნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრებად, თუ ისინი ამას მოისურვებენ. თუ ვაშინგტონი მათ სურვილს წინ აღუდგებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ საფუძველი ჩაეყრებოდა ევროპულ განხეთქილებას.

ამას ისიც დაემატა, რომ დემოკრატი ბილ კლინტონი, რომელსაც მეორე ვადით სურდა აშშ-ის პრეზიდენტად დარჩენილიყო, იძულებული გახდა ანგარიში გაეწია რესპუბლიკელების პოზიციისათვის, რომლებიც ნატოს გაფართოების მტკიცე მომხრეები იყვნენ. მოკლედ, ბილ კლინტონმა პოზიცია შეიცვალა და ნატოს გაფართოების კურსის მომხრე გახდა. იგი 1996 წელს მეორე ვადით აირჩიეს, 1997 წელს კი ნატომ, აშშ-ის ნებით, ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა; ერთი მხრივ, წევრებად მიიწვია პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი, ხოლო მეორე მხრივ, ხელი მოაწერა რუსეთთან ხელშეკრულებას თანამშრომლობისა და მშვიდობის განმტკიცების შესახებ. შეიქმნა ნატო-რუსეთის საბჭო („ალიანსი ალიანსის შიგნით“). რუს გენერლებს საშუალება მიეცათ ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში ყოფილიყვნენ და ყველა სამიტს დაწრებოდნენ. მოკლედ, მაქსიმალური გამჭვირვალობა მაქსიმალური ურთიერთნდობისათვის.

პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრები 1999 წელს გახდნენ, შემდეგ კი, 2004 წელს, ნატომ კარი გაუღო ბულგარეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს და სამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას - ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას (ლიეტუვას). იმ დროიდან, ანუ 25 წლის წინ მომხდარი მოვლენის შემდეგ, ჩამოთვლილი ქვეყნების 100-მილიონიანი მოსახლეობა ტკბებოდა ცხოვრების დონის ზრდით და სტაბილურობით, რომელიც წარმოუდგენელი იყო ბერლინის კედლის დანგრევამდე და საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა, რომლებიც კმაყოფილნი იყვნენ რუსეთთან ურთიერთობით, შეამცირეს თავდაცვის ხარჯები, რის შედეგადაც მკვეთრად იმატა საყოველთაო კეთილდღეობის დონემ. რუსეთთან „მშვიდობიანი დამოკიდებულებისა და თანამშრომლობის დივიდენდი“ ევროპისათვის ნაყოფიერი გამოდგა.

ბორის ელცინმა მიიღო ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. ვლადიმერ პუტინი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის პოსტი 2000 წელს დაიკავა, თავდაპირველად უმეტესად შიდა რუსული პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული (ძველი ოლიგარქების ახლით ჩანაცვლება, რეგიონული პოლიტიკა და ა.შ.), თუმცა საერთაშორისო სამიტებზეც ინიციატივას იჩენდა ხოლმე. შემდეგ კი თანდათან უკმაყოფილობის გამოხატვაც დაიწყო - სერბეთზე დასავლეთის ზეწოლისა და კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებით. როგორც იტყვიან, რუსეთის პრეზიდენტს „თვალი აეხილა“. მართალია, იგი ფორმალურად არ გამოსულა ნატოს 2004 წლის გაფართოების წინააღმდეგ, მაგრამ მომდევნო წელს ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნია. 2007 წელს კი რუსეთის პრეზიდენტი მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლის დროს 30 წუთის განმავლობაში აკრიტიკებდა ახალ მსოფლიო წესრიგს და მკაფიოდ მიანიშნა, რომ კრემლი დაინტერესებული არაა ისეთი „თავისუფალი მსოფლიოს“ არსებობით, რომელსაც ერთი სახელმწიფო აკონტროლებს. მან ერაყის ომის (2003 წ.) მაგალითი მოიყვანა, როგორც იმის დადასტურება, რომ აშშ არ იცავდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაფერი ერთი სახელმწიფოს სურვილითა და ინტერესებით არ უნდა ხდებოდეს.

იმავე 2007 წელს რუსეთი გავიდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებიდან, ხოლო 2008 წლის აგვისტოში საქართველოს რეგიონების - „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა [ნატოში საქართველოს სწრაფვის ხელის შეშლის მიზნით].

პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2009 წელს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას შეეცადა, მაგრამ იმ დროისათვის ვლადიმერ პუტინს უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რუსეთის გავლენა აღედგინა ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე, ანუ ფაქტიურად კონტროლი დაემყარებინა უკრაინაზე, ბალტიისპირა რესპუბლიკებზე და მოლდოვაზე. 2014 წელს  უკრაინის შემადგენლობაში არსებული ყირიმისა და დონბასის ოკუპაციამ მოსკოვის მიერ საფუძველი ჩაუყარა რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ჯერ-ჯერობით დასასრული არ უჩანს.

უკრაინა უკვე მრავალი წელია თხოვს ვაშინგტონს და ბრიუსელს, რომ მასაც მიეცეს საკუთარი ბედის არჩევის ისეთივე უფლება, როგორიც ცენტრალური ევროპის ქვეყნებს მიეცათ 1999 და 2004 წლებში. მართალია, 2007 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, ნატო გარკვეულწილად  დაეთანხმა უკრაინის თხოვნას და დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ უკრაინა [და საქართველო] ოდესმე ალიანსის წევრი გახდებაო, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ნატოს წევრების „დამაიმედებელი“ რიტორიკა ისმის, რითაც მათივე მოყოყმანე და არამდგრადი პოზიცია არის შენიღბული.

ვაშინგტონის ივლისის სამიტზე ალიანსი დაუბრუნდება უკრაინის საკითხის განხილვას, შესთავაზოს თუ არა კიევს ოფიციალური მიწვევა ალიანსში გაწევრიანებისათვის. შეთავაზებას მხარს უჭერენ საფრანგეთი, პოლონეთი და ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები. წინააღმდეგნი გამოდიან აშშ და გერმანია, რომლებიც ფრთხილობენ და არ სურთ რუსეთთან ნატოს პირდაპირი შეტაკება მოხდეს. 

დღევანდელი სიტუაცია გვაჩვენებს, რომ ამჟამად ევროპაში ომის გაფართოების რისკი ისეთი მაღალია, როგორც არასდროს 1945 წლიდან. ეს მოწმობს იმას, რომ დღეს ნატო იგივე საფრთხის წინაშე დგას, რის გამოც თავის დროზე ალიანსი შეიქმნა. აშკარაა, რომ პროგრესი და სტაბილურობა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რათა ევროპას თავიდან აეცილებინა ახალი შეტაკება ძველ დემონთან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.lavanguardia.com/internacional/20240401/9585175/mas-otan-frenar-rusia.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати