USD 2.7203
EUR 3.2029
RUB 3.4550
Tbilisi
9 დუელის ისტორია საქართველოში
Date:  4188

დუელები საქართველოში ნიკოლოზ ბარათაშვილით იწყება და კონსტანტინე გამსახურდიათი მთავრდება. მწერალი როსტომ ჩხეიძე, რომელმაც საქართველოში გამართული დუელების ისტორია შეისწავლა, გვიამბობს, თუ რატომ არ დამკვიდრდა ეს ტრადიცია საქართველოში, მაშინ როდესაც ევროპასა და რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

დუელისადმი არასერიოზულ მიდგომას შესაძლოა საფუძველი დაუდო პირველმა დუელმა, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილმა და ილია ორბელიანმა გამართეს და ძალიან კომიკურად დასრულდა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი და ილია ორბელიანი

ტატო ძალიან ენაკვიმატი იყო და ხშირად მასხრობდა, მათ შორის ბიძაზეც, ილია ორბელიანზე, რომელიც მისი ტოლი იყო. ერთხელაც ილიამ აღარ მოითმინა და ბარათაშვილი დუელში გამოიწვია. ტატომ სეკუნდანტებთან ერთად მორიგი მასხრობა მოიფიქრა: დამბაჩები ტყვიის გარეშე გაამზადეს და როდესაც ილიამ გაისროლა, ტატო, შეთანხმებისამებრ, წაიქცა.

თავზარდაცემული ილია, რომელმაც მხოლოდ ახლა გააანალიზა, რომ დისწული „მოკლა“, ბარათაშვილს მივარდა და სინჯვა დაუწყო.

„ქიშმიში მაქვს, ქიშმიში! ჯიბიდან არ ამომაცალო!“ - დაიძახა ამ დროს ბარათაშვილმა და ილია ორბელიანმაც სული მოითქვა.

წლების შემდეგ სწორედ ილია ორბელიანს მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილმა „მერანი“, როდესაც ის შამილის ტყვეობაში იმყოფებოდა.

ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე

როსტომ ჩხეიძის თქმით, ილია ჭავჭავაძე კარგად ისროდა და მის ანგარიშზე შვიდი დუელი მაინც არის. ჰქონდა სადუელო იარაღის კოლექციაც - მსგავსი შერკინებისთვის ორივე დუელანტს ერთნაირი დამბაჩა უნდა სჭეროდა.

ილია ჭავჭავაძის დუელებიდან ყველაზე საინტერესო ნიკო ნიკოლაძესთან დაპირისპირებაა. მეგობრები ბანკსა და ქართულ ენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ და საქმე შერკინებამდე მივიდა.

როდესაც ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, ნიკოლაძის სეკუნდანტი, რუსი პოეტი სიმბორსკი, ატირდა: ერთ-ერთი თქვენგანი დაიღუპება და ქვეყანას რაღა ეშველებაო. ამან ილიაც მოიყვანა გონზე და ნიკოც. იარაღი შეინახეს.

ექვთიმე თაყაიშვილი და თედო ჟორდანია

 იგივე ისტორია განმეორდა მაშინაც, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილმა თედო ჟორდანია გამოიწვია დუელში.

„ჟორდანია ამტკიცებდა, „მატიანე ქართლისა“ მე გადმოვწერე და ილიას დავუტოვე, მერე, როგორც ჩანს, ილიამ ექვთიმეს აჩვენა, მან კი თავისი სახელით გამოაქვეყნაო... გადაირია ექვთიმე“, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

საქმეში ილია ჭავჭავაძე ჩაერია: საქართველოს ისტორიაზე სულ ორი კაცი მუშაობთ და ერთ-ერთი რომ დაიღუპოს, მერე რას შვრებითო. საბოლოოდ, ილიას დაჟინებით, ჟორდანიამ ბოდიში მოიხადა.

დავით კლდიაშვილი და პალმი

პალმი გაზეთ „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ რედაქტორი იყო. გაზეთმა გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის პროცესი მასხარად აიგდო, რამაც დავით კლდიაშვილი მოთმინებიდან გამოიყვანა. მწერალი თავის მოგონებებში იხსენებს:

„ძლივს გავათავე წაკითხვა, მივვარდი გადამწერთა ოთახში ტელეფონს.

- ცენტრალური... „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ რედაქცია... რედაქტორი პალმი... პალმი ხართ?! რა სინდისმა მოგცათ ნება ისეთი უგვანო წერილი მოგეთავსებინათ გაზეთში, როგორიც არის დღეს გაბრიელ ეპისკოპოზის გასვენების შესახებ?! თქვენ არ იშლით კლოუნობას და გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ ჯამბაზობას, როგორც იყავით აქამდისინ! თქვენისთანა გათახსირებულ, ყოვლად გაფუჭებულ კაცს რა ხელი აქვს რედაქტორობასთან... თქვე სინდისგარეცხილო!“

კლდიაშვილმა პალმი დუელში გამოიწვია. გაზეთის რედაქტორი ძალიან შეშინდა და არათუ საბრძოლველად არ წასულა, დააბეზღა კიდეც კლდიაშვილი. დუელები კანონით აკრძალული იყო და მწერალი გადასახლების საშიშროების წინაშე დადგა.

„მაგრამ დავით კლდიაშვილი ძალიან უყვარდა ყველას. ძალიან კეთილშობილი იყო და ყველა გვერდში დაუდგა“, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

ასე დამთავრდა კლდიაშვილი-პალმის არშემდგარი დუელი. ისიც უნდა ითქვას, რომ უფრო ადრე პალმსა და ილია ჭავჭავაძესაც ჰქონდათ კონფლიქტი, მაგრამ როდესაც ილიამ თავისი კოლექციიდან იარაღის შერჩევა და სროლა შესთავაზა, პალმმა აქაც უკან დაიხია.

ნიკოლოზ ლორთქიფანიძე და ოფიცერი აკიმოვი

ნიკო ლორთქიფანიძე საზღვარგარეთ სწავლობდა. რუსმა ოფიცერმა ქართველები აგდებულად მოიხსენია, რის გამოც დუელში გამოწვევა მიიღო. როდესაც უნდა ესროლათ, სეკუნდანტებმა ნიკო გააფრთხილეს, გვერდულად დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ოფიცერი იარაღს კარგად ხმარობდა, ნიკომ მეტოქეს მაინც მკერდი მიუშვირა. ამ ჟესტმა აკიმოვზე ისე იმოქმედა, რომ განზრახ ააცილა. ამის შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძემ საერთოდ ჰაერში ისროლა.

„ბოდიშს ვიხდი, თქვენ სხვა ხალხი ყოფილხართო, თქვა აკიმოვმა და საპასუხოდ თავადაც ჰაერში დაცალა იარაღი “, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

ალექსანდრე გრიბოედოვი და ალექსანდრე იაკობოვიჩი

 გრიბოედოვი მონაწილეობდა ოთხმხრივ დუელში, რომელშიც, უშუალოდ დაპირისპირებული მხარეების გარდა, სეკუნდანტებიც უნდა შებრძოლებოდნენ ერთმანეთს. სეკუნდანტები გრიბოედოვი და ცნობილი დეკაბრისტი იაკობოვიჩი იყვნენ.

დუელის პირველი ნაწილი პეტერბურგში ჩატარდა, მეორე კი თბილისში, სადაც გრიბოედოვი და იაკობოვიჩი ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარნენ. გრიბოედოვს ტყვია მხარში მოხვდა. მოგვიანებით სწორედ ამ ჭრილობით ამოიცნეს მისი ნეშტი, როდესაც ფანატიკოსები თეირანში რუსეთის საელჩოს დაესხნენ თავს და ყველა ამოჟლიტეს.დადიანი და დუზ-ხოტიმირსკი

ანდრია დადიანი მოჭადრაკე იყო. ერთხელ მან და ჭადრაკის ოსტატმა ფიოდორ დუზ-ხოტიმირსკიმ მეგობრული პარტია ითამაშეს, რის შემდეგ ხოტიმირსკიმ ჭადრაკის ჩანაწერი დადიანის უკითხავად გამოაქვეყნა. ანდრიამ ის დუელში გამოიწვია. დამფრთხალმა დუზ-ხოტიმირსკიმ კოლეგას წერილი მისწერა და ბოდიში მოუხადა.

სერგეი ესენინი და რაულ გოგოხია

საქართველოში ყოფნის დროს ესენინმა პოეტი რაულ გოგოხია გაიცნო, რომლითაც ძალიან მოიხიბლადა ლექსების თარგმნას შეჰპირდა. მოგვიანებით ტიციანს ჰკითხა მის შესახებ. „ტიციანმა უთხრა, რაულ გოგოხია პოეტი საერთოდ არ არის, სპეკულიანტიაო“, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

საბოლოოდ, ესენინმა გოგოხია დუელში გამოიწვია. მაგრამ გოგოხიას სეკუნდანტმა რომ უთხრა, ეგ ისე ისვრის, გაფრენილ ჩიტს კლავსო, ძალიან შეეშინდა (ამ დროს გოგოხიამ სროლა არც იცოდა) და მეზობელ ჩეკისტთან გამოსამშვიდობებლად შევიდა.

საქმე იმით დამთავრდა, რომ ჩეკისტი გოგოხიას სეკუნდანტების დასაპატიმრებლად გამოენთო და, შესაბამისად, დუელიც არ შედგაკონსტანტინე გამსახურდია და იოსებ მჭედლიშვილი

1939 წელს „დიდოსტატის მარჯვენა“ გაგრძელებებით იბეჭდებოდა ჟურნალში „ჩვენი თაობა“, რომლის ტექნიკური რედაქტორიც იყო მწერალი იოსებ მჭედლიშვილი.

როსტომ ჩხეიძე: „იოსებ მჭედლიშვილი უსამართლოდ არის დავიწყებული - მწერალი, დრამატურგი და ვაჟკაცი კაცი იყო. 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის გამოსვლების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიამ, სანდრო აბაშელმა, პავლე ინგოროყვამ და ვახტანგ კოტეტიშვილმა გლოვის ნიშნად შავი ჩოხები რომ ჩაიცვეს... მანამდე ეს იოსებ მჭედლიშვილმა გააკეთა“.

როდესაც „დიდოსტატის მარჯვენა“ იბეჭდებოდა, იოსებ მჭედლიშვილმა ტექსტი გაასწორა: რა არის, ქართული არ იცის კონსტანტინემო. ეს ამბავი ავტორს მიუტანეს.

როსტომ ჩხეიძე: „მეორე დღეს მწერალთა სასახლეში ორივე შეიარაღებული მოვიდა. ნიკა აგიაშვილი მწერალთა კავშირის მაშინდელ თავმჯდომარესთან, ირაკლი აბაშიძესთან, ავარდა: ჩაერიეთ, ერთმანეთი არ დახოცონო. აბაშიძემ, მაგათი ფაფხური ოცი წელიწადია მესმის, მაგრამ დაჭრილი კაცი არ მინახავსო. მართლაც, გადაიხედეს ფანჯრიდან და სხედან ორივენი ბაღში და საუბრობენ“.

როგორც როსტომ ჩხეიძე ამბობს, სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას „დუელით“ დამთავრდა ნიკოლოზ ბარათაშვილით დაწყებული დუელების სერია საქართველოში.

 

ავტორი: თეა თოფურია

 
analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way