USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
8 ნოემბერი საქართველოს უგვირგვინო მეფის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა
Date:  477

ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს” — 1837 წლის 8 ნოემბერს ამ სიტყვების ავტორი, ილია ჭავჭავაძე დაიბადა. ეს სახელი, შესაძლოა, მთელს მსოფლიოში ყველასთვის ნაცნობი არ იყოს, მაგრამ იგი საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურას “უგვირგვინო მეფის” სახელით შემორჩა. მის ნააზრევზე, ინტელექტუალურ მემკვიდრეობასა და ქვეყნისთვის გაწეულ სამსახურზე მუდმივად მსჯელობენ და თანხმდებიან, რომ ილია იყო ტრანსფორმაციული ძალა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, მოვლენა, რომელმაც ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა მაშინ, როცა რუსული იმპერიის მარწუხები ასე ძლიერი იყო.

წმიდა ილია მართალი (ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე) 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძველი სტილით) დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. პირველდაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო: დედამ შეასწავლა წერა-კითხვა, ლოცვები, საღვთო ისტორია. რვა წლის ილია ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ სეფაშვილისათვის მიუბარებიათ. მასთან გატარებულმა სამმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა წმიდანის ცხოვრებაში. ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდგომ კი კეთილშობილთა გიმნაზიაში გააგრძელა. მშობლები მას ადრე გარდაეცვალა და დაობლებული ოჯახის მეურვეობა მამიდა მაკრინემ იტვირთა.

1857 წელს ილია პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ილია ძალიან ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ძველი ქართული წიგნებით იყო დაინტერესებული. აკადემიური მოსწრებაც მაღალი ჰქონდა, მაგრამ ილიას იურიდიული განათლების ოფიციალური მოწმობა არ აინტერესებდა. მან მეოთხე კურსიდან მიატოვა სწავლა და 1861 წელს ღრმად და მრავალმხრივ განსწავლული დაბრუნდა საქართველოში.

“რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?.. შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და ამ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო?” – ეკითხებოდა ოცდაოთხი წლის ყმაწვილი საკუთარ თავს. ამის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, რომ მას საქართველოსთვის არ ეფიქრა. საჭირო იყო ერის გამოღვიძება, მართალი სიტყვის თქმა… ილიაც არ ერიდებოდა მწარე მხილებას.

ილიას მიაჩნდა, რომ “როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა”, რომელსაც “აღარ ახსოვს ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისე არად სახსენებელი  არ არის იგი, რომელსაც… თავისი ისტორია არ ახსოვს”, ამიტომაც ახსენებდა თანამემამულეებს წარსულ დიდებას, ქართველთა თავდადებას რწმენისა და მამულის დასაცავად: “რა არ გარდაგვხედია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით, აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გევუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავინ შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას?… დრო-ჟამი ამას გვიქადის” (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”)…

ეროვნული ინტერესები აიძულებდა ილიას, ისტორიკოსის ფუნქციები ეკისრა: მატიანეებს უღრმავდებოდა, იძიებდა, იკვლევდა და საქართველოს ღირსების შემლახველებს, ისტორიის ფალსიფიკატორებს ღირსეულ პასუხს სცემდა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი წერილების ციკლი “აი, ისტორია” და “ქვათა ღაღადი”. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიმდინარე ცხოვრების ამსახველ :შინაურ მიმოხილვებსაც” – “ივერიის” საპროგრამო წერილებს, რომელთაც ილია მიზნად უსახავდა „ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენას, ფეხზედ დაყენებას და დაცვას ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან”.

დიდი ქართველი მოღვაწე ხშირად იმეორებდა: “რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო”. იგი ზრუნავდა ენის სიწმინდისათვის, იბრძოდა მისი უფლებების დასაცავად სკოლებში. 1881 წელს, როცა კავკასიის სასწავლო ოლქის უმაღლესმა ხელისუფლებამ გადაწყვიტეს ქართული ენის გაძევება სკოლებიდან, მან სტატიაში “ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო” დაასაბუთა, რომ “უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია, მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის… გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა”… ამ გმოსვლამ შედეგიც გამოიღო. ის მინიმალური უფლებები, რომლებიც ქართულ ენას შეუნარჩუნდა სკოლებში, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ილიას ბრძოლის შედეგი იყო.

ილიამ ჩაუდგა სული ბევრ ეროვნულ საქმესაც: მან დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ძველ ქართულ ხელნაწერთა და სიძველეთა საცავი, საფუძველი დაუდო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვებას. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებისა.

ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა: “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?” მას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ: 1905 წლის ოქტომბერში დასწრებია წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრების, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტონომიის საკითხს მიეძღვნა, მეთაურობდა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელმაც კავკასიის მეფისნაცვალს მიმართა თხოვნით, მხარი დაეჭირა ქართველთა ბრძოლისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად.

ილიას მოღვაწეობა იმდენად აღიზიანებდა და აშინებდა ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნულობის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი სატანური მოძღვრების გზააბნეულ მიმდევრებს, რომ ილიას ფიზიკურად მოსპობა განიზრახეს…

1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი იმყოფებოდნენ, წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა დიდებული გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: “შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!” – დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული.

მთელი საქართველო დასტიროდა წმიდა ილიას ცხედარს.

კავკასიის სამხედრო სასამართლომ ილიას მკვლელებს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: “მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა… მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა – შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთავ თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში – შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან”.

1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: “ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი”.

 

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

მწვავე იყო განათლების პრობლემა მაშინდელ საქართველოში. მას შემდეგ, რაც ბატონყმობა გაუქმდა, თანდათან უფრო მომწიფდა აზრი, რომ განათლება საზოგადოების ყველა ფენას უნდა მიეღო, თანაც — ქართულ ენაზე. ასე გაჩნდა ქართული სკოლების გახსნის იდეა და შეიქმნა ორგანიზაცია “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, რომლის პირველ თავმჯდომარედ დიმიტრი ყიფიანი აირჩიეს, ილია ჭავჭავაძე კი მისი მოადგილე გახდა. 1885 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი საზოგადოებას ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა. იგი, ასევე, საზოგადოებას ფინანსურ მხარდაჭერასაც უწევდა თბილისის საადგილმამულო ბანკის მეშვეობით.

სკოლები საქართველოს არაერთ სოფელსა და ქალაქში გაიხსნა, იქმნებოდა  წიგნთსაცავები, სახალხო ბიბლიოთეკები და სამკითხველოები, სამუზეუმო დაწესებულებები. ამ პროექტისთვის შეიქმნა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა”.

ილია რეფორმატორი იყო. არ ერიდებოდა ცვლილებებს. ასე მოახერხა ქართული სალიტერატურო ენის დახვეწა და ხუთი მოძველებული ასო-ნიშნის ამოღებაც. განსაკუთრებული იყო მისი როლი ეროვნული კონსოლიდაციის საკითხების წამოწევაში, რასაც იგი ჟურნალ-გაზეთების გამოცემითა და პუბლიცისტური წერილების გავრცელებით ახერხებდა.

საქართველოს მოამბე და ივერია

საქართველოს ახალ ისტორიაში პირველ სამოქალაქო გაერთიანებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, რომელიც პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ილიამ გამოსცა. ეს იყო პროექტი, რომლითაც ხალხისთვის გასაგებ ენაზე ავრცელებდა წერილებს, მათ შორის სტატიებს ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე. საქართველოს მოამბე საეტაპო მოვლენად იქცა ქართული ჟურნალისტიკისთვის.

ამას მოგვიანებით მოჰყვა გაზეთი ივერია. „აქ [საქართველოში] უპირველესი მოვალეობა ჟურნალ-გაზეთობისა სწავლისა და ცოდნის გავრცელება უნდა იყოს, მან უნდა ფეხი აუდგას თვითმოქმედების ძალსა, მან უნდა აღადგინოს გონებითი და ზნეობითი ნიჭი, — წერდა მის წინასიტყვაობაში ილია.

გაზეთის ფურცლები ეთმობოდა სოციალურ თუ პოლიტიკურ თემებზე შექმნილ პუბლიცისტურ წერილებს, მიმოიხილებოდა ქვეყნის შიდა პროცესები, ასევე, ივერიაში წაიკითხავდით უცხოეთის ამბებს, რითაც საზოგადოება კიდევ უფრო უახლოვდებოდა დასავლეთს. ილია სტუდენტობიდანვე აკვირდებოდა მოვლენებს ევროპაში, მათ შორის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და წერდა “მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა”, შესაბამისად, მან ზუსტად იცოდა, რა უნდა ეთქვა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თავისი გაზეთების მეშვეობით.

საადგილმამულო ბანკი

ნებისმიერი საქმე, რომელსაც ილია სათავეში ჩაუდგა, საზოგადოებაზე ზრუნვითა და მათი გაძლიერებით იყო ნაკარნახევი. ეს მოახერხა საადგილმამულო ბანკშიც, რომლის თავმჯდომარე იყო იგი 1905 წლამდე.

ბანკის კრებები გამორჩეული და საინტერესო პროცესი იყო ქვეყანაში. ამ კრებებზე წყდებოდა, როგორ დაეხარჯათ საბანკო საქმიანობისგან მიღებული ფული. ილია მიიჩნევდა, რომ ბანკი არა ცალკეული ადამიანების კეთილდღეობისთვის შეიქმნა (და რომ ცალკე პირის ბანკისგან სარგებელი მხოლოდ სესხით შეეძლო მიეღო), არამედ ქვეყნის საერთო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მათ დასახმარებლად, ვინც “სიზარმაცის გამო არ ჩავარდნილა სიღარიბეში”.

ილიას წვლილი დიდი აღმოჩნდა იმაში, რომ ბანკმა თანხა გაიღო კახეთში რკინიგზის მშენებლობისთვის, დააფინანსა თბილისის ქართული გიმნაზია, სამეურნეო სკოლა, გორის, თბილისის, თელავის ქალთა სასწავლებლები, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და სხვა. ბანკის მხარდაჭერით აღდგა ქართული თეატრი, დაიწყო ბრძოლა ქოლერის წინააღმდეგ და თანხა გამოიყო შიმშილობის დროს ხალხის დასახმარებლად.

ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა ნამდვილი გამოხატულებაა იმისა, რომ ძლიერი სიტყვა და კულტურა უკვდავია. სწორედ იმ დროს, როცა ქართული იდენტობა რუსული იმპერიის ალყაში იყო მოქცეული, ილია გამოჩნდა იმედად, რომელმაც განათლება, ლიტერატურა და ეროვნული სულისკვეთება ახალ საფეხურზე აიყვანა. მისი წერილები  მუდმივად ინარჩუნებს თანამედროვეობას და შთაგონებას იძლევა ახალი მოძრაობებისთვის. ილია ქართული კულტურული რენესანსის სიმბოლოს წარმოადგენს და მისაბაძია ყველასთვის, ვისაც საამაყო მემკვიდრეობის შემონახვა და უკეთესი მომავლის ფორმირება სურს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way