USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულებს, ძებნაში მყოფ დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უცვლელად დარჩათ
дата:  853

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულებს, ძებნაში მყოფ დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უცვლელად დარჩათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ კეზერაშვილისა და ადეიშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა.

როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განმარტა, ბრალდებულებთან გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო.

„ორივე ბრალდებული ძებნილია, შესაბამისად, ყველა ის საფრთხე, რაც პირველი წარდგენის სხდომაზე იქნა გათვალისწინებული და შემდეგში, უამრავჯერ ძალაში დატოვებული, კვლავ სახეზეა. ახალი გარემოება გამოვლენილი არ არის, ჩვენ კვლავ ვშუამდგომლობთ, პატიმრობა ძალაში იყოს დატოვებული”, - განაცხადა კოტრიკაძემ.

აღნიშნულს ბრალდებულების ადვოკატები არ დაეთანხმნენ. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, „საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და კეზერაშვილ-ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინათ“.

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარის, ნინო ელიეშვილის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბრალდებულების მხრიდან აღუსრულებელი განაჩენებიც არსებობს.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეის მოცემულობით შეცვლილი არ არის ის ფაქტობრივი და ფორმალური საფრთხეები, რაც საფუძვლად დაედო პირველი წარდგენის სხდომას და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღუსრულებელი განაჩენებიც არსებობს კონკრეტული პირების მიმართ და შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, სასამართლოს სხვა მოცემულობა არ აქვს, რომ სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით იმსჯელოს“, - განაცხადა ელიეშვილმა.

სასამართლო პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ არ დასწრებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც სასამართლოში წარდგენილი ოქმიდან გაირკვა, მან როგორც სხდომაზე გამოცხადებაზე, ასევე დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა.

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულებიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მხოლოდ დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს აქვთ შეფარდებული.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати