USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
7 მარტს, ბათუმში საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები მილანის “ინტერის” ლეგენდებს უმასპინძლებენ
თარიღი:  

ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვგულშემატკივრობდით და რომელთა თამაშისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებდით, ერთმანეთს 7 მარტს, ბათუმში დაუპირისპირდებიან. მაშ ასე: საქართველოს ნაკრებისა და “ინტერის” ლეგენდების სუპერმატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე უკვე დაიწყო, ღირებულება კი 15-დან 45 ლარამდეა.

GEO11-სა და Inter Forever-ის დაპირისპირება ლეგენდების სერიის პირველი მატჩი იქნება, რომელიც Sports Orient-ის ორგანიზებითა და "ევროპაბეთის" მხარდაჭერით გაიმართება.

თავიდან ცნობილი იყო, რომ GEO11-ის შემადგენლობაში ითამაშებდნენ საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, გამორჩეული მოთამაშე და ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი. ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანი მოთამაშეები, რომლებსაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკლუბო კარიერა ჰქონდათ - ალექსანდრე იაშვილი და კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ GEO11-ის წინააღმდეგ ითამაშებენ ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშ ფიგუ, ინტერის ლეგენდარული კაპიტანი ხავიერ ძანეტი, მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი, არგენტინელები ესტებან კამბიასო და დიეგო მილიტო - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის წევრები, რომლებსაც ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა - ამ გუნდმა 2010 წელს ტრებლის მოგება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ამ ლეგენდარული შემადგენლობიდან ბათუმში 9 ფეხბურთელი ითამაშებს.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის