USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Tbilisi
5 განსხვავებული შენობა, რომელიც თბილისში უნდა ნახოთ
Date:  3261

საკუთარი ქვეყნის დედაქალაქისთვის უცხო თვალით შეხედვა ორი კუთხითაა საინტერესო: ერთი - უბრალოდ სუბიექტური აღქმის გადასამოწმებლად და მეორე - გეცოდინებათ, რა უნდა აჩვენოთ უცხოელ სტუმარს.

Atlas Obscura ინტერნეტ-გიდია მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის და აქ უამრავ რჩევას, ტურსა და სტატიას ნახავთ. ამ პლატფორმის აზრით, თბილისში ჩამოსულმა სტუმარმა ეს ხუთი შენობა უნდა მოინახულოს:

1. სტალინის მიწისქვეშა სტამბა

ავლაბარში ერთი არაფრით გამორჩეული და მოძველებული სახლი დიდ საიდუმლოს მალავს: ამ სახლის ქვეშ მეოცე საუკუნის დასაწყისში კომუნისტური პროკლამაციები იბეჭდებოდა. სახლის სიღრმეში მოთავსებულია 1906 წლის სტანდარტებითაც კი მოძველებული სტამბა, რომელიც ბოლშევიკებმა თბილისში დაშლილ ნაწილებად შემოიტანეს. სამი წლის განმავლობაში ამ სტამბაში ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე ათასობით პამფლეტი დაიბეჭდა.

1904-1905 წლების განმავლობაში, როდესაც სტამბა სრული დატვირთვით მუშაობდა, მისი ადგილსამყოფელი სასტიკად იყო გასაიდუმლოებული. თუ შენობას პოლიცია მიუახლოვდებოდა, "დიასახლისები" ზარს რეკავდნენ და ბეჭდვის პროცესი წყდებოდა. სტამბის ოთახიდან რამდენიმე გვირაბი გადიოდა უახლოეს ჭასთან - ეს გვირაბები გასაქცევად უნდა გამოეყენებინათ, თუ არალეგალურ საქმიანობას ვინმე აღმოაჩენდა. ასოთამწყობები ორ ცვლაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ და გარესამყაროსთან კავშირი უკიდურესად შეზღუდული ჰქონდათ.

ამ დროს სტალინი ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე გაძარცვული ჰქონდა ბანკი. ერთი ვერსიით, სტალინს სტამბის ოთახშივე ეძინა, სხვა ვერსიით კი - ის ამ შენობაში ნამყოფიც კი არ იყო.

1906 წელს სტამბის არსებობა ჟანდარმერიამ აღმოაჩინა. სახლი გადაწვეს, მეპატრონე კი ოჯახით ციმბირში გადაასახლეს. 31 წლის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირის სათავეში სტალინი მოვიდა, სტამბა აღადგინეს, შენობა კი მუზეუმად აქციეს, იქვე გახსნეს კინოთეატრიც, რომელშიც საბჭოთა ფილმები გადიოდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი მუზეუმი წლების განმავლობაში მიტოვებული იყო.

დღეს მუზეუმს საქართველოს კომუნისტური პარტია ხელმძღვანელობს. სტამბა ჟანგითაა დაფარული და თვითონ მუზეუმიც განადგურების პირასაა, მაგრამ ბოლო წლებში ამ ისტორიამ ახალი სეგმენტი მოიზიდა: ჩინელი ტურისტები.

2. საქართველოს ბანკის სათავო ოფისი

საბჭოთა პერიოდში აშენებული უამრავი არქიტექტურული ძეგლიდან, ყოფილი გზების სამინისტროს შენობა ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავია. შენობა, რომელიც არქიტექტორმა გიორგი ჩახავამ დააპროექტა, 1975 წელს გაიხსნა, 2007 წელს კი საქართველოს ბანკმა იყიდა. იმის გამო, რომ ნაგებობა მრავალი წლის განმავლობაში იყო მიტოვებული, მას მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, როგორც ფასადზე, ასევე – შიგნით.

არქიტექტურული კონცეფცია, რომელსაც Space city ჰქვია, 1920-იანი წლების კონსტრუქტივიზმით, ბრუტალიზმითა და იაპონური მეტაბოლიზმითაა შთაგონებული. აღსანიშნავია, რომ დიზაინი მონრეალში, კანადაში არსებულ ჰაბიტატ 67-საც მოგაგონებთ.

3. გაბრიაძის კოშკი

დახრილი კოშკი, რომელიც თანამედროვე თბილისის სიმბოლოდ იქცა, 2010 წელს აშენდა. ნაგებობა ზღაპრიდან გადმოსულს ჰგავს და მისი ისტორიაც ასეთივეა. მისი სულისჩამდგმელი რეჟისორი და მხატვარი რეზო გაბრიაძეა. კოშკის გვერდით კი მარიონეტების თეატრია, რომელიც 1981 წლიდან არსებობს.

უზარმაზარი საათი, კერამიკული პანოები და თეატრის "სცენა" მაშინვე იქცევს მაყურებლის ყურადღებას. ყოველი საათის ბოლოს მოხატული კარებიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. დღეში ორჯერ კი, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, შესაძლებელია 5-წუთიანი თოჯინური წარმოდგენის, "ცხოვრების წრებრუნვის" ნახვა.

წარმოდგენაზე დასწრება უფასოა და ის ცხოვრების მთავარი ეტაპების შესახებ მოგვითხრობს. სპექტაკლის შემდეგ კი გირჩევთ, იქვე კაფეში ჩამოჯდეთ და უგემრიელესი ქართული ღვინო გასინჯოთ.

4. თბილისის მეჩეთი (ჯუმა მეჩეთი)

წითელი აგურით მოპირკეთებული ეს მეჩეთი დღეისთვის მოქმედი ერთადერთი მუსლიმური სალოცავია ქალაქში.

მეჩეთი 1723-35 წლებში აშენდა, როცა თბილისი ოსმალებს ჰქონდათ დაპყრობილი. ის მომდევნო 300 წლის განმავლობაში სამჯერ განადგურდა და აღდგა. მე-19 საუკუნის ბოლოს, 1895 წელს ბაქოელმა მილიონერმა და მეცენატმა ჰაჯიზეინალაბდინ თაღიევმა მეჩეთი მთლიანად შეაკეთა, რამაც მისი აღმოსავლეთი ნაწილი საგრძნობლად შეცვალა.

1951 წლამდე თბილისში ორი მეჩეთი იდგა. შიიტები განცალკევებულად, ლურჯ მეჩეთში ლოცულობდნენ, სუნიტები კი - ჯუმაში. 1951 წელს კომუნისტურმა მთავრობამ ლურჯი მეჩეთი გაანადგურა, რათა მეტეხის ხიდი აეგო. შიიტებს წასავლელი აღარსად ჰქონდათ და ჯუმა მეჩეთმა მათ კარი გაუხსნა. ასე იქცა აბანოთუბანში მდებარე მეჩეთი ერთადერთ ადგილად, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობდნენ. 1996 წლამდე ამ ორი მიმდინარეობის მორწმუნეებს შავი ფარდა ჰყოფდათ, დღესდღეობით კი დარბაზი ყველასთვის ღიაა.

მეჩეთი ორბელიანის აბანოს მახლობლადაა განლაგებული, რომლის ულამაზესი მოზაიკური ფასადიც დამოუკიდებელი ღირსშესანიშნაობაა. 

5. სასტუმრო ივერია

 

ერთი შეხედვით, სანახავი არაფერია, მაგრამ ეს შენობა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთგვარი ილუსტრაციაა.

სასტუმრო ივერია გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა, როცა თბილისი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე "ცხელი" ტურისტული წერტილი იყო. საბჭოთა პოლიტიკური ელიტის წევრები თბილისში ვიზიტისას სწორედ აქ რჩებოდნენ ხოლმე.

90-იან წლებში, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ომი ტრაგიკული შედეგებით დასრულდა, თბილისში 200 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი ჩამოვიდა და ხელისუფლებას ისინი სადმე უნდა დაებინავებინა. ერთ-ერთ ასეთ ადგილად სასტუმრო ივერია იქცა. შენობაში 800-მდე დევნილი წლების განმავლობაში ცხოვრობდა. შესაბამისად, თბილისის ცენტრში განლაგებული სასტუმრო მოუგვარებელი პოლიტიკური პრობლემის სიმბოლოდ იქცა.

2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ ივერიიდან დევნილები გამოასახლეს, 2008 წელს კი აქ ახალი სასტუმრო გაიხსნა. წლების განმავლობაში დევნილების თავშესაფრის მოზაიკისებური ფასადი უამრავი ფოტოგრაფის ყურადღებას იპყრობდა, რასაც ვერაფრით წარმოიდგენთ ახლა, როცა შემინულ შენობას უყურებთ.

აფხაზეთის კონფლიქტი ჯერაც არ ამოწურულა. დევნილი ოჯახები კი ამჟამად დროებით საცხოვრებლებში რჩებიან და სახლებში დაბრუნებას ელიან.

 

world
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ებრაული მედიის, TIMES OF ISRAEL-ის თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს საათებში ოფიციალურად შევა ძალაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.
შეთანხმების პირობები ამგვარია:
ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 60 დღის განმავლობაში სრულად უნდა გაიყვანოს.
ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან მდინარე ლიტანამდე ( 20-23კმ-ის მიღმა) უნდა გაიყვანოს ჯარები და სრულად გაანადგუროს ე.წ სამხედრო ინფრასტრუქტურა.
10 000 ლიბანელი ჯარისკაცი განლაგდება ისრაელ-ლიბანის საზღვრებთან- იქ, სადაც აქამდე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჯარისო ფორმირებები იყვნენ განთავსებულნი.
აშშ და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები გააძლიერებენ ლიბანის არმიის სამხედრო შესაძლებლობებს, რათა ისინი ძალებით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ“ჰეზბოლას” სამხედრო შესაძლებლობებს.
შეთანხმების დარღვევის შეთმხვევაში ისრაელს ექნება უფლება, ხელახლა წამოიწყოს სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე- შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ფონზე.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way