USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Tbilisi
29 ივნისს დიდი ქართველი პოეტის პაოლო იაშვილის დაბადების დღეა
Date:  3702

1924 წელს თბილისს ეწვია ცნობილი რუსი პოეტი სერგეი ესენინი. იგი ქართველ პოეტებს "ცისფერყანწელებს" დაუმეგობრდა. განსაკუთრებით  კი პაოლო იაშვილს.

ერთხელ პაოლოს ესენინი მთაწმინდის პანთეონში აუყვანია, დაუთვალიერებიათ ალექსანდრე გრიბოედოვის და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საფლავები. შემდეგ გარეჯელის წყაროსთან მიუყვანია და უთქვამს - არის ასეთი ტრადიცია, ამ წყაროდან იღებ ქვას, მერე ეკლესიის შესასვლელის კარებთან მიგაქვს, მიადებ და რამდენი ხანიც ქვა გაჩერდება ეკლესიის კარზე, იმდენი წელი სიცოცხლე დაგრჩენიაო. სერგეი ესენინს მიუდია ქვა კარებზე, დაუწყია დათვლა, ერთამდეც ვერ ასულა, რომ ქვა ძირს ჩამოგორებულა. გაოცებულს უთქვამს - ნუთუ მხოლოდ ერთი წელი სიცოცხლე დამრჩაო.

ესენინის შემდეგ ქვა პაოლო იაშვილმა მიადო და 13-მდე მოსაწრო დათვლა, მერე კი უთქვამს, რაღაც სისიულელეა, მომავალ წელს რომ ამოვალთ, ნახავ ქვა 100 დათვლამდე გაჩერდებაო.

შეიძლება ეს მისტიკაა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 1925 წლის 28 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგის სასტუმრო "ანგლეცერში" სერგეი ესენინმა თავი ჩამოიხრჩო. 1937 წლის 22 ივლისს კი მწერალთა სახლში პაოლო იაშვილმა საკუთარი თოფით მოიკლა თავი. იმ თოფით, რომელიც 13 წლის წინ სერგეი ესენინისთვის უნდა ეჩუქებინა.

პაოლო იაშვილი აღმოჩნდა პირველი ქართველი მწერლებიდან, ვინც შეიწირა რეპრესიებმა.

მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი ხშირად მსჯელობდა პოეტის "მოღალატეობრივ საქმიანობაზე". გმობდნენ "ხალხის მტრის" საქციელს. 1937 წელს სტალინმა ცეკას პლენუმზე გამოაცხადა: "ჩვენ რაც წინ მივდივართ, მით უფრო ძლიერდება ანტიბოლშევიკური მოძრაობა საბჭოთა კავშირში. ამიტომ უნდა მოხდეს მათი ლიკვიდაცია".

მაშინ საქართველოში ცეკას პირველი მდივანი იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც 1937 წლის კომპარტიის მე-10 ყრილობაზე გაიმეორა ბელადის სიტყვები. ასევე სამი მწერალი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი გააკრიტიკა, რაც უკვე განაჩენი იყო. ასე მზადდებოდა საფუძველი ტრაგედიისთვის.

დღევანდელ სტატიაში ერთ ეპიზოდს გავიხსენებთ ამ ავბედითი დღიდან.

მწერალთა კავშირის შესასვლელში იდგა მილიციელი, რომელიც შენობაში ისე არავის შეუშვებდა, რომ არ შეემოწმებინა, მაგრამ პაოლოს მოუხერხებია და სანადირო თოფი დაშლილი შეუტანია.

"სხდომა დაწყებული იყო და პაოლო იაშვილი შემოვიდა. დაჯდა და ლაპარაკი დამიწყო, თან დრო და დრო მიმეორებდა, რომ "მე მართალი ვარ, იცოდეო".

"მერე სხვაგან გადაჯდა. მაშინ ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, არ მახსოვს როდის დატოვა სხდომა.

"ცოტა ხანში სროლის ხმა გაისმა. სხდომიდან ყველა გამოვარდით. მეორე სართულზე მოიკლა თავი. თოფის ლულა პირში ჩაუდევს, ფეხის თითით გამოუწევია ჩახმახი, თავის ქალა ჰქონდა აგლეჯილი.

"ყველაზე ადრე ირაკლი აბაშიძე მივარდა და ტირილი დაიწყო. ამის გამო იგი შინსახკომშიც დაიბარეს - რატომ დასტირი ხალხის მტერსო. მწერალთა კავშირში ისტერია და მთელი ამბავი შეიქნა. წარმოიდგინეთ, კაცმა მოიკლა თავი და თანაც ისეთმა, როგორიც პაოლო იაშვილი იყო", - იგონებდა წლების შემდეგ სიმონ ჩიქოვანი.

ამ ტრაგედიის შემსწრეს, სულშეძრულ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს - "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო".

თვითმკვლეობამდე რამდენიმე წუთით ადრე პაოლო მწერალთა კავშირის სასადილოში ჩასულა და ვალი გადაუხდია - 7 მანეთი, სახლში კი ორი წერილი დაუტოვებია მეუღლის და შვილის სახელზე.

"ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედა!

"მაპატიე, გემუდარები ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ვერც შენ გადამარჩინე.

"არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა, ყველა ჩემი ახლობელი. მეტი წერა აღარ შემიძლია, შვიდობით მამიკო!"

საბჭოთა რეჟიმი, რა რეჟიმი იქნებოდა ტრაგედიისთვის ცინიზმით რომ არ ეპასუხა. ეს არ აკმარეს და ჯერ კიდევ სისხლშეუშრობელ პოეტს სასამართლო მოუწყეს:

"კონსტანტირება გაუკეთდეს, რომ პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტრის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება, პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი... ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კონტრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე".

ამის შემდეგ პაოლო იაშვილის სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. ოჯახი აუწიოკეს, ხელნაწერები სახლიდან გაიტანეს, ახლობლებს საფლავზე ქვის დადების უფლებაც არ მისცეს.

 

ავტორი: ია აბულაშვილი

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way