29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება.
გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში, ასევე დაესწრება ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების 20 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიას.
ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან; ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში ვერა იუროვასთან, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან, რომელთანაც განხილული იქნება უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები (უნგრეთი 2024 წლის ივლისიდან 6 თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა). საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები გაიმართება ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/