USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Тбилиси
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
дата:  3989

1918 წლის 26 მაისი – პოლიტიკური აქტის მნიშვნელობა

გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 21 მაისი, №110.

26 მაისი ისტორიული დღესასწაულია! ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ხშირად ერის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, თუ იგი მოპოვებულია დროის და მომენტის შეუფერებლათ, წარმოადგენს თვით ამ ერისთვის დამღუპველ მოვლენას.

პირიქითაა საქართველოს ხალხისთვის, 1918 წლის 26 მაისი დამოუკიდებლობასთან შესისხლხორცებულია მთელი თავისი არსებით. ჩვენ მიერ მოპოვებული რვასაათიანი სამუშაო დღე, შრომის ბირჟა, მომრიგებელი კამერები, თავისუფლება კავშირების ორგანიზაციებისა, მიწების ჩამორთმევა და ბევრი სხვა – აი ყველა ის, რასაც შეიცავს და დარაჯობს პოლიტიკური ფორმა, ის დამოუკიდებლობა, რომელიც აღიარა ქართველმა ერმა ამ ერთი წლის წინეთ თავის ისტორიული აქტით.

ჩვენმა დემოკრატიამ კარგათ იცის, რომ როდესაც იგი იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას, ამავე დროს იცავს რევოლუციის მთელ მონაპოვარს. პირიქით, ღრმათ დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად იგი დაჰკარგავს რევოლუციის მონაპოვარსაც. ამით აიხსნება ის თავგანწირულობა და თავგამოდება, რომელითაც საქართველოს მთელი დემოკრატია იცავს საქართველოს ტერიტორიას, დამოუკიდებლობას, როდესაც მას მოელის საფრთხე როგორც გარეშე, ისე შინაურ მტრისაგან, ამაშია, სწორეთ ამ შეგნებაში, კავშირი, ერთსულოვნებაშია ძალა ჩვენი ერისა.

ამ ძალას უწევენ  ანგარიშს ჩვენი მტრები. ამიტომაც იქცევიან ისინი სიფრთხილით, თავშეკავებით. მტრები კი ჩვენ ბევრი გვყავს, როგორც გარეშე ისე შინაური. ჩვენს გარშემო გვარტყია მეზობლად ჯერ ისევ ფეოდალური სახელმწიფოები. ისინი ვერ ინელებენ ჩვენს დემოკრატიულ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას.

ჩვენს დამოუკიდებლობას ემტერებიან დენიკინის ურდოები, ოცნებობენ ქართველების აწიოკებას.

არც ევროპიულ სახელმწიფოებს ეჭაშნიკებათ მაინც და მაინც ჩვენი დამოუკიდებლობა. მართალია, იგინი ურიგდებიან ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს დამოუკიდებლობა წარმოადგენს დიდ დამაბრკოლებელ ძალას მათ იმპერიალისტურ გეგმების განხორციელებაში.

ვერ ურიგდებიან დამოუკიდებლობას ჩვენი შინაური მტრების, ყველა ყოფილი რუსი „ჩინოვნიკები“, რომლებიც ოცნებობენ ძველ თვითმპყრობელური რუსეთის აღგენას-გაერთიანებას.

ჩვენი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა არ აძლევს მოსვენებას ჩვენ შინაურ ანარქო-ბოლშევიკებს, რომლებიც ნატრობენ გადააქციონ დემოკრატიული საქართველო საბჭოთა საქართველოთ.

ჩვენი დამოუკიდებლობა ძილს უფრთხობს ყოფილ მსხვილ მემამულეთა უმეტესობას, რომელთაც აგრარული რეფორმის საშუალებით ჩამოერთვათ მამულები.

ყველა ამ კონტრ-რევოლუციურ ელემენტებს მძიმე ტვირთათ მიაჩნიათ ჩვენი დამოუკიდებლობა და მარტო ოცნებობენ იმ დღეს, როდესაც გამოჩნდება რომელიმე გარეშე ტლანქი ძალა, რომელიც ერთი დაკვრით გააუქმებს საქართველოს დამოუკიდებლობას და მით ოცნებებს აქცევს სინამდვილეთ.

მაგრამ ერთი რამ ავიწყდება ამ კონტრ-რევოლუციონერებს. ჩვენ მთვარობას გარდა შეიარაღებული ძალებისა აქვს საკმარისი კულტურული ძალა, ავტორიტეტი დემოკრატიის თვალში, რომ ადვილათ გაუფანტოს კონტრ-რევოლუციონერებს მათი ოცნებები და გასცეს ღირსეული პასუხი იმ გარეშე ძალებს, რომლებიც ასაზრდოებენ ამ კონტრ-რევოლუციურ ნატვრას.

დემოკრატიულმა  საქართველომ კარგად იცის, რომ ერის დაუმარცხებლობა გამოიხატება არა მარტო იარაღში, არამედ მის კულტურაში, შეგნებაში და ორგანიზაციულ ძალაში.

ამ თვისებით კი ქართული ერი საკმარისად მდიდარია და სწორეთ ამაშია მისი ძალა, მისი გამარჯვება

კ. კახელი [კონსტანტინე ანდრონიკაშვილი]

 

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати