USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
26 დეკემბერი ნიკო კეცხოველის დაბადების და გარდაცვალების დღეა
თარიღი:  1237

ნიკო კეცხოველს დაბადებიდან 125 წელი შეუსრულდა (1897-1983)

ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოში ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატი.

დაიბადა გორის რაიონის სოფელ ტყვიავში. 1916 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი, ამავე კათედრის პედაგოგი. 1933 წლიდან გარდაცვალებამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა კათედრას. 1945-52 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო 1963 წლიდან გარდაცვალებამდე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) წლებში მსახურობდა ეროვნულ არმიაში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი. გახლდათ სომხეთ–საქართველოს ომის (1918), თურქი ასკერების წინააღმდეგ ბრძოლების (1919) და რუსეთ–საქართველოს ომის (1921 წლის თებერვალი–მარტი) მონაწილე. აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მონაწილეობდა ბათუმის ომშიც (1921 წლის მარტი), რომლის დროსაც გენერალ მაზნიაშვილის პოლკმა ბოლშევიკურ რუსეთთან შეთანხმებით შემოჭრილი თურქებისგან გაწმინდა ბათუმი და აჭარა. იგივე თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის 1919 წელს მიიღო “თეთრი გიორგი”–ს ჯვარი.

1917 წელს ნიკო კეცხოველის უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია და წლების მანძილზე იყო მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921–1924 წლებში იყო ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის არალეგალური მთავარი კომიტეტის წევრი და “დამკომი”–ს წევრი ახალგაზრდა ეროვნულ–დემოკრატთა ორგანიზაციიდან. 1921 და 1923 წლებში იყო დაპატიმრებული… 1924 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ ჩამოცილდა პოლიტიკურ საქმიანობას.

მიუხედავად ამისა, 1941–1943 წლებში, უკვე აკადემიკოსი, სხვა სახელოვან მოღვაწეებთან (ნიკო მუსხელიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ნუცუბიძე, გიორგი წერეთელი, პავლე ინგოროყვა და სხვანი) ერთად შედიოდა არალეგალურ ფარულ კომიტეტში, რომელიც მხარს უჭერდა სამანელთა მოძრაობას და იღვწოდა ბოლშევიკური იმპერიის მარწუხებიდან საქართველოს გამოსახსნელად… საბედნიეროდ, მათ ბოლომდე მოახერხეს უმკაცრესი კონსპირაციის შენარჩუნება…

1973 წელს, საფრანგეთში სამეცნიერო მივლინებით ყოფნის დროს, ქართველ ემიგრანტთა დახმარებით ნიკო კეცხოველი ფარულად შეხვდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილ მოღვაწეებს ელისე პატარიძეს და ლევან ზურაბიშვილს.

ნიკო კეცხოველის სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მისი აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. ავტორია მრავალი ლიტერატურული ნარკვევის, ნოველის და მოთხრობისა. 1974-79 წლებში ორჯერ მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის