USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
22 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
 525

22 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 326-ე დღე (ნაკიან წლებში – 327-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 39 დღე.

დღის მოვლენები

  • 1830 : ჩარლზ გრეი ხდება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
  • 1922 : ეგვიპტოლოგია - ჰოვარდ კარტერი, ლორდ კარნარვონის დახმარებით, ტუტანხამონის აკლდამას ხსნის.
  • 1942 : მეორე მსოფლიო ომი - სტალინგრადის ბრძოლა - გენერალი ფრიდრიხ ფონ პაულუსი ადოლფ ჰიტლერს უგზავნის ტელეგრამას შეტყობინებით, რომ გერმანიის მე-6 არმია ალყაშია მოქცეული.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი - აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და ჩინეთის ლიდერი ჩან კაი-ში ხვდებიან ქაიროში, ეგვიპტე, რათა განიხილონ იაპონიის დამარცხების გეგმები (იხ. ქაიროს კონფერენცია).
  • 1943 : ლიბანი საფრანგეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
  • 1963 : გამოვიდა „The Beatles-ის“ მეორე ალბომი „With The Beatles“.
  • 1963 : ჯონ ფ. კენედის მკვლელობა - დალასში, ტეხასი, მოკლულ იქნა აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი, ხოლო ტეხასის გუბერნატორი ჯონ ბ. კონალი სერიოზულად დაშავდა. იმავე დღეს, მოგვიანებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი კურთხეულ იქნა აშშ-ის 36-ე პრეზიდენტად.
  • 1968 : გამოვიდა „The Beatles-ის“ ორმაგი ალბომი „The Beatles“, შემდგომში ცნობილი სახელწოდებით „თეთრი ალბომი“ ("White Album").
  • 1974 : გაერო პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას დამკვირვებლის სტატუსს ანიჭებს.
  • 1975 : ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ესპანეთის მეფედ ხუან კარლოსი გამოცხადდა.
  • 1977 : ბრითიშ ეარვეიზი იწყებს ზესწრაფი კონკორდით რეგულარულ რეისებს ლონდონი - ნიუ-იორკი.
  • 1986 : კრივი - მაიკ ტაისონი მეორე რაუნდში ნოკ-აუტით ამარცხებს თრევორ ბერბიკს და 20 წლისა და 4 თვის ასაკში მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მძიმე წონის ჩემპიონი ხდება.
  • 1988 : პალმდეილში, კალიფორნია, ბომბდამშენი B-2 Spirit-ის პირველი პროტოტიპის პრეზენტაცია გაიმართა.
  • 1989 : დასავლეთ ბეირუთში, მოტორკადასთან აფეთქებული ბომბის შედეგად დაიღუპა ლიბანის პრეზიდენტი, რენე მოავადი.
  • 1990 : მარგარეტ ტეტჩერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა.
  • 2003 : თბილისში, საქართველო, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ოპონენტები პარლამენტის შენობას იღებენ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
  • 2004 : ნარინჯისფერი რევოლუცია იწყება უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების შედეგად.
  • 2005 : ანგელა მერკელი პირველი ქალი კანცლერი ხდება გერმანიის ისტორიაში.
  • 2008 : კოლუმბიის სამხრეთში ვულკან ნევადო-დელ-უილის ამოფრქვევის გამო 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12.000 ევაკუირებულ იქნა.
  • 2015 : მაურისიო მაკრი არგენტინის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1710 : ბახი, ვილჰელმ ფრიდემან — გერმანელი კომპოზიტორი (გ. 1784)
  • 1722 : სკოვოროდა, ჰრიჰორი — უკრაინელი პოეტი, კომპოზიტორი, ფილოსოფოსი (გ. 1794)
  • 1808 : კუკი, თომას — ბრიტანელი მოგზაური (გ. 1892)
  • 1819 : ელიოტი, ჯორჯ — ბრიტანელი ნოველისტი (გ. 1880)
  • 1869 : ჟიდი, ანდრე — ფრანგი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. 1951)
  • 1877 : ადი, ენდრე — უნგრელი პოეტი (გ. 1919)
  • 1890 : დე გოლი, შარლ — საფრანგეთის პრეზიდენტი (გ. 1970)
  • 1901 : როდრიგო, ხოაკინ — ესპანელი კომპოზიტორი (გ. 1999)
  • 1917 : ჰაქსლი, ენდრუ ფილდინგ — ინგლისელი ფიზიოლოგი.
  • 1923 : ჰილერი, ართურ — კანადელი კინორეჟისორი
  • 1958 : კერტისი, ჯეიმი ლი — ამერიკელი მსახიობი ქალი
  • 1962 : პელევინი, ვიქტორ — რუსი მწერალი
  • 1967 : ბეკერი, ბორის — გერმანელი ჩოგბურთელი
  • 1984 : სკარლეტ იოჰანსონი — ამერიკელი მსახიობი ქალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1617 : აჰმედ I — ოსმალეთის სულთანი (დ. 1590)
  • 1718 : ტიჩი, ედვარდ — ბრიტანელი მეკობრე
  • 1900 : სულივანი, ართურ — ბრიტანელი კომპოზიტორი (დ. 1842)
  • 1916 : ჯეკ ლონდონი — ამერიკელი მწერალი (დ. 1876)
  • 1963 : კენედი, ჯონ ფიცჯერალდ — ამერიკის 35-ე პრეზიდენტი (დ. 1917)
  • 1963 : ჰაქსლი, ოლდოს ლეონარდ — ინგლისელი მწერალი.
  • 1970 : ასლამაზაშვილი, სურენ — საბჭოთა კავშირის გმირი
  • 1980 : ვესტი, მეი — ამერიკელი მსახიობი და მწერალი (დ. 1893)
  • 1988 : მოავადი, რენე — ლიბანის პრეზიდენტი (დ. 1925)
  • 1993 : ბურგესი, ენთონი — ბრიტანელი მწერალი (დ. 1917)
  • 1996 : ლენარდი, მარკ — ამერიკელი მსახიობი (დ. 1924)
  • 2011 : სვეტლანა ალილუევა — იოსებ სტალინის ქალიშვილი, საბჭოთა ფილოლოგი (დ. 1926)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ონისიფორე და პორფირე
    • ღირსი მატრონა
    • ღირსი თეოქტისტა
    • ალექსანდრე თესალონიკელი
    • წმინდა ანტონი
    • იოანე კოლოვი
    • ღირსი ევსტოლია და ღირსი სოსიპატრა
    • ექვთიმე დოხიარელი და ნეოფიტე დოხიარელი
  • აგრეთვე:
    • ლიბანის დამოუკიდებლობის დღესასწაული (1943)
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way