USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
22 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
 629

22 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 356-ე დღე (ნაკიან წლებში – 357-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 9 დღე.

დღის მოვლენები

  • 1603 : ოსმალეთის სულთანი მეჰმედ III გარდაცვალებისას შეცვალა მისმა ვაჟმა აჰმედ I-მა.
  • 1790 : თურქულ ციხესიმაგრე იზმაილზე იერიში მიიტანა და აიღა რუსულმა არმიამ სუვოროვის ხელმძღვანელობით.
  • 1807 : აშშ-ის კონგრესმა ემბრაგოს აქტი მიიღო პრეზიდენტ თომას ჯეფერსონის დაჟინებით, რომლითაც ყველა უცხო ქვეყანასთან ვაჭრობა აიკრძალა.
  • 1808 : ბეთჰოვენის სიმფონია N*6 „პასტორალი“ პირველად შესრულდა.
  • 1809 : აშშ-მა ემბარგო მოხსნა ყველა ქვეყანას გარდა გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთს.
  • 1849 : თედორე დოსტოევსკის სასჯელის აღსრულება გაუქმებულ იქნა ბოლო მომენტში.
  • 1885 : სამურაი იტო ჰირობუმი ხდება იაპონიის პირველი პრემიერ-მინისტრი.
  • 1894 : დრეიფუსის საქმე იწყება საფრანგეთში, სადაც ალფრედ დრეიფუს ანტისიმიტიზმის საბაბით ღალატის ბრალდებით დაატყვევეს.
  • 1937 : ლინკოლნის გვირაბი იხსნება მდ. ჰუდზონის ქვეშ ნიუ-იორკ სიტიში.
  • 1947 : იტალიის წარმომადგენელთა ასამბლეამ კონსტიტუცია დაამტკიცა.
  • 1978 : სერიულმა მკვლელმა ანდრეი ჩიკატილომ პირველი მკვლელობა ჩაიდინა.
  • 1989 : ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭე ხელახლა იხსნება 30 წლის შემდეგ და ამით ბოლოს უღებს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის დაყოფას.
  • 1989 : ხანგრძლივი დემონსტრაციების შედეგად რუმინეთის პრეზიდენტი იონ ილიესკუ გახდა, რითაც ჩაუშესკუს მმართველობა დასრულდა.
  • 1990 : ლეხ ვალენსა პოლონეთის პრეზიდენტი ხდება.
  • 1991 : დაიწყო თბილისის ომი.
  • 2000 : სტოკჰოლმის ეროვნული მუზეუმიდან შეიარაღებულმა მძარცველებმა რემბრანდტის ერთი და რენუარის ორი ნახატი გაიტაცეს.
  • 2001 : დაიბადა კატა სისი, პირველი კლონირებული შინაური ცხოველი.
  • 2008 :
    • რუმინეთის დემოკრატიული ლიბერალური პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია კოალიციურ მთავრობას ქმნიან, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ემილ ბოკი ხდება.
    • თურქმენეთში პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სახალხო საბჭოს გაუქმების შემდეგ.
  • 2010 : არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს ხორხე რაფაელ ვიდელას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, მას შემდეგ, რაც იგი დამნაშავედ ცნეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო.
  • 2018 : ზონდის სრუტეში წარმოქმნილი ცუნამის შედეგად 429 ადამიანი დაიღუპა და 1 400 დაშავდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1178 : ანტოკუ — იაპონიის იმპერატორი
  • 1666 : გურუ გობინდ სინგჰი — სიქხების გურუ
  • 1690 : მეიდინგნუ პამჰიება — მანიპურის მეფე
  • 1856 : კელოგი, ფრანკ — აშშ სახელმწიფო მდივანი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1858 : პუჩინი, ჯაკომო — იტალიელი კომპოზიტორი
  • 1867 : იოზეფ მარია ოლბრიხი — ავსტრიელი არტქიტექტორი
  • 1896 : აღსაბაძე, შოთა — ქართველი რეჟისორი
  • 1903 : ჰართლაინი, ჰალდან კეფერ — ამერიკელი ფიზიოლოგი
  • 1937 : უსპენსკი, ედუარდ — რუსი მწერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1100 : ბრეტისლაუს II — ბოჰემიის მეფე
  • 1603 : მეჰმედ III — ოტომანთა იმპერატორი
  • 1893 : ყაზბეგი, ალექსანდრე — ქართველი მწერალი.
  • 1880 : ელიოტი, ჯორჯ — ინგლისელი მწერალი
  • 1989 : ბეკეტი, სემუელ — ირლანდიელი მწერალი
  • 1991 : ფარჯიანი, ირაკლი — ქართველი მხატვარი
  • 1995 : მიდი, ჯეიმზ — ამერიკელი ეკონომისტი
  • 2014 : კოკერი, ჯო — ინგლისელი მომღერალი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
    • ანა წინასწარმეტყველი
    • სოფრონი კვიპრელი
    • სტეფანე ახალგაბრწყინებული
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way