USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
21 მაისი- ჩერქეზთა გენოციდის დღე
Date:  2033

21 მაისი ჩერქეზების გენოციდის დღეა.ეს დღე ოფიციალურად კავკასიის ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ითვლება.
მეფის რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან - ჩერქეზებთან ასწლოვანი ომი 1864 წელს მაიკოპთან დაასრულა, სადაც უბიხებმა საბოლოო წინააღმდეგობა გაუწიეს და მთლიანად ამოწყდნენ!
“გამარჯვების” აღსანიშნავად 21 მაისს რუსების გენერალმა გრაბბემ მოაწყო სამხედრო აღლუმი. იმ ადგილს, რომელიც სისხლით წითლად იყო შეღებილი რუსებმა “Красная поляна” უწოდეს.

ჩერქეზების ისტორია მსოფლიოში ცოტამ თუ იცის. თანამედროვე ევროპის პირველ გენოციდად შეფასებული ფაქტი ახლოსაც ვერ მივა, მაგალითად, ჰოლოკოსტის ცნობადობასთან და კითხვაც – ვინ არიან ჩერქეზები? – მათი ისტორიის მოსმენისას ხშირად ისმის.

დასაწყისისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში 700 ათასამდე ჩერქეზი, იგივე ადიღეელი, ცხოვრობს. ეს, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გაფანტული დანარჩენი ჩერქეზების დაახლოებით 10%-ია. ყველაზე მეტი მათგანი – 2 მილიონამდე – თურქეთში ცხოვრობს. სხვები ძირითადად – იორდანიაში, ისრაელში, ეგვიპტეში, სირიაში, ლიბანში, ლიბიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში – არიან განაწილებულნი. მათი ნაწილი თავს ადგილობრივად თვლის, ზოგში კი ჩერქეზული იდენტიფიკაცია კვლავ შემორჩენილია.
 
თანამედროვე რუკაზე ჩერქეზეთს ვერ იპოვით. სახელწოდებით მასთან ყველაზე ახლო მყოფი, ყარაჩაი-ჩერქეზეთია, რომელიც ჩერქეზთა ისტორიულ საცხოვრებელს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. აქ, თავის დროზე გასახლებული ჩერქეზების შთამომავლები, დღესდღეობით, მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს თუ შეადგენენ.
 
სამაგიეროდ, ძველ რუკებზე, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისის რუსეთს გვიჩვენებს, ჩერქეზეთი მკვეთრადაა მოხაზული – ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მათზე ძველ – ფრანგი, ინგლისელი, ამერიკელი და ჰოლანდიელი მოგზაურების – წიგნებშიც ამოიკითხავთ. სანამ მეფის რუსეთი დაიპყრობდა, ისტორიულ ჩერქეზეთს 55 663 კვადრატული კილომეტრი ეკავა და მისი მკვიდრი მოსახლეობა დაახლოებით 1,5 მილიონი იყო. პოლიტიკურად ერთიანი არასოდეს ყოფილა, თუმცა მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ.
ბიზანტიელების გავლენით ჩერქეზები დაახლოებით V-VI საუკუნეებში გაქრისტიანდნენ. ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ისლამი ძლიერდებოდა, კარგა ხანს დარჩნენ მუსლიმური და არაბული გავლენისგან თავისუფალი. ისლამზე მხოლოდ XVIII საუკუნეში მოექცნენ, იმ მოტივით, რომ მუსლიმებთან ალიანსი ჩამოეყალიბებინათ და რუსეთისგან თავი დაეცვათ. 
 
ჩერქეზები ერთი საუკუნის მანძილზე ებრძოდნენ რუსებს – 1763 წლიდან 1864 წლამდე – უფრო მეტხანს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ჩრდილოკავკასიელი, მათ შორის, ჩეჩნები. XVIII საუკუნის სამოციან წლებში, რუსეთის მთავრობამ ტერიტორიის ჩერქეზებისგან დაცლა და მათი სხვადასხვა ადგილებში გადასახლება (ძირითადად, თურქეთში) გადაწყვიტა. რუსებმა სოფლების გადაწვა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. ხალხს გემების მეშვეობით ასახლებდნენ – ზოგზე იმდენ მგზავრს სვამდნენ, რომ სიმძიმისგან იძირებოდა. თუმცა, არც გადარჩენილებს ელოდათ ნაკლები უბედურება – თურქეთში შიმშილობა და უამრავი ეპიდემია დახვდათ. 
 
1929 წელს კავკასიაში მოგზაურობის დროს აკად. სიმონ ჯანაშიამ ცნობილი მოვლენების უშუალო მონაწილე, 91 წლის ნაფსაუ იაბარაქხუ ჰანსაქხუ–საგან შემდეგი ჩვენება ჩაიწერა: გადასახლებიდან (1862 წ.) „შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და ქალის თმისგან ყვავები ბუდეს იკეთებდნენ, შვიდი წელი ზღვა ადამიანის თავის ქალას საზამთროსავით ისროდა ნაპირზე. მტერს არ ვუსურვებ იმის ნახვას, რაც მე ვნახე“ ( სიმ. ჯანაშია, შრომები, ტ. მე–4, თბ., 1968, გვ. 124 ).
 
თავის დროზე ადიღელთა ტრაგედიის თვითმხილველი ი. დროზდოვი წერდა: „საზარელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ – გზა მოფენილი იყო ბავშვების, ქალების, მოხუცების დაგლეჯილი, ძაღლებისგან ნახევრად შეჭმული, გვამებით; შიმშილითა და სნეულებით დასუსტებულ გადასახლებულებს, ძლივს რომ დალასლასებდნენ, და წაქცეულებს ჯერ კიდევ ედგათ სული, დამშეული ძაღლები უღებდნენ ბოლოს. . . ჯანმრთელებს და ცოცხლებს მომაკვდავებზე ფიქრისთვის არ ეცალათ, არც მათ ელოდათ უკეთესი ბედი; გაწუწკებული თურქი შკიპერები ტვირთივით ეზიდებოდნენ ჩერქეზებს მცირე აზიის ნაპირებამდე და ავადმყოფობის უმცირესი ნიშანიც საკმარისი იყო, რომ წყალში მოესროლათ ნებისმიერი. ტალღებს ამ უბედურთა გვამები ანატოლიის ნაპირებთან გამოჰქონდა. . . დანიშნულების ადგილამდე ნახევარმაც ვერ ჩააღწია. ამგვარი უბედურება და ამგვარი მასშტაბებით იშვიათად თუ უნახავს კაცობრიობას“. (Дроздов И. Последняя борьба с горцами на Западном Кавказе // Кавказский сборник. Тифлис, 1877. ტ. 2. გვ. 457.).
 
რუსეთის მოტივაცია, ყირიმის ომის შემდგომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება იყო. ამით მომავალში რაიმე მსგავსი საგარეო ინტერვენციის თავიდან აცილებას ცდილობდა. თვითონ რუსეთის შიგნით კი ეს ადამიანები ისე გაანაწილეს, როგორც კუნძულებზე და ყველგან უმცირესობაში ამყოფეს. ნაყოფიერ მიწებზე, მათ ნაცვლად, სხვები ჩაასახლეს. ჩერქეზები გაფანტეს, რომ საერთო ჩერქეზული ეთნიკური იდენტობა შესუსტებულიყო, ან სრულად გამქრალიყო.
 
ნაციონალისტური გამოღვიძების პერიოდი, უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ დაიწყო. უფრო სწორად, პერესტროიკის დროს გაძლიერდა და პიკს ბორის ელცინის პრეზიდენტობისას მიაღწია. ამ დროს და შემდეგაც რუსეთმა გენოციდის აღიარებაზე უარი თქვა. 2006 წელს დიასპორის წარმომადგენელმა აქტივისტებმა, გენოციდის აღიარების თხოვნით ევროპარლამენტსაც მიმართეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. 
 
„მე-19 საუკუნეში, რუსეთ-კავკასიის ომის დროს, რუსეთის იმპერიის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ საგანგებოდ იქნა წინასწარ დაგეგმილი, ხოლო შემდგომ განხორციელებული ჩერქეზული ტერიტორიების ეთნიკური ნიშნით წმენდა. ჩერქეზებისაგან დაცარიელებულ ადგილებში კი სპეციალურად ჩაასახლეს კაზაკები და რუსები, როდესაც მრავალჯერადი სადამსჯელო, სამხედრო ექსპედიციების შედეგად ფიზიკურად იქნა განადგურებული, ან სამშობლოდან განდევნილი მილიონ ნახევრამდე ჩერქეზული მოსახლეობის 90%-ზე მეტი. ირკვევა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული დამპყრობლური ომების პერიოდში ჩერქეზი ხალხის გენოფონდის საერთო დანაკარგმა, მოკლულის სახით შეადგინა ამ ხალხის მთლიანი მოსახლეობის 20%-ზე ბევრად მეტი. ამიტომაც, ამ ქმედებებს ჩვენი მხრიდან ეძლევა აშკარად გამოკვეთილი გენოციდის კვალიფიკაცია, ვინაიდან კვალიფიკაციის და განმარტების ყველა სახეობით, როდესაც იღუპება მოსახლეობის 20%-ზე მეტი, ის გახლავთ აშკარად გამოხატული გენოციდი”, – ეს იმ სამეცნიერო ნაშრომის დასკვნაა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ, მეფის რუსეთის მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას უძღოდა წინ.
 
საქართველო დღემდე რჩება ერთადერთ ქვეყანად მსოფლიოში, რომელმაც 2011 წელს აღიარა ჩერქეზთა გენოციდი. 
 
ქართველებისადმი, გენოციდის აღიარების გამო, ჩერქეზებმა არაერთხელ გამოხატეს მადლოერება. სამაგიეროდ, განაწყენდნენ რუსეთში. კონსტანტინ კოსაჩევმა – რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ ქართველებს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ და ამ ხალხის ტრაგიკული ბედი მათ არ ანაღვლებთ. კოსაჩევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული მხარის მიზანი, რუსეთის ანტაგონიზება და მისი იმ ხალხის უბედურების წყაროდ წარმოჩენაა, რომლებიც იქ საბჭოთა კავშირამდე და მის დროს ცხოვრობდნენ. სხვებმა რუსეთში ეს ფაქტი „იდეოლოგიურ დივერსიადაც” შეაფასეს.
 
დღესდღეობით, ნაციონალური იდენტობის გაძლიერებაში დიდ როლს ინტერნეტი თამაშობს – სწორედ ისაა ხიდი სხვადასხვა ქვეყნებსა და დასახლებებში გაფანტული ჩერქეზებისთვის. საზღვარგარეთ მიმობნეული 200–ზე მეტი ჩერქეზული სამოქალაქო ორგანიზაცია დღემდე აქტიურად იბრძვის ადიღე–ხალხთა უფლებების დასაცავად, მათი სამშობლოში დაბრუნების უფლების მოსაპოვებლად. 

 

sport
ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ევროპის ძიუდოს კავშირმა ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. ჯილდო ქართველ სპორტსმენს ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთიმ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდი კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გახდა.
ტატო გრიგალაშვილი საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დასახელდა. ის 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ხოლო შალვა გურეშიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way