ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათი ცნობით, არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით, წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.
„4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა. 17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო პროცედურის დაცვით, ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება, ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით.
კანონმდებლობის თანახმად, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრის შენარჩუნება დაკავშირებული იყო რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა ჰქონოდა შესაბამისი უფლებამოსილება; ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მიემართა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არაუგვიანეს 17 ივლისისა და ასევე უნდა მიემართა საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არაუგვიანეს 8 აგვისტოს 18:00 საათისა. ამგვარი უფლებამოსილება 7 პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდა, თუმცა, მათგან ორმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის არ მიმართა. შესაბამისად, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა მხოლოდ 5 პოლიტიკურ გაერთიანებას, დანარჩენებს კი მიენიჭათ წილისყრით.
საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:
№1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“
№2 – „დემოკრატთა ალიანსი“
№3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“
№4 – „ქართველ ერთობა“
№5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
№6 – „მესამე გზა“
№7 – „თავისუფალი საქართველო“
№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
№9 – ძლიერი საქართველო-ლელო
№10 – „მემარცხენე ალიანსი“
№11 – „საქართველო“
№12 – „მწვანეთა პარტია“
№13 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
№14 – „სახალხო ხელისუფლება“
№25 – „გახარია საქართველოსთვის“
№36 – „გირჩი“
№41 – „ქართული ოცნება“
რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/