USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
2024 წლის ბოლო ანალიტიკური შეჯამება უკრაინის თემაზე - გიორგი კობერიძე
თარიღი:  506
- უკრაინის არმიამ დნიპროპეტროვსკის ოლქის აღმოსავლეთ საზღვრის გამაგრება დაიწყო. დონეცკის ოლქის მომიჯნავე სოფლების ნაწილში ევაკუაცია გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა დონეცკის ოლქში ჯერ კიდევ ვერ აიღეს პოკროვსკი და შემოგარენი რაიონი, დაწოლა კვლავ მაღალია. რუსები პირდაპირ ქალაქის მისადგომებსაც უტევენ, მაგრამ ამასთან, ქალაქის სამხრეთიდანაც ავითარებენ შეტევას და გარკვეულ შემოვლით მანევრს ახორციელებენ. ამ ვითარებაში საბრძოლო მოქმედებები დნიპროპეტროვსკის ოლქის საზღვრამდე დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობს. სიტუაცია ამ სექტორზე რთულია, მაგრამ რუსების გათვლა, რომ პოკროვსკის რაიონი 2024 წელსვე დაეკავებინათ - შეუსრულებელი დარჩათ და პროცესში კოლოსალური დანაკარგი განიცადეს. მხოლოდ ამ სექტორზე, საუბარია 100 ათასამდე დაჭრილსა და მოკლულზე ბოლო 6 თვის განმავლობაში.
- 2024 წელს რუსებმა უკრაინაში 2800-3000 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. უკრაინელებმა რუსეთში კი 1200 კვადრატული კილომეტრი. რუსეთის მცდელობა ჩრდილოეთ კორეელების დახმარებით და საკუთარი 50 ათასიანი რეგულარული ნაწილებით განედევნათ უკრაინელები კურსკის ოლქიდან - წარუმატებლად დასრულდა. უკრაინელების ხელში რჩება 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, მათ შორის რაიონული ცენტრი სუჯა. არადა რუსეთი კიევის აღებას გეგმავდა სამ დღეში, მაგრამ ხუთი თვეა კურსკის ოლქს ვერ იკავებს. ცოცხალი ძალის შეფარდება რუსეთის სასარგებლოდაა 1:6-ზეა. კურსკში უკრაინელები დინამიურად აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს - ისინი მხოლოდ თავდაცვაში არ არიან და პერიოდულად კონტრშეტევაზეც გადადიან, ხოლო რუსული მომარაგების ხაზები ფრონტის ხაზის სიახლოვეს აქტიურად იბომბება კიდეც.
- ბოლო კვირაში კურსკის ოლქში, დასახლება პოგრებკისათვის ბრძოლაში რუსეთის 810-ე საზღვაო ბრიგადის წევრები განადგურდნენ. დასახლება უკრაინელთა ხელშია. თუკი წინათ სასაზღვრო ზონაში დისლოცირება ჩაწყობებით ან ქრთამით ხდებოდა, რათა გაწვეულებს თავი აერიდებინათ საომარი მოქმედებისათვის, ახლა პირიქით მოხდა, ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ ზონადაა ქცეული სასაზღვრო მონაკვეთები. ამის მიზეზი გარდა უშუალო შეტაკებებისა ორი სხვა მიზეზიც გახლავთ: 1. უკრაინული არტილერია ადვილად სწვდება სასაზღვრო ზონებში ბაზირებულებს; 2. რუსეთის ტერიტორიაზე სამხედროს ხელფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე უკრაინაში მებრძოლის. ეს ყველაფერი რუსების დემორალიზაციას ახდენს.
- მომდევნო წლის მდგომარეობით რუსეთს საბრძოლო მოქმედების ზონაში მილიონი სამხედრო უნდა ჰყავდეს. უკრაინული შეიარაღებული ძალების რაოდენობაც დაახლოებით ამდენივეა - 1.3 მილიონამდე. მაგრამ მათი ნაწილი საბრძოლო მოქმედების ზონაში არ იმყოფება. რუსების გათვლა ისაა, რომ საბრძოლო მოქმედების ყველა სექტორში უკრაინელებზე რამდენჯერმე უპირატესობით იყვნენ წარმოდგენილნი. რუსები მასობრივი გაწვევისათვის ელექტრონულ სისტემებს იყენებენ და ყველას, ვისი სახელიც სპეციალურ საიტზე გამოქვეყნდება, გაწვეულად ჩაითვლება და მოუწევს გამოცხადება. ონლაინ რეკრუტირება სრული მასშტაბით 2025 წელს შევა ძალაში.
- რუსულ არმიაში ორი ტიპის დეფიციტია: კვალიფიციური ოფიცრებისა და ლოჯისტიკა/კოორდინაციის. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს რუსეთმა ჯავშანტექნიკის წარმოება გააუმჯობესა, კვალიფიციური ოფიცრების რაოდენობაში კრიზისია. ოფიცრების კრიზისი კი ორ რამეზე აისახება: ახალწვეულების წვრთნის ლიმიტი და კოორდინირებული/ეფექტური შეტევის წარმოების შეზღუდულობა. კარგი ოფიცრის გარეშე დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ბრძოლებს ვერ ან კოლოსალური დანაკარგებით იგებს.
რაც შეეხება ლოჯისტიკას. ლოჯისტიკური კრიზისისას ეფექტურად ომის წარმოება შეუძლებელია - ამუნიცია, საწვავი, საკვები, წყალი, ინფორმაცია, შესაბამისი ტანსაცმელი თუ არ გაქვს, წარმატებულ ომს ვერ აწარმოებ. რუსეთი კი ცდილობს ბოლომდე გადავიდეს ომის ეკონომიკაზე, მაგრამ კვალიფიციური მუშაკების ქვეყნიდან გადინებამ და ფინანსების მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებისაკენ მიმართვამ სერიოზული პრობლემები შექმნა.
- ევროპელმა მოკავშირეებმა დიდი რაოდენობით ფული ჩადეს უკრაინულ სამხედრო წარმოებაში. ანუ თუკი აშშ უკრაინისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით ისევ ამერიკულ ტექნიკას ყიდულობს და გადასცემს უკრაინას, ევროპელი მოკავშირეები საკუთარი იარაღის მიწოდებასთან ერთად უკრაინულ სამხედრო ინდუსტრიას აფინანსებენ. ეს უკანასკნელები ან ადგილზე აწარმოებენ იარაღს, ან პოლონეთში, პოლონურ ქარხნებში. ეს ლოჯისტიკას აჩქარებს და საკმაოდ ეფექტურს ქმნის.
- ხვალიდან უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება ევროპაში შეწყდება. ამის საპირისპიროდ სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო რუსეთში ჩავიდა და პუტინს შეხვდა. ფიცო იმუქრება, რომ თუკი უკრაინა გაზს აღარ გაატარებს სლოვაკეთი უკრაინისათვის ელექტრო ენერგიის მიწოდების შეზღუდვას განიხილავს. ამ ყველაფერ პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან ნათელი სიგნალი მოჰყვა - თუკი სლოვაკეთი ელექტრო ენერგიის მიწოდებას შეზღუდავს მას პოლონეთი ჩაანაცვლებს სრულადო. თუმცა სლოვაკეთში ფიცოს მხარდაჭერა მაღალი არაა. ქვეყანა ამ კუთხით შუაზეა გაყოფილი. მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი მისი პოლიტიკის წინააღმდეგაა და ბრატისლავაში დემონსტრაციებიც გაიმართა ფიცოს ანტიუკრაინული პოლიტიკის წინააღმდეგ.
- რუსეთი ევროპის წინააღმდეგ დივერსიებს აგრძელებს. ამჯერად რუსული ხომალდები კვლავ ფინეთსა და ესტონეთს შორის დამაკავშირებელი კავშირგაბმულობის განადგურებას ცდილობენ. ფინურმა საზღვაო ძალებმა დააკავეს რუსული ტანკერი "Eagle S", რომელიც, არსებული ვარაუდით, წყალქვეშა კაბელების გადაჭრა/დაზიანებას გეგმავდა. სამწუხარო ისაა, რომ ფინური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ხომალდის კაპიტანი ქართველი იყო, ხოლო ეკიპაჟის წევრები ინდოელები. სხვა დეტალები ჯერ არაა ცნობილი.
ზოგადად რუსეთი მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა დივერსიას ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ. მოსალოდნელია რომ მომდევნო წელს ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. თანდათან ნათელია, რომ ევროპული სახელმწიფოებიც ხვდებიან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მეტი ქმედებაა საჭირო. 2025 წელი ბევრ რამეს შეცვლის.
- კრემლს არ სურს აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან წამოსული სამშვიდობო ხედვების სერიოზულად განხილვა. ამის მიზეზი სამია: 1. რუსეთს კვლავ სჯერა, რომ ომს მოიგებს და რომ 2025 წელი გარდამტეხი იქნება ამ მხრივ; 2. რუსეთს მთელი უკრაინის ან მისი დიდი ნაწილის მიღება სურს არა მხოლოდ ამჯერად ოკუპირებული ტერიტორიების; 3. ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების დათვლა-შეფასება ძალიან მძიმე იქნება რუსეთისათვის. მისი იზოლაციიდან გამოსვლა კი ადვილად ვერ მოხდება, ისევე როგორც ნდობა, ხოლო იარაღის ქვეშ დაყენებული ხალხის - დამნაშავეების, მობილიზებულების, კრიმინალებისა და გაწვეულების - ხელახალი ინტეგრირება დროს მოითხოვს.
ერთადერთი რაც რუსეთმა სარგებლის სახით შეიძლება მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ამოსუნთქვის საშუალება და ახალი საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვაა, ბალკანეთში კი ჰიბრიდული ომის გაძლიერება, ისევე როგორც კავკასიასა და მის ახლო სამეზობლოში. მოცლილ რუსეთს დიდი რესურსი ექნება საინფორმაციო-ჰიბრიდული ომების საწარმოებლად. მაგრამ იმ ფონზე, რომ რუსეთის მიზანი არსებული საერთაშორისო წესრიგის დამხობაცაა, მისთვის ტერიტორიის დათმობა დაპყრობით ომებს დააბრუნებს საერთაშორისო სამართლისა და პოლიტიკაში. პრეცედენტებს კი შემდგომ სხვებიც მიბაძავენ. ამიტომაც თუ რამდენად აწყობს დასავლეთს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება - საკითხავია.
არც უკრაინას აძლევს ხელს ცეცხლის შეწყვეტა კონკრეტული პირობების გარეშე. გარდა იმისა, რომ ეს მის უსაფრთხოებას ძალიან დაამძიმებს იარსებებს იმის საფრთხე, რასაც თავად უკრაინაში ძალიან ცუდი სახელით იხსენიებენ ე.წ. "საქართველოს სცენარით" - რაც ომში დამარცხებულ ქვეყანაში რამდენიმე თვეში ან წელიწადში პრო-რუსული ძალების მოსვლას გულისხმობს, რომლებიც მშვიდობის სახელით უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს უღალატებენო. კონკრეტული პირობები, რომელსაც უკრაინა შეიძლება დასთანხმდეს უკრაინის ან ნატოში გაწევრიანება / აშშ-სა და ბრიტანეთის არმიის განთავსება და ოკუპაციის არაღიარებაა. სხვა შემთხვევაში ეს ომს დროებით გააჩერებს და რუსეთის გადამზადების შემდეგ ან უშუალოდ უკრაინაში ან სხვა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ახალი ფაზების გახსნით შეიძლება დასრულდეს.
- 2025 წელს გერმანიაში არჩევნებია. რუსეთი მხარს უჭერს პრო-რუსული პარტიის ალტერნატივა გერმანიისათვის (AfD-ის) ხელისუფლებაში მოსვლას. AfD გერმანიაში მზარდი პოპულარობის მქონე პარტიაა და გამოკითხვებში ამჯერად მეორე ადგილს იკავებს. მისი პოპულარობის მიზეზი არა იმდენად რუსეთი, არამედ უფრო მიგრანტები არიან, რომელთა ნაწილიც გერმანულ სოციუმში სრულად ჯერ კიდევ ვერ ინტეგრირდნენ და AfD-ის რიტორიკით ტერორიზმთან ასოცირდებიან. არადა მიგრაციის ინსტრუმენტად გამოყენება თავად რუსეთმა მოახდინა, როდესაც ერთის მხრივ სირიაში მიზანმიმართულად დაბომბა დასახლებული პუნქტები და აიძულა მოსახლეობას მიგრირება, ხოლო მეორეს მხრივ ლიბიის სამოქალაქო ომში ხალიფა ჰაფთარის მხარდამჭერად გამოვიდა და სამხედრო დანაშაულებიც ჩაიდინა "ვაგნერის" ხელით. ამის შემდეგ, 2021 წლიდან თავად შექმნა მიგრანტების ქსელი: ჩაიყვანა ათასობით მიგრანტი რუსეთში და ბელარუსის გავლით პოლონეთს შეუსია, ომის დაწყების შემდეგ კი ფინეთს გაუკეთა იგივე. ეს ყველაფერი კი გააკეთა იმიტომ, რომ ევროპულ პოლიტიკაში ქაოსი გამოეწვია, რაც გააკეთა კიდეც.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ალბათობით არჩევნებში ქრისტიან დემოკრატიული პარტია და მისი ლიდერი ფრიდრიხ მერცი გაიმარჯვებს, AfD-ის როლი როგორი იქნება ქვეყნის პოლიტიკის ფორმირებაში - უცნობია. მერცის გამარჯვება გერმანიისათვის ერთგვარი შანსი იქნება ევროპის არამხოლოდ ეკონომიკურ არამედ სამხედრო საყრდენადაც ჩამოყალიბდეს. თუმცა გამარჯვების შემთხვევაში მას კოალიციის შეკვრა მოუწევს - ვისთან და როგორ საკითხავია.
- გუშინ აშშ-მ უკრაინას 2.5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო. დახმარების დიდი ნაწილი ამუნიციაზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორიც არ უნდა იყოს ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა უკრაინისადმი, კიევს კვლავ ექნება საშუალება საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისათვის. შესაძლოა 20 იანვრამდე კიდევ იყოს დახმარების ერთი პაკეტიც. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს რუსულ საფრთხეებზე სწრაფი და აქტიური რეაგირება, რადგან ვაშინგტონისათვის ნათელია, რომ რუსეთი ჩინეთთან ერთად დიდ ავტოკრატიულ ღერძს ქმნის და მთლიანად საფრთხეში აყენებს არამხოლოდ აშშ-ს სამხედრო-პოლიტიკურ ჰეგემონიას, არამედ მთელს უსაფრთხოებას დასავლურ სამყაროში. ჩრდილოეთ კორეელების ჩართულობა კი ერთ-ერთი პირველი ნიშანია იმისა, რომ გლობალური უსაფრთხოება ისეთი აღარაა, როგორც ამას 2000-ან წლებშიც კი სამომავლოდ იმედოვნებდნენ.
- 2025 წელი ომში რომ გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს ამის მოლოდინი უკრაინაშიც აქვთ და რუსეთშიც. ორივე მხარე მაქსიმალურად ახდენს რესურსების მობილიზაციას და მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე აქცენტის გაკეთებას. როგორც სამხედრო პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი მაიკ მარტინი წერს წიგნში "როგორ ვაწარმოოთ ომი" - ომში გამარჯვება ბრძოლის ველზე და დედაქალაქების აღებით იშვიათად მთავრდება და უფრო ხშირად მოწინააღმდეგის ნებისა და ომში გამარჯვების რწმენის გატეხვაზე გადისო. სწორედ ეს იქნება რუსეთისა და უკრაინის ამოცანა მომდევნო წელს.
კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.