- დღეს ყირიმის ხიდი ორივე მიმართულებიდან ჩაიკეტა. როგორც რუსები წერენ უკრაინელთა ბალისტიკური რაკეტის განადგურება შეძლეს, რომელიც ყირიმის ხიდის აფეთქებას ისახავდა მიზნად. რეალურად რა მოხდა და რომელი რაკეტა იქნა გაშვებული რთული სათმელია, მაგრამ რუსები შიშობენ, რომ ეს უკრაინელთა მხრიდან მხოლოდ მოთელვა და ტესტირება შეიძლება იყოს და შემდგომი, ინტენსიური სარაკეტო იერიშები მხოლოდ წინაა.
- ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით პრაქტიკულად უწყვეტი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩრდილოეთით, ბერკივკასა და იაჰიდნეს მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ძალიან მაღალია. გუშინ უკრაინელებმა რუსული Su-25 მოიერიშე ჩამოაგდეს. რუსები სიახლოვეში მყოფ ყველა არსებულ რეზერვს იყენებენ უკრაინელთა შეტევის დასაგდებად. აშკარაა, ბახმუტსა და სოლედარს რუსებისათვის მარიუპოლთან მიახლოებული მნიშვნელობა აქვს შეძენილი და ყველაფრის ფასად ცდილობენ მის და მის ირგვლივ არსებული ტერიტორიების შენარჩუნებას. თუმცა ეს შოიგუსათვისაც კრიტიკული ღირებულებისაა, რადგან არ გამართლდეს პრიგოჟინის მიდგომა, რომ "ვაგნერის" გასვლამ მართლაც გამოიწვია ქალაქის დაკარგვა.
- უკრაინული და რუსული არტილერია ერთმანეთის პოზიციების წინააღმდეგ ინტენსიურ დარტყმებს ახორციელებს ზაპორიჟიას ოლქში, განსაკუთრებით კი ორიხივი-ტოკმაკის გზის გასწვრივ, რობოტინესთან. აქაც, ძალიან საინტერესო ტენდენცია ისაა, რომ რუსებს თავდაცვის პოზიცია არ უკავიათ და პერიოდულად ცდილობენ საარტილერიო ცეცხლის შემდეგ კონტრშეტევა აწარმოონ უკრაინელთა მიერ გათავისუფლებული პოზიციების წინააღმდეგ. ანუ სულ რამდენიმე კილომეტრის გასწვრივ გვაქვს ძალიან მაღალი ინტენსივობის შეტაკებები და არცერთი მხარე არ იკავებს თავდაცვის პოზიციას. უკრაინელთა მხრიდან გასაგებია, მაგრამ რუსების მხრიდან მსგავსი რამ მოასწავებს, რომ პოლიტიკური ბრძანებაა მოსული უკან არდახევის შესახებ. ეს ცხადია დიდ მსხვერპლსაც მოასწავებს რუსების მხრიდან, თუმცა აშკარად აქვთ იმედი რომ უკრაინულ შეტევას გამოფიტავენ. თუმცა კონტრბატარეულ საარტილერიო დუელებში უკრაინელები ბევრად ჯაბნიან რუსებს.
- უკრაინელებმა მელიტოპოლსა და მის სიახლოვეს, ჩრდილოეთით, ზარიჩნესთან, რუსული პოზიციები დაბომბეს. სამიზნე, როგორ ჩანს რუსული სამეთაურო პუნქტი იყო.
- პრო-უკრაინული თავისუფალი რუსეთის ლეგიონი აცხადებს, რომ რუსეთის პუტინის რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად ბრძოლას აგრძელებს და მალე შედეგებსაც დადებს. ვნახოთ.
ზოგადი მდგომარეობა:
საბრძოლო მოქმედებების ახალი მიმართულებები არ არის. ინტენსივობა კონკრეტულ ორ მონაკვეთზე - ბახმუტის ირგვლივ და ზაპორიჟიაში, ორიხივი-ტოკმაკის გზის სიახლოვეს - შედარებით მაღალია. მოძრაობებია ველიკა ნოვოსილკას სამხრეთითაც, დონეცკის ოლქში, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გაქვს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე