განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 14 სპეციალური პრიზი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა. ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენს, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში არასდროს ჰყოლია 6 მსოფლიოს ჩემპიონი.
საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები - ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) გახდნენ.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.