USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
2018 წელთან შედარებით, საქართველოში 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევა მათემატიკაში შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით
Date:  376

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2022-ის პირველადი ანგარიშის თანახმად, 2018 წელთან შედარებით 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევა მათემატიკაში შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით - სქესის მიხედვით გოგონების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს.

შესაბამისი კვლევის შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პირველადი ანგარიშის მიზანი PISA 2022 წლის ციკლში საქართველოს 15 წლის ასაკის მოსწავლეების შედეგების გაცნობაა კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სფეროებში.

„საქართველოს მოსწავლეები 2022 წელს მათემატიკაში წარმოდგენილნი არიან 390 ქულით, კითხვაში - 374 და საბუნებისმეტყველო საგნებში - 384 ქულით. საშუალო მიღწევის მოკლევადიანი ანალიზის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით. არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

PISA 2022 წლის მონაცემებით, მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალოზე (OECD-ის საშუალო: 69%). კითხვაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს (OECD-ის საშუალო: 74%), ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში დაახლოებით 35%-მა (OECD-ის საშუალო: 76%)“,- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

რაც შეეხება შედეგებს სკოლის ტიპის, ადგილმდებარეობის, ტესტის ენისა და მოსწავლის სქესის მიხედვით, ანგარიშის თანახმად, სკოლის ტიპის (კერძო-საჯარო) მიხედვით PISA 2022 წლის შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში (კერძო - 445, საჯარო - 384), ასევე კითხვასა (კერძო - 426, საჯარო - 369) და საბუნებისმეტყველო საგნებში (კერძო - 436, საჯარო - 379).

„სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, PISA 2022-ში მათემატიკაში მაღალი შედეგებით გამოირჩევიან თბილისის მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ (344 ქულა). მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც;

PISA 2022 წლის შედეგებით, საქართველოში ბიჭები (387 ქულა) და გოგონები (393 ქულა), საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს. კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს (გოგონა - 392 ქულა, ბიჭი - 357 ქულა). საბუნებისმეტყველო საგნებში გოგონებმა 14 ქულით მეტი (391 ქულა) მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა (377 ქულა);

საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით გოგონების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს. საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, ბაქოს (აზერბაიჯანი), დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს და კიდევ 6 სხვა ქვეყანას;

საქართველოში მიღწევის დონეების მიხედვით, მათემატიკაში დაბალი მაჩვენებლების წილი მსგავსია ბიჭებსა (67%) და გოგონებში (66%). თუმცა, კითხვაში ეს წილი უფრო დიდია ბიჭების შემთხვევაში (გოგონები 59% და ბიჭები 74% კითხვის მე-2 დონეს ქვემოთ). რაც შეეხება უმაღლესი შედეგების მქონე მოსწავლეებს, მათემატიკაში ბიჭების (1%) და გოგონების (1%) წილი მსგავსია;

ტესტის შესრულების ენის მიხედვით შეფასების სამივე სფეროში 2015-2022 წლებში სტატისტიკურად მაღალ შედეგებს აჩვენებენ ქართულენოვანი და რუსულენოვანი სკოლების მოსწავლეები. PISA 2022 წლის მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ ორი ჯგუფის შედეგებს. ქართულენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს შორის მათემატიკაში სხვაობა 73 ქულაა, კითხვაში - 80, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 81 ქულა“,- ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს PISA-ს სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის მიხედვით, საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 7.3% იყო PISA-ს სოციო-ეკონომიკური სკალის ქვედა მეხუთედში რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შედიოდნენ ყველაზე შეჭირვებულ მოსწავლეთა შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2022 წლის ციკლში.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way