USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
20 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
 304

20 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 324-ე დღე (ნაკიან წლებში – 325-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 41 დღე.

დღის მოვლენები

284 : დიოკლეტიანე არჩეულ იქნა რომის იმპერატორად.

1700 : ჩრდილოეთის დიდი ომი: ბრძოლა ნარვასთან - შვედეთის მეფე კარლ XII ამარცხებს პეტრე დიდს ნარვასთან.

1789 : ნიუ-ჯერსი ხდება პირველი ამერიკის შტატი, რომელიც რატიფიცირებას უკეთებს ადამიანთა უფლებების დეკლარაციას.

1820 : 80 ტონიანი თეთრი ვეშაპი თავს ესხმის ესექსს (ვეშაპზე მონადირე გემი ნანტაკეტიდან, მასაჩუსეტსი) 2000 მილში სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროდან (ჰერმან მელვილის 1851 წლის რომანი მობი-დიკი ამ შემთხვევას ეყრდნობა).

1910 : მექსიკის რევოლუცია - ფრანცისკო მადერო უარყოფს პრეზიდენტ პორფირიო დიასს, თავს პრეზიდენტად აცხადებს და ხალხს მოუწოდებს მექსიკის მთავრობის გადაგდებას.

1917 : უკრაინა რესპუბლიკა ხდება.

1940 : უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი აქსისი ძალებს უერთდებიან.

1945 : ნიურნბერგის პროცესი - სასამართლო პროცესი 24 ნაცისტი ომის კრიმინალის წინააღმდეგ იწყება ნიურნბერგის იუსტიციის სასახლეში.

1947 : პრინცესა ელისაბედი ქონწინდება ლეიტენანდ ფილიპ მონბატენზე ვესტმინსტერის სააბატოში, ლონდონი.

1955 : ხმის ჩამწერი სტუდია არ-სი-ეი (RCA) ელვის პრესლის $35.000-იან კონტრაქტს სთავაზობს.

1962 : კუბის ქობინთა კრიზისი - სსრკ-ის კუბიდან ქობინთა დისლოკაციაზე თანხმობის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი აუქმებს კარიბის კუნძულზე სანაოსნო კარანტინს.

1985 : Microsoft-ის ვინდოუს 1.0 გამოდის.

2010 : საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტესტ-მატჩში ანგარიშით 22:15 დაამარცხა კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები.

2011 : ესპანეთის საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა სახალხო პარტიამ მარიანო რახოის ხელმძღვანელობით.

2012 : ხორვატიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ივო სანადერს ქრთამის აღების გამო ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

2013 : ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა.

2016 : მარიამ მამადაშვილის სიმღერა „მზეო“ 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.

2018 : ინტერპოლის პრეზიდენტად კორეელი კიმ ჩონ იანი აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

270 : მაქსიმინუს II — რომის იმპერატორი

1761 : პიუს VIII — რომის პაპი

1841 : ლორიე, ვილფრიდ — კანადის პრემიერ-მინისტრი

1880 : ჯავახიშვილი, მიხეილ — ქართველი მწერალი

1886 : ფრიში, კარლ ფონ — ავსტრიელი ზოოლოგი

1889 : ჰაბლი, ედუინ — ამერიკელი ასტრონომი

1923 : გორდიმერი, ნადინ — სამხრეთ-ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1928 : ბატალოვი, ალექსეი — საბჭოთა მსახიობი

1925 : პლისეცკაია, მაია — რუსი პრიმა-ბალერინა

1926 : ვახტანგ ბალავაძე — ქართველი მოჭიდავე

1928 : ბატალოვი, ალექსეი — რუსი მსახიობი

1956 : დერეკი, ბო — ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

870 : ედმუნდი — აღმოსავლეთ ინგლისის მეფე

1316 : ჟან I — საფრანგეთის მეფე

1695 : ზუმბი — ბრაზილიელი გაქცეული მონა

1910 : ტოლსტოი, ლევ — რუსი მწერალი (დ. 1828)

1925 : ალექსანდრა — დანიის დედოფალი

1945 : ასტონი, ფრენსის — ინგლისელი ფიზიკოსი

1975 : ფრანკო, ფრანსისკო — ესპანეთის დიქტატორი (დ. 1892)

1987 : რაიკინი, არკადი — საბჭოთა მსახიობი

2020 : ირინეოსი — სერბეთის პატრიარქი (დ. 1930)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

33 მელიტინელი მოწამე: იერონი, ისიხიოსი, ნიკანდრე, ათანასე, მამაი, ბარაქიოსი, კალინიკე, თეაგენე, ნიკონი, ლონგინოზი, თეოდორე, ვალერიუსი, ქსანთე, თეოდულე, კალიმაქე, ევგენი, თეოდოხე, ოსტრიქიოსი, ეპიფანე, მაქსიმიანე, დუკიტე, კლავდიანე, თეოფილე, გიგანტი, დოროთე, თეოდოტე, კასტრიკიოსი, ანიკიტე, თემელიოსი, ევტიქი, ილარიონი, დიოდოტე და ამონიტე.

ლაზარე გალისიელი

წმინდა თეოდოტე

წმინდა მოწამენი: მელასიპე და კასინია და ძე მათი ანტონინე.

ავქტი, ტავრიონი და თესალონიკია

აგრეთვე:

ზუმბის დღე - ბრაზილია 1978-დან

რევოლუციის დღე - მექსიკა (1910)

ბავშვთა დღე - იუნისეფი

მასწავლებელთა დღე - ვიეტნამი

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way