USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
1978 წლის 14 აპრილი - ბრძოლა, რომელიც გამარჯვებით დამთავრდა
Date:  5360

„დედაენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II

 „ენაა იდუმალი და აუხსნელი საუნჯე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

1978 წლის 14 აპრილს ყველაფერი უჩვეულოდ დაიწყო. თბილისის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ დილიდანვე დაძაბულობა იგრძნობოდა, სტუდენტები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდნენ, ხმამაღლა მსჯელობდნენ... მათი რაოდენობა ყოველ წუთს იზრდებოდა. 11 საათზე ათასობით ახალგაზრდა მელიქიშვილის ქუჩით რუსთაველის გამზირისაკენ დაიძრა, სადაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესია მიმდინარეობდა. ამ სესიაზე საქართველოს სსრ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მოხსენების შემდეგ საქართველოს ახალი კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინათ, კონსტიტუცია, რომელშიც წინასგან  განსხვავებით ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი გაუქმებული იყო... ამ ფაქტით აღშფოთებულ უნივერსიტეტიდან დაძრულ ახალგაზრდებს ფილარმონიასთან შეუერთდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ის პროფესორ-მასწავლებლები და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელნი, რომელთაც ახსოვდათ 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი დღე... მათ სახეებზე აღბეჭდილი იყო სიხარულიც და სისხლიანი ტრაგედიის განმეორების შიშიც...

აბობოქრებულმა ახალგაზრდებმა რუსთაველის ძეგლთან გაარღვიეს მილიციელთა კორდონები და შევიდნენ რუსთაველის გამზირზე, სადაც ჩამწკრივებული იყო სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ბრეზენტგადაფარებული საბჭოთა სამხედრო მანქანების კოლონა.

2008 წელს ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას ჩავინიშნე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების მისეული ხედვა. „ახალგაზრდების რუსთაველის გამზირზე შემოსვლის მომენტიდან ყოველ 5 წუთში ვიღებდი ინფორმაციას მათი მოძრაობის შესახებ. მითხრეს, რომ მათ შეუერთდნენ მეცნიერების, ხელოვნების, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები. დემონსტრანტები გაიძახოდნენ: „გაუმარჯოს დედა-ენას!“ რამდენიმე წუთიც და გუგუნის ხმა მეც მესმოდა. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო გაუთვალისწინებელი რამ მომხდარიყო. საბჭოთა სისტემა ასე იყო მოწყობილი - ექსტრემალურ სიტუაციაში რესპუბლიკაში რეალური ძალაუფლება ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნის ხელში იყრიდა თავს, მას ემორჩილებოდნენ ძალოვანები. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იყო გენერალ-ლეიტენატი პავლე მელნიკოვი, რომელმაც მითხრა: დიდ პატივს გცემთ თქვენ და ქართველ ხალხს, მაგრამ თუ ბრძანება მოვიდა მოსკოვიდან ძალის გამოყენებაზე, მე მას შევასრულებო. ცოტა ხნის შემდეგ კი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი გენადი კოლბინი მეუბნება: ამჟამად ყველა ძალოვანი მე მემორჩილება, მაგრამ ეს დროებითაა, საჭიროა როგორმე დაუკავშირდეთ სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს ლეონიდ ბრეჟნევს და მოახსენეთ შექმნილი ვითარების შესახებო. როდესაც მოხსენებას ვკითხულობდი მომახსენეს, რომ მოხერხდა ბრეჟნევთან დაკავშირება... ბრეჟნევთან საუბრის შემდეგ გავაგრძელე მოხსენების კითხვა და გამოვაცხადე: საკონსტიტუციო კომისიამ ბევრი იფიქრა, იმსჯელა კონსტიტუციის 75-ე მუხლთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება ეს მუხლი ასე ჩამოყალიბდეს: „საქართველოს სსრ სახელმწიფო ენა არის ქართული ენა“... ამ სიტყვებს მოჰყვა დარბაზის ემოციური ოვაცია. ამის შემდეგ ჩავედით მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ახალგაზრდებთან და მოვახსენეთ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ...“

ამ დღეს თბილისი გადაურჩა ახალ სისხლისღვრას. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც საბჭოთა სისტემამ უკან დაიხია... საქართველოს ისტორიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი იწყებოდა.

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way