USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
1937 წლის 30 სექტემბერს მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს
თარიღი:  1457

1937 წლის 12 აგვისტოს, ქვიშხეთის მწერალთა დასასვენებელ სახლში დააპატიმრეს მიხეილ ჯავახიშვილი. ის წამოიყვანეს თბილისში და მოათავსეს შინსახკომის საპატიმროში.

საკნის კართან რომ მიიყვანეს და ხელი უბიძგეს, ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო კართან, დაიძახა, მიხეილ ჯავახიშვილი მოიყვანეს ჩვენთანო. საკანი გადავსებული გახლდათ - დასაწოლი კი არა, ფეხზე დასადგომი ადგილი ჭირდა... მაგრამ მწერლისთვის უმალ გამოინახა კუთხე. მას თეთრი ტანისამოსი ეცვა, განუყრელი ხელჯოხი კი, რომელიც ქვიშხეთიდან წამოყვანისასაც ეჭირა, ცხადია, აღარ ჰქონდა...

პირველ დაკითხვებს თავად ლავრენტი ბერია ესწრებოდა. ცემა და წამება მისი ბრძანებით, მის თვალწინ მიმდინარეობდა. მიუხედავად ჯოჯოხეთური ტანჯვისა, ჯავახიშვილი მაინც ახერხებდა მხნეობა შეენარჩუნებინა და დაკითხვიდან დაკითხვამდე თანასაკნელებს ხან რას უამბობდა და ხან რას. ერთხელ, რაღაც საინტერესო ამბავს ჰყვებოდა თურმე, როცა საკნის კარი გაღებულა და დასაკითხად გაუყვანიათ. უკან კარგა ხნის შემდეგ დაუბრუნებიათ - ნაწამები, ძალაგამოცლილი, გონებამიხდილი. პატიმრებს დაუწვენიათ და გარს შემოხვევიან. ცოტა ხანში, მწერალს თვალები გაუხელია და უკითხავს, გეთაყვა, სად გავჩერდი აღარ მახსოვსო და პასუხი რომ მოუსმენია, თხრობა გაუგრძელებია...

"როცა ჩეკისტები თავს დაგვადგნენ და მამას დაპატიმრების ორდერი წარუდგინეს. მე და ჩემი ძმა რამაზი ოთახიდან გამოვცვივდით და დავინახეთ, როგორ წამოდგა საწოლიდან მამა, როგორ ჩაიცვა თეთრი კოსტიუმი და უსიტყვოდ გაჰყვა ჩეკისტებს. ჩემი და, ქეთევანი, მათ რაღაცას უყვებოდა. დედა კი გაოგნებული იდგა." - რუსუდან ჯავახიშვილის მოგონებიდან.
,,მას გამძაფრებული პატრიოტული შეგნება ჰქონდა: რუსულ-ქართული ჟარგონი, დამახინჯებული ქართული წარწერა მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე თითქოს პირად შეურაცხყოფას აყენებდა. შეიძლება მისი მტკივნეული პატრიოტიზმი იმითაც აიხსნებოდა, რომ საქართველოს განაპირა პროვინციიდან წარმოსდგებოდა, მარაბდის რაიონიდან, სადაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტი სისხლი დაუღვრია მტრის ურდოებთან ბრძოლაში." - წერს გერონტი ქიქოძე, რომელიც ერთადერთი იყო ჯავახიშვილის თანამედროვეებში, ვინც 26 ივლისს, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებას: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“ - მხარი არ დაუჭირა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
საბჭოთა დიქტატურას მოთმინების ფიალა ოთხი დღით ადრე, 22 ივლისს აევსო. როდესაც, პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა და ფუნქციონერებმა ამ ფაქტზე რეზოლუცია მიიღეს, სადაც იაშვილის "ქმედება" ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი არ შეუერთდა მათ და მწერლის გამბედაობა შეაქო..
მოგვიანებით, რეაბილიტირებული მწერლის იუბილზე, ნოდარ დუმბაძემ თქვა:
,,... ვაი, რა ვიწრო ნაოჭი, ღარი და ხნული ჰქონია ტვინში იმას, ვისაც ეგონა, რომ მის სახელს წაშლიდა ქვეყნიერებაზე. ტკივილი ტკივილად დარჩა. თორემ ჯავახიშვილი იმ პატიოსან თვალსა ჰგავს, ერის საგანძურის სეიფში რომ დევს, რომელსაც ვერც მოიპარავ, ვერც გაყიდი და ვერც იყიდი, რადგან ერთადერთია, უნიკალური და ფასდაუდებელი. ახლა ჯავახიშვილის წიგნები ყველა ოჯახში აწყვია, როგორც განძი, როგორც გაფრთხილება, გამოფხიზლება, სიმართლე, აღიარება, სიყვარული, თავდავიწყება, ინტერნაციონალიზმიც და პატრიოტიზმიც, ყველაფერი ის, რითაც სუნთქავს ქართველი ხალხი. იგი ილიას პირდაპირი მემკვიდრე იყო, ამოღებული ხმალივით შიშველი და სამშობლოს საკურთხეველზე ზვარაკად მიტანილი. ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. ესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი."
 მწერალი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამოუკიდებლობის ქომაგი, სხვადასხვა დროს რეპრესირებული და წლობით აკრძალული ავტორი, ქართული რეალისტური რომანის ფუძემდებელი - მიხეილ ჯავახიშვილი, 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით, წამებისგან დაუძლურებულს მოაწერინეს ხელი „დანაშაულის აღიარებაზე“. დახვრიტეს იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი გაანადგურეს, ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს. მოგვიანებით დახვრიტეს მისი ძმაც

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის