1924 წლის 1 სექტემბერს დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა და მისი სასულიერო დასი!
მუდამ გვახსოვდეს უფლისა და სამშობლოსთვის შეწირულები!
1924 წელი. ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან მეჩვიდმეტე წელს ახალი ტრაგედია დატრიალდა საქართველოში - ქუთაისში, საფიჩხიას ტყეში, "მწვანეყვავილას ადგილზე", ებრაელების სასაფლაოს ბოლოში დახვრიტეს მიტროპოლიტი ნაზარი, დეკანოზები გერმანე და იეროთეოზი, მღვდელი სიმონი და პროტოდიაკვანი ბესარიონი.
დახვრეტის დღეს, მიტროპოლიტ ნაზარის თანხლებით, მათ როდინოულის ეკლესია უკურთხებიათ და ღამე სიმონეთში ერთ-ერთ ოჯახში გაუთევიათ, რადგან გაფრთხილებულები იყვნენ, რომ შინ დაბრუნების შემთხვევაში დაპატიმრება ელოდათ. მიტროპოლიტი ნაზარი იმ გაზაფხულზე გაათავისუფლეს ციხიდან.
დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა: ნაზარი ლეჟავა ხელმძღვანელობდა სასულიერო პირთა გამოსვლებს ქრისტიანული რწმენისა და ეკლესიის დასაცავად, ხელყოფისაგან იცავდა საეკლესიო ქონებას. მას 1922 წლის 5 იანვარს გაუცია განკარგულება, სასულიერო პირებს მთავრობისათვის არ ჩაებარებინათ სიები სამღვდელოებაზე და არ აღეწერათ საეკლესიო საკუთრება. 1922-1923 წლები უმძიმესი პერიოდია საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ბოლშევიკურმა მთავრობამ საქართველოში 1500 ეკლესია დაანგრია. განადგურდა საეკლესიო განძეულობა, დაიწვა უამრავი უნიკალური ხელნაწერი. საეკლესიო განძის გადასარჩენად სამღვდელოებასთან ერთად იბრძოდნენ საზოგადო მოღვაწენიც. სვეტიცხოვლისა და სიონის ოთხი ყუთი განძეულობა მეუფე ნაზარის ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ დაუმარხავს. ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა მიაგნეს ამ განძს და მიტროპოლიტ ნაზარის სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს, რაც მოგვიანებით პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით შეუცვალეს. 1924 წლის აპრილში კი, ამნისტიის საფუძველზე, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ მღვდელმთავარი გაათავისუფლეს. მიტროპოლიტი ნაზარი თავის ეპარქიაში ბრუნდება. მას არ უშვებენ სარეზიდენციო სახლში, რომელიც ბოლშევიკებს საწყობად ექციათ, ამიტომ იძულებული იყო, ძმის ოჯახისთვის შეეფარებინა თავი.
მღვდელი სიმონ მჭედლიძე, სარწმუნოებრივ-ზნეობრივ-საზოგადოებრივი გაზეთის - "შინაური საქმეების" რედაქტორი, ეჭვმიტანილთა სიაში იყო, რადგან მისი პუბლიკაციები ამხელდა ათეისტი სოციალ-დემოკრატებისა და მარქსიზმის მიმდევრების ნააზრევს.
სტუმრად მყოფ მიტროპოლიტსა და მის თანმხლებ სამღვდელოებას ღამით, მძინარეებს თავს დაესხნენ ჩეკისტები. ხელ-ფეხი შეუკრავთ, თოფის კონდახებით უცემიათ და ურემზე დაკრულები სოფლის საბჭოში მიუყვანიათ. მეორე დღეს პატიმრები ქუთაისის შინსახკომში გადაუყვანიათ და ბნელ საკანში გამოუმწყვდევიათ. ყოველგვარი გასამართლების გარეშე "განსაკუთრებულმა სამეულმა" ოფიციალური ბრალდებით: "აგვისტოს ავანტიურაში მონაწილეობისათვის" დახვრიტა მეუფე ნაზარი და ოთხი სასულიერო პირი: დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და პროტოდიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე.
"ბავშვობაში გამიგონია, რომ ჯერ კიდევ ცოცხლებს დააყარეს მიწა ჯალათებმა. ამბობენ, მიწა რამდენიმე ხანს კიდევ იძვროდაო", - ამბობს მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, რომელიც აქვე იხსენებს მეუფე ნაზარის სულიერ წინაპრებს - დოსითეოზ ქუთათელსა და ექვთიმე გაენათელს, რომელთა კვალსაც მიჰყვა მორტოპოლიტი ნაზარი, რუსმა ხელისუფლებმა ხომ უმაღლესი სასულიერო პატივის გამო ხალხისათვის უწმინდესი და ხელშეუხებელი ქუთათელი და გაენათელი მღვდელმთავრები ტომრებში ჩასვეს, ურემზე დაყარეს, სასტიკი ცემის შემდეგ სამშობლოდან გადასახლება დაუპირეს, მაგრამ შემდეგ ჯალათებმა ტანჯვა-წამებით გზაზე დახოცეს.
მიუხედავად რეპრესიებისა, ქართველი ხალხი ათეისტურ რეჟიმს ვერ ურიგდებოდა და თავგამოდებით იბრძოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. 1905-1906 წლებში მიმდინარე ბრძოლა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის, რომელიც მაშინდელმა რუსეთის საეკლესიო კრებამ უარყოფითად გადაწყვიტა, 1917 წლის რევოლუციის, რუსეთში ცარისტული რეჟიმის დამხობის შემდეგ კვლავ გაგრძელდა. 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, 16 მარტს კი თბილისში შემდგარმა სასულიერო მოღვაწეთა კრებამ დაადგინა, რომ სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. საუბედუროდ, დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდი რეპრესიების ახალი წლებით შეიცვალა. ახალმა რეჟიმმა ახალი წესები მოიტანა. 1921 წელს მიწაზე კერძო საკუთრება გაუქმდა და ეკლესია-მონასტრებს კუთვნილი მიწები ჩამოერთვათ. მრავალმა მონასტერმა შეწყვიტა მოქმედება. საუკუნეებგამოვლილმა გელათის მონასტერმა, რომელიც "ახალ ათინად და მეორე იერუსალიმად" იწოდებოდა 1923 წლის გაზაფხულზე შეწყვიტა არსებობა.
1924 წელს საქართველოში დაიწყო შეიარაღებული აჯანყებისთვის მზადება. 28 აგვისტოს აჯანყება მთელ საქართველოს მოედო. საქართველოს საგანგებო კომისიის მუშაკებმა მიაგნეს აჯანყების შტაბს შიომღვიმის მონასტერში და მისი ხელმძღვანელები დააპატიმრეს. საბჭოთა ხელისუფლების ანგარიშსწორებამ შეუზღუდავი ხასიათი მიიღო, რასაც შედეგად უამრავი უდანაშაულო პირის დასჯა და დახვრეტა მოჰყვა.
1995 წლის 19 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სვეტიცხოველში მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა: მიტროპოლიტ ნაზართან ერთად მოკლულთა სახით კანონიზებულ იქნეს საქართველოში ეკლესიისა და ერისათვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეწოდოთ მათ სახელად ახალმოწამენი.
27 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდანებად შერაცხილ ახალმოწამეთა ხსენებას აღნიშნავს.