USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
Тбилиси
1924 წელი, აჯანყება ჭიათურაში ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ
дата:  2577
აჯანყება დაიწყო 27 აგვისტოს, ოთხშაბათს, ჭიათურასთან ახლოს, სოფელ შუქრუთში. აჯანყებულებმა სოფელში ხელისუფლების წარმომადგენლები დააპატიმრეს და იარაღი აჰყარეს. 28 აგვისტოს დილის 4 საათზე აჯანყებულები თავს დაეცნენ ჭიათურას და ქალაქი დაიკავეს. მათ ხელში აღმოჩნდა 200-მდე შაშხანა და ბომბი. ჭიათურის აღებაში მონაწილეობა მიიღო კონსტანტინე ჩაჩანიძემ, რომელიც ქალაქის აღების შემდეგ ჭიათურის კომენდანტად დაინიშნა. ჭიათურის აღების შემდეგ აჯანყებულების რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. 28 აგვისტოს დილით 10 საათზე მათ აიღეს ჭიათურის რკინიგზის სადგური, შემდეგ აყარეს შორაპნიდან ჭიათურისკენ მიმავალი რკინიგზის ლიანდაგი და ჩაუსაფრდნენ მატარებელს, რომელიც უმსხვერპლოდ გაბრუნდა უკან.
აჯანყებულების კონტროლიქვეშ იყო სოფლები შუკინეთი, კაცხი, რგანი, ქვაციხე, ხრეითი, წირქვალი (ზოდი) და დაბა საჩხერე.
აგვისტოს გამოსვლა მოხდა სოფელ ორპირში, მაგრამ აჯანყებულებმა წარუმატებლობა განიცადეს.
 საჩხერე აჯანყებულებს მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ეკავათ. აჯანყებულებმა ერთი დღით დაიკავეს კორბოულის რაიონი.
28 აგვისტოს აჯანყებულები დამარცხდნენ შორაპნის მაზრის მილიციასთან ბრძოლაში სოფელ კაცხთან, მაგრამ ჭიათურის მაღლობებთან მისულ მილიციას ალყა შემოარტყეს და რამდენიმესაათიანი ბრძოლა გაუმართეს. მილიციის უფროსი უკან დაბრუნდა სადგურ სალიეთში და თბილისიდან დამხმარე რაზმი მოითხოვა. შორაპნის მაზრის მილიცია და თბილისიდან მისული ჩეკას რაზმი თავს დაესხა აჯანყებულებს ქვაციხეში და დაამარცხა.
29 აგვისტოს დილის 9 საათზე ხელისუფლების ჯარი ერთი ტყვიამფრქვევით ჭიათურაში შევიდა და მილიციის ენოა დაიკავა. აჯანყებულებმა ქალაქი დატოვეს. საღამოს 8 საათისთვის ჭიათურა აჯანყებულებისგან დაცლილი იყო. უკანდახეულ აჯანყებულთა ერთ ნაწილს და ხელისუფლების ძალებს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა დარკვეთის სადგურთან. ამის შემდეგ აჯანყებულების ეს რაზმი დანებდა. შორაპნის მაზრაში მთლიანად აჯანყებულების მხარეს 16 ადამიანი დაიღუპა, ხელისუფლების მხარეს კი 11.
ჭიათურაში აჯანყების დამარცხების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებულთა დაპატიმრების პროცესი დაიწყო. აჯანყებაში მონაწილეებს და მათ თანამგრძნობებს, ასევე ეჭვმიტანილებს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ შექმნილი ე.წ. „სამეულები“ ყოველგვარი ძიებისა და გასამართლების გარეშე ხვრეტდნენ. დააპატიმრეს ყვირილის ხეობაში მცხოვრები წერეთლები და საჩხერიდან ჩამოყვანილ დაპატიმრებულებთან ერთად სპეციალურ ეშელონში მოათავსეს. ეშელონი შემდეგ ჭიათურაში ჩამოაყენეს, სადაც მუშათა საგანგებო რაზმის (ჩონი) წევრებმა მათ ჭიათურასა და ახლო-მახლო მიდამოებში დაპატიმრებულები დაახვედრეს. მოგვიანებით ეშელონი შორაპანში გადაიყვანეს, სადაც ასევე დაახვედრეს დაპატიმრებულები. პატიმრები ექვს ვაგონში გადაანაწილეს. დაპატიმრებულებს ეუბნებოდნენ, რომ ქუთაისში ჩაიყვანდნენ, აჯანყებასთან დაკავშირებით დაკითხავდნენ, უდანაშაულოებს სახლებში დააბრუნებდნენ, დამნაშავეების საქმეს კი სასამართლოს გადასცემდნენ. ვაგონებში გამომწყვდეულ ადამიანებს რამე რომ არ ეეჭვათ, თითო „ბუხანკა“ პური დაურიგეს. შორაპნის სადგურიდან გასული მატარებელი სოფ. არგვეთის რკინიგზის ხიდის სიახლოვეს გაჩერდა. აქ ორმოები წინასწარ იყო ამოღებული. არემარეს რუსული წითელი არმიის ნაწილები იცავდნენ, რომლებშიც ქართველი ჯარისკაცებიც ერივნენ.
ქართველმა ჯარისკაცებმა როგორც კი შეიტყვეს თუ რას უპირებდნენ ვაგონებში გამოკეტილ ადამიანებს, მწყობრიდან გამოვიდნენ და ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს. ამის გამო ისინი დააპატიმრეს და მოგვიანებით თბილისში გადააგზავნეს. 1924 წლის 30 აგვისტოს დილის 3 საათზე პირველი ვაგონიდან პატიმრები გადმოიყვანეს, ორმოს გასწვრივ გაამწკვრივეს და იაპონური ტყვიამფრქვევებიდან უკლებლივ ყველანი ჩაცხილეს. დახვრეტის დროს, მათმა ღრიალმა: „რას გვერჩით, რა დაგვიშავებია!“ და ტყვიამფრქვევების კაკანმა დანარჩენ ვაგონებში მყოფი ადამიანები „საქმის კურსში“ ჩააყენა.
მათ უარი თქვეს ვაგონებიდან გადმოსვლაზე. ვაგონებში ასვლა კი საშიში იყო, არადა თენდებოდა. „საქმე“ კი გათენებამდე უნდა მომთავრებულიყო. ასეთ „კრიტიკულ“ სიტუაციაში ქუთაისის საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ, ილარიონ ტალახაძემ „მახვილგონიერება“ გამოიჩინა, მან წამოაყენა წინადადება, ყველა პატიმარი ვაგონეშივე ჩაეცხრილათ. ამ ინიციატივის აღსრულება შორაპნის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ დომენტი მშვენიერაძემ და შორაპნის კომკავშირის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარემ ძიძიგურმა იკისრეს. რკინიგზაზე მდგარ ხუთივე ვაგონში მყოფი პატიმრები ტყვიამფრქვევებით ვაგონებშივე ჩაცხრილეს. სოფ. არგვეთაში ჩეკისტების მახვილს ემსხვერპლა 96 ადამიანი.
ვაგონებში დასახვრეტთა შორის იყვნენ ნინა წერეთელი და იულია გაფრინდაშვილი, რომლებიც ჭიათურაში გმირულად იბრძოდნენ აჯანყებულთა მხარეზე. დახვრეტის წინ ონის საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ სოფრომაძემ მათ გადასარჩენად ენერგიული ზომები მიიღო. ეს ორი ქალი ცოცხალ-მკვდარი ვაგონიდან გადმოასვენეს. ისინი 2 დღის განმავლობაში გონზე არ მოსულან, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები თავს დასტრიალებდნენ.
ვაგონებში დახვრეტილ 96 ადამიანს მოგვიანებით სხვებიც დაემატნენ და მთლიანობაში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა რაოდენობამ 171 მიაღწია.
культура
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати