USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
1921 წლის 18-24 თებერვალი - თბილისისთვის ბრძოლა
дата:  468

18 თებერვალს ქართულ შეიარაღებულ ძალებს შემდეგი თავდაცვითი პოზიციები ეკავათ: მარჯვენა ფლანგზე - კოჯორ-მანგლისის გზატკეცილზე, თეთრი დუქნიდან აზეულას (ქორ-ოღლის) ციხემდე მე-4 ათასეული იდგა. ტაბახმელას მონაკვეთი სამხედრო სკოლას ეკავა. ამ ფრთას გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მეთაურობდა. ცენტრში გენერალ გიორგი მაზნიაშვილს დაქვემდებარებული ნაწილები იყო დისლოცირებული. შავნაბადას სიმაღლეები მე-9 ათასეულს ეკავა, სოღანლუღის სიმაღლეები სადარაჯო ათასეულსა და მეტყვიამფრქვევთა ბატალიონს. მათგან მარჯვნივ, რკინიგზის ხაზთან, სანაპირო ათასეულის ერთი რაზმი იყო განლაგებული ორი ზარბაზნით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე კი რკინიგზის ხაზამდე გვარდიის გორისა და ხაშურის ბატალიონები. მარცხენა ფლანგზე - გვარდიის აღდგენილი ნაწილები იდგა გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით, კერძოდ, იმერეთის მე-2, ზუგდიდისა და დუშეთის ბატალიონები და თითო-თითო საველე და სამთო საარტილერიო ბატარეები.

18 თებერვალს, 20-21 საათზე ქართველმა სადაზვერვო რაზმებმა მოწინააღმდეგის მოძრაობა დააფიქსირეს. 22 საათისათვის მოწინააღმდეგემ იაღლუჯას ქედს მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან შემოუარა და გენერალ მაზნიაშვილის პოზიციებისაკენ დაიძრა. არსებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ გენერალმა მაზნიაშვილმა დაასკვნა, რომ მტერი ძირითად იერიშს მხოლოდ ერთი მიმართულებით, მტკვრიდან რკინიგზის ხაზამდე არსებულ მონაკვეთზე მოიტანდა. მაზნიაშვილი გვარდიის გორის ბატალიონის მიერ დაკავებულ პოზიციებზე მივიდა, რადგან შეტევა სწორედ აქ იყო მოსალოდნელი. დაახლოებით 1.30 საათზე დაიწყო შეტევა. მოწინააღმდეგის იერიშის დაწყებდან მალევე ჯავშანმატარებელი სოღანლუღის ხიდთან მივიდა და ბრძოლაში ჩაება.

მე-11 არმიის ნაწილებმა შეტევის ფრონტი გაშალეს და ბრძოლაში უკვე საყარაულო რაზმი და სადარაჯო ათასეულიც ჩაერთო. სადარაჯო ათასეული მტკიცედ იცავდა თავის პოზიციებს, სამაგიეროდ, სასტიკ ხელჩართულ ბრძოლაში ჩართულმა სანაპირო ათასეულის რაზმმა, რომელსაც ხელჩართულ ბრძოლაში ქართველი არტილერისტებიც ეხმარებოდნენ, მტრის შემოტევას ვერ გაუძლო და უკან დაიხია. მოწინააღმდეგემ ხელთ იგდო ორი ზარბაზანი და ძალიან მიუახლოვდა სოღანლუღის სადგურს. ქართულმა ჯავშანმატარებელმა თავისი ცეცხლით მოწინააღმდეგეს სადგურის დაკავების საშუალება არ მისცა.

19 თებერვლის 2-დან 3 საათამდე პერიოდში მტერმა სადარაჯო ათასეულის მიმართულებით შეტევა შეწყვიტა, სამაგიეროდ, მთელი ძალებით გვარდიის გორის ბატალიონის პოზიციებს შეუტია. სადარაჯო ათასეული სანგრებიდან სროლით ცდილობდა გორის ბატალიონის დახმარებას. გვარდიელებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. ამ დროისათვის ბრძოლაში, კვინიტაძის ბრძანებით, გვარდიის სარეზერვო ბატალიონი ჩაერთო ვალიკო ჯუღელის მიერ მოყვანილი ჯავშანმანქანების მხარდაჭერით. მათ სუღანლუღის სადგურიდან უკუაგდეს მტერი. მთელი ამ ხნის მანძილზე შედარებით მცირე მასშტაბის შეტევა ხორციელდებოდა მე-9 ათასეულის პოზიციებზე. დაახლოებით 3-დან 4-ის ნახევრამდე პერიოდში გენერალი მაზნიაშვილი სადარაჯო ათასეულის განლაგებაში გადავიდა და იქიდან განაგრძო ბრძოლის ხელმძღვანელობა.

მოწინააღმდეგე ჯიუტად ცდილობდა გორის გვარდიელების პოზიციების გარღვევას. გამთენიისას, მოწინააღმდეგის მორიგი იერიშის მოგერიების შემდეგ, სადარაჯო ათასეული იერიშზე გადავიდა. მას გორის ბატალიონმაც მიჰბაძა, სანგრებიდან ამოვიდა და მოწინააღმდეგეს შეუტია. მათ მხარი სარეზერვო ბატალიონმაც დაუჭირა. ბრძოლაში მონაწილეობდა ორი ქართული თვითმფრინავიც. მტერმა უკან დაიხია იაღლუჯას მიმართულებით. ტყვედ ჩავარდა 1600 წითელარმიელი.

მე-11 არმიის სარდლობას გადაწყვეტილი ჰქონდა, 19 თებერვალს თბილისი აეღო. ცენტრში დამარცხების შემდეგ მათ შეტევის მიმართულება შეცვალეს და ჩვენი ჯარების მარჯვენა ფრთას შეუტიეს. დილის 8 საათზე მტერი სოფლების ვაშლოვანისა და კუმისის წინ გამოჩნდა და ტაბახმელა-კოჯრის მიმართულებით დაიძრა. ტაბახმელაში მყოფმა სამხედრო სკოლამ და მე-10 ათასეულის მეომრებმა შეტევა მოიგერიეს, სამაგიეროდ, მტერმა კოჯორი დაიკავა და წავკისის მიმართულებით დაიძრა. შეიქმნა საშიშროება, რომ ტაბახმელაში მყოფი ქართული შენაერთები ალყაში მოექცეოდნენ, ამიტომ გენერალმა ანდრონიკაშვილმა მათ უკან დახევა უბრძანა.

ტაბახმელის მიმართულების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ ჩათვლა, რომ ბრძანების შესრულება მოწინააღმდეგეს გზას გაუხსნიდა თბილისისკენ და გენერალ ანდრონიკაშვილთან თათბირის შემდეგ კონტრიერიში განახორციელა. მოხერხდა მოწინააღმდეგის შეჩერება. ახლა საჭირო იყო კოჯრის დაბრუნება. ეს მეტად ძნელი ამოცანა იყო. პირდაპირი იერიში დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. ამიტომ გადაწყდა, იერიში მოწინააღმდეგის ფლანგებზე განეხორციელებინათ. კოჯორ-ტაბახმელის მიმართულებაზე გადასროლილ იქნა ყველა რეზერვი. 19 თებერვილის საღამო და ღამე შენაერთების საწყის პოზიციებზე განლაგებამ დაიკავა.

20 თებერვალს დილით ადრე კოჯრის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ქართველთა შეტევის შეჩერების მიზნით, მოწინააღმდეგემ ტაბახმელის პოზიციებს შემოუტია, თუმცა უშდეგოდ. 14 საათისთვის კოჯორი ფაქტობრივად გათავისუფლებული იყო. 20 თებერვალს მთელი ღამე მოწინააღმდეგე კოჯორ-ტაბახმელის მიმართულებაზე უშედეგო შეტევას განაგრძობდა და მხოლოდ 21 თებერვალს დილით დაიწყო უკან დახევა. მალე მათი ქვეითი ჯარი აღარსად აღარ ჩანდა.

21 თებერვალს ძირითადი მოვლენები გენერალ ჯიჯიხიას სექტორში განვითარდა. მოწინააღმდეგემ თბილისის დამცველთა მარცხენა ფლანგის შემოვლა განიზრახა, მაგრამ გვარდიის ბატალიონები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ჯიჯიხიას დაქვემდებარებული ძალები კვინიტაძემ წინასწარ დამატებითი ბატალიონებით გააძლიერა. სოფელ ლილოდან ხუთმა გვარდიულმა ბატალიონმა, ქართველ კავალერისტთა მხარდაჭერით, და ასევე ორხევში მდგომმა ორმა გვარდიულმა ბატალიონმა მოწინააღმდეგეზე ძლიერი იერიში მიიტანეს. მე-11 არმიის ნაწილებმა უკან დახევა დაიწყეს. მათი დევნა დაღამებამდე გაგრძელდა. ქართულმა შენაერთებმა მტერს 10 კილომეტრზე მეტით დაახევინეს.

რადგან თბილისის პირდაპირი იერიშით აღება ვერ მოხერხდა, მე-11 არმიის სარდლობამ ქალაქის დამცველთა ფლანგებიდან შემოვლა განიზრახა და ძალების გადაჯგუფება დაიწყო. შეიქმნა ორი დაჯგუფება. ერთს ველიკანოვი მეთაურობდა, მეორეს კი - კუიბიშევი. ამ უკანასკნელმა დედოფლისწყაროსთან ქართულ ნაწილებთან ბრძოლის დროს მოკლული კურიშკო შეცვალა. კუიბიშევის დაჯგუფება მე-9 ქვეითი და მე-12 საკავალერიო დივიზიებით გაძლიერდა. მას თბილისზე აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეტევა დაევალა. ველიკანოვს დასავლეთიდან უნდა განეხორციელებინა იერიში. 22 თებერვალს მოწინააღმდეგის ცხენოსანმა რაზმმა მანგლისი დაიკავა და მანგლისი-კოჯრის გზატკეცილით იერიში წამოიწყო, თუმცა მარცხი იწვნია.

23 თებერვალს მოწინააღმდეგემ თავისი მარჯვენა ფლანგის გაძლიერება დაიწყო. ამ მიმართულებით მე-11 არმიის ცხენოსანი ნაწილები, მე-12 და მე-18 საკავალერიო დივიზიები გამოჩდნენ. მტერმა ძლიერი იერიში მოიტანა ქართულ ნაწილებზე, რის გამოც გენერალ ჯიჯიხიას დაქვემდებარებაში მყოფმა ქართულმა შენაერთებმა უკან დაიხიეს და თავისი ძველი, 21 თებერვლამდელი, პოზიციები დაიკავეს. ქართულმა სარდლობამ კონტრშეტევის განხორციელება გადაწყვიტა. იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წინა დღეების მანძილზე მოწინააღმდეგის ძირითადი შეტევები კოჯორ-ტაბახმელისა და სოღანლუღის მიმართულებებზე ხორცილედებოდა, გენერალმა კვინიტაძემ კონტრშეტევის განხორციელება მარცხენა ფლანგიდან გადაწყვიტა. წარმატების მიღწევის შემთხვევაში, შენაერთების დიდი ნაწილი სასწრაფოდ მარჯვენა ფლანგზე იქნებოდა გადასროლილი და შემდეგ იქ განხორციელდებოდა შეტევა. კონტრშეტევის მიმართულებაზე რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების მიზნით, გენერალ ჯიჯიხიასთან დამატებითი ძალების კონცენტრაცია დაიწყო.

23 თებერვალს, 14 საათზე, მოწინააღმდეგემ ქართველების მიერ უკან დახევის დროს აფეთქებული ფოილოს სარკინიგზო ხიდი აღადგინა. ამან მას დამატებითი ძალების (მათ შორის ტანკების) სწრაფი გადაადგილებისა და, რაც ყველაზე მთავარია, ჯავშანმატარებლების გამოყენების საშუალება მისცა. იმავე საღამოს ამ ჯავშანმატარებლებმა ქართულ პოზოციებთან მოახლოება სცადეს, მაგრამ ქართველ არტილერისტთა ზუსტი ცეცხლის გამო იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. საღამოს მოწინააღმდეგემ ტაბახმელის პოზიციებზე მიიტანა იერიში, რომელიც რამდენჯერმე იქნა მოგერიებული.

24 თებერვალს ქართულმა შენაერთებმა მარცხენა ფლანგზე გადაჯგუფება ვერ მოასწრეს და კონტრშეტევის დაწყება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, მოწინააღმდეგემ ყველა მიმართულებით შეუტია ქართულ ნაწილებს.

მარჯვენა ფლანგზე მტერმა დილიდანვე დაუშინა ჩვენს პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი და შემდეგ შეტევაზე გადმოვიდა. იუნკერთა შემადგენლობიდან 85-90 კაციღა იყო დარჩენილი. დიდი იყო დანაკლისი ნაცვალთა შორისაც. მიუხედავად მრავალგზის შეტევისა, მოწინააღმდეგე ქართული პოზიციების გარღვევას ვერ ახერხებდა. რამდენჯერმე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მოწინააღმდეგეს დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, რამაც შედეგი გამოიღო და ნაშუადღევს მტერმა №4 სანგარი დაიკავა. ამის შემდეგ ისინი პირდაპირ ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის ბატარეის წინ აღმოჩდნენ და ქართველ არტილერისტებზე ხიშტებით წამოვიდნენ. ლეიტენანტმა მესხიშვილმა ხმალი იშიშვლა და თავისთან მყოფ იუნკრებთან ერთად მოწინააღმდეგეს ეკვეთა. ოფიცრების შავდიას, ხოშტარიასა და ჩოჩუას წინამძღოლობით მათ სხვა იუნკრებიც წამოეშველნენ და მტერს უკან დაახევინეს. მოწინააღმდეგე მარჯვნივ და მარცხნივ გაიფანტა და ამით უკან მყოფ თავის მეტყვიამფრქვევეებს 100-120 ნაბიჯის მანძილიდან იუნკრებისათვის ცეცხლი გახსნის საშუალება მისცა.

სხვა გამოსავალი არ იყო და იუნკრების ნაწილმა კაპიტან ჩოჩუას მეთაურობით მეტყვიამფრქვევეებს შეუტია. მტრის რიგებამდე პირველმა იუნკერმა შალვა ერისთავმა მიირბინა და მემიზნე ოფიცერი ხიშტით მოკლა, თუმცა თავადაც სასიკვდილოდ დაჭრილი დაეცა. ასევე დაიღუპნენ იუნკრები ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი, 15-მდე კი დაიჭრა. დაიჭრნენ კაპიტნები ჩოჩუა, შავდია და ხოშტარია. იერიშები დაღამებამდე გაგრძელდა, მაგრამ ბოლშევიკბმა ნაბიჯითაც ვერ წაიწიეს წინ. დაბნელებისთანავე მათ იერიშები შეწყვიტეს და უკან დაიხიეს.

არანაკლებ მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა სოღანლუღი-შავნაბადას მიმართულებაზე. ამ სექტორში მოწინააღმდეგემ მთავარი დარტყმა გზატკეცილისა და რკინიგზის ხაზის გასწვრივ განავითარა. ამ მიმართულებით მტრის მოგერიება მოხერხდა, მაგრამ კრიტიკული ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსები თელეთიდან გადმოვიდნენ შეტევაზე, ფრონტი გაარღვიეს და 18 საათისათვის სოღანლუღის ქედზე მდებარე ტრიგონომეტრიული სიმაღლე №3150 დაიკავეს. შეიქმნა საშიშროება, რომ მოწინააღმდეგე წარმატებას განავითარებდა, უფრო ღრმად შემოიჭრებოდა და საშუალება მიეცემოდა, ზურგში მოჰქცეოდა არა მარტო გენერალ მაზნიაშვილის ნაწილებს, არამედ გენერალ ანდრონიკაშვილის შენაერთებსაც. საჭირო იყო სასწრაფოდ სიმაღლის დაბრუნება. წყაროთა ერთი ნაწილის მონაცემებით, მათ შორის გენერალ მაზნიაშვილის თანახმად, სიმაღლის დაბრუნება მოხერხდა. საბჭოთა მონაცემებით, სიმაღლე მე-11 არმიის ქვედანაყოფებს ჰქონდათ დაკავებული.

უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობდა მარცხენა ფრთაზე. დილის 7 საათზე მოწინააღმდეგის ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. ქართული პოზიციებისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის ოთხი ჯავშანმატარებელიც. როდესაც მტერი ყარაჯალარის გადასარბენს მოუახლოვდა, ქართველმა არტილერისტებმა ჯავშანმატარებლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამავე დროს, მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარი ტყვიამფრქვევების ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოექცა, იძულებული გახდა, შეტევა შეეჩერებინა და დაწოლილიყო. მოწინააღმდეგემ ყარაჯალარის გადასარბენის გავლა სცადა, მაგრამ ოთხი ქართული ბატარეის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოქცეული, იძულებული გახდა, უკან დაეხია. ჯავშანმატარებლების შეტევა სამჯერ განმეორდა.

11 საათისათვის, მიუხედავად ძლიერი საარტილერიო ცეცხლისა, მოწინააღმდეგემ ყარაჯალარის გადასარბენი გაიარა, თუმცა მისი ჯავშანმატარებლები სერიოზულად დაზიანდა. 14 საათზე ქართული პოზიციებიდან კვლავ განახლდა საარტილერიო და ტყვიამფრქვევების ცეცხლი. 16 საათისათვის დაიწყო თოვა, ჩამოწვა ბურუსი, ძალიან აცივდა. სწორედ ამ დროს ოთხმა ქართულმა თვითმფრინავმა იერიში მიიტანა მტრის ჯავშანმატარებლებზე და ოცდაათამდე ბომბი ჩამოყარა. ბრძოლაში ქართული ჯავშანმატარებელიც ჩაერთო, მაგრამ მოწინააღმდეგის ძალიან დიდი უპირატესობის გამო, ნავთლუღის მიმართულებით დაიხია. ნავთლუღის მიდამოები კი მოწინააღმდეგის ავიაციამ დაბომბა. ორხევის სანგრებში მყოფმა გვარდიელებმა მოწინააღმდეგის არაერთი იერიში მოიგერიეს, მაგრამ როდესაც დაახლოებით 17 საათისათვის სანგრებთან მტრის სამი ტანკი გამოჩნდა, იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. გენერალმა ჯიჯიხიამ იმერეთის მე-2 ბატალიონს კონტრშეტევის განხორციელება დაავალა. კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდა და დაახლოებით 19.30 საათისთვის ქართულმა მხარემ პოზიციები დაიბრუნა.

სანამ ორხევის მიმართულებაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, მოწინააღმდეგემ თავისი კავალერიით ჩვენი ჯარების მარცხენა ფრთის შემოვლა განიზრახა და სოფელ ლილოსთან გამოჩნდა. მთავარსარდალი იძულებული გახდა, ამ მიმართულებით დაცვის კიდევ ერთი სექტორი გაეხსნა და მის უფროსად გენერალური შტაბის ოპერატიული სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი დანიშნა. წითელმა კავალერიამ სოფელ დიდ ლილოს შემოუარა და ავჭალის მიმართულებით დაიძრა. სოფელ ნორიოსთან გვარდიის კავალერიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ცაგურიამ ორი ესკადრონით მოწინააღმდეგეს შეუტია და მისი შეჩერება სცადა. ეს იერიში გარკვეულწილად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მოწინააღმდეგის წინსვლა შეფერხდა. თუმცა მისმა რამდენიმე რაზმმა ავჭალადე მისვლა მაინც შეძლო. ავჭალაში გაიგზავნა ჯავშანმატარებლები, მოხალისეები და წითლების უკუგდება მოხერხდა.

24 თებერვალს მოწინააღმდეგემ რეალურად ვერაფერს მიაღწია. ფრონტი ვერსად გაარღვია. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ყველა პოზიცია შეინარჩუნეს. მიუხედავად ამისა, მთავარსარდალმა გენერალმა კვინიტაძემ ჩათვალა, რომ თბილისის დაცვის გაგრძელება შეუძლებელია, რადგან: არსებობდა ფლანგებიდან შემოვლის საფრთხე, რაც თბილისის ალყაში მოქცევას ნიშნავდა. ამას ემატებოდა რეზერვის არარსებობა. ამიტომ საღამოს დაახლოებით 20.30 საათზე, მთავრსარდალმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო თბილისის დატოვების შესახებ. 24 საათზე ქართულმა შენაერთებმა მიღებული ბრძანების თანახმად, პოზიციების დატოვება დაიწყეს.

ბახტაძე მიხეილ

ბახტაძე მიხეილ
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати