USD 2.7226
EUR 3.1909
RUB 3.4120
Тбилиси
15 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
дата:  243

15 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 46-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 319 დღე (ნაკიან წელში - 320).

დღის მოვლენები

ძვ. წ. 399 : ფილოსოფოს სოკრატეს (სურათზე) ურწმუნოების გამო სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს.
  • 590 : ხოსრო II სპარსეთის მეფედ აკურთხეს.
  • 1637 : ფერდინანდ III ხდება საღვთო რომის იმპერატორი.
  • 1835 : სერბეთში პირველი კონსტიტუციური კანონი მიიღეს.
  • 1862 : ამერიკის სამოქალაქო ომი — გენერალი ულისე გრანტი ფორტ-დონელსონს უტევს ტენესიში.
  • 1906 : ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ჩამოყალიბდა.
  • 1942 : მეორე მსოფლიო ომი — სინგაპურის დაცემა: ბრიტანეთის გენერალი არტურ პერსივალი იაპონელებს ჩაბარდა. დაახლოებით 80.000 ინდოელი, ბრიტანელი და ავსტრალიელი ჯარისკაცი სამხედრო ტყვე გახდა. სუკ ჩინის ხოცვა იწყება.
  • 1946 : ENIAC - პირველი ზოგადი დანიშნულების ელექტრონული კომპიუტერი წარმოადგინა პენსილვანიის უნივერსიტეტმა.
  • 1950 : სსრკ და ჩინეთი ხელს აწერენ ურთიერთ თავდაცვის პაქტს.
  • 1965 : კანადამ მიიღო დროშა ნეკერჩხლის ფოთლის გამოსახულებით.
  • 1971 : ბრიტანული ფუნტი სტერლინგისა და ირლანდიური ფუნტის დეციმალიზაცია მოახდინეს.
  • 1976 : ეროვნული რეფერენდუმით კუბის კონსტიტუცია დამტკიცდა.
  • 1989 : სსრ კავშირმა გამოიყვანა ჯარები ავღანეთიდან.
  • 1994 : რუსეთმა თათრეთის ანექსია მოახდინა მის ე.წ. ფედერაციაში.
  • 2003 : ერაყის ომის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა მსოფლიოს 600 ქალაქში. დაახლოებით 300 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ეს აქცია ისტორიაში უდიდესი სამშვიდობო დემონსტრაცია გახდა.
  • 2005 : ინტერნეტ საიტი YouTube იწყებს ფუნქციონირებას.
  • 2009 : კოლუმბიაში ვულკანი გალერასის ამოფრქვევამ 8 000 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.
  • 2021 : ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნგოზი ოკონჯო-ივეალა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირველი აფრიკელი და პირველი ქალი გენერალური დირექტორი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1368 : სიგიზმუნდ I — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი (1410–1437)
  • 1564 : გალილეო გალილეი — იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი
  • 1710 : ლუი XV (საფრანგეთი) — საფრანგეთის და ნავარის მეფე (1715–1774)
  • 1748 : იერემია ბენტამი — ინგლისელი სამართლისმცოდნე
  • 1811 : დომინგო ფაუსტინო სარმიენტო — არგენტინელი სახელმწიფო მოღვაწე
  • 1820 : სიუზენ ენტონი — ამერიკელი ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი აქტივისტი.
  • 1828 : ნოდარ ჩხეიძე — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი.
  • 1841 : მანუელ კამპუს სალისი — ბრაზილიის მეოთხე პრეზიდენტი
  • 1861 : ლეონიდე — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე
  • 1861 : ჰელფორდ ჯონ მაკინდერი — ინგლისელი გეოგრაფი და გეოპოლიტიკოსი
  • 1868 : ანასტასია ერისთავი-ხოშტარია — ქართველი პროზაიკოსი.
  • 1870 : ბესარიონ ქებურია — საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი.
  • 1874 : ერნესტ შეკლტონი — ირლანდიელი პოლარეთის მკვლევარი.
  • 1883 : ვუკოლ ბერიძე — ქართველი ენათმეცნიერი
  • 1887 : აკაკი ფაღავა — ქართველი რეჟისორი.
  • 1890 : რობერტ ლაი — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე,
  • 1893 : გიორგი დავითაშვილი — ქართველი მსახიობი
  • 1894 : სუხბაატარინ იანჟმაა — მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე
  • 1900 : იან ლარი — საბავშვო მწერალი
  • 1902 : ავლიპი ზურაბაშვილი — ქართველი ფსიქიატრი
  • 1902 : ნიკოლოზ მარშაკი — რუსი რეჟისორი
  • 1906 : მუსა ჯალილი — თათარი პოეტი.
  • 1908 : იოსებ გაბაშვილი — ქართველი გრაფიკოსი, ფერმწერი
  • 1910 : ირენა სენდლერი — წინააღმდეგობის მოძრაობის პოლონელი აქტივისტი.
  • 1915 : დავით გვრიტიშვილი — ქართველი ისტორიკოსი
  • 1923 : ელენა ბონერი — ადამიანის უფლებათა აქტივისტი ყოფილ საბჭოთა კავშირში.
  • 1927 : არჩილ სულაკაური — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.
  • 1934 : პოლ ეკმანი — ამერიკელი ფსიქოლოგი.
  • 1938 : დემურ დვალიშვილი — ქართველი პოლიტიკოსი.
  • 1944 : ჯოხარ დუდაევი — ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი
  • 1951 : შაბთაი ცური — ქართველი ებრაელი პოლიტიკოსი, დიპლომატი
  • 1951 : ჯეიმ სეიმური — ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი
  • 1955 : ჯენის დიკინსონი — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და ფოტოგრაფი.
  • 1962 : მილო ჯუკანოვიჩი — მონტენეგროს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1967 : ჯეინ ჩაილდი — კანადელი პოპ-მომღერალი
  • 1971 : ალექს ბორშტეინი — ამერიკელი მსახიობი
  • 1973 : ანა დოღონაძე — გერმანელი ათლეტი
  • 1978 : დავით სალდაძე — უზბეკეთში მოღვაწე ქართველი მოჭიდავე
  • 1986 : გაბრიელ პალეტა — იტალიელი ფეხბურთელი.
  • 1991 : სტეფან ბუკორაცი — სერბი ფეხბურთელი
  • 1993 : ჟოფრე კონდოგბია — ფრანგი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1781 : გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი — გერმანელი მწერალი და განმანათლებელი.
  • 1830 : იოანე ბატონიშვილი — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე
  • 1857 : მიხეილ გლინკა — რუსი კომპოზიტორი
  • 1939 : კუზმა პეტროვ-ვოდკინი — რუსი მხატვარი
  • 1942 : არდევან ახვლედიანი — ქართველი მეან-გინეკოლოგი
  • 1958 : ტოკუნაგა სუნაო — იაპონელი მწერალი.
  • 1988 : რიჩარდ ფეინმანი — ამერიკელი ფიზიკოსი
  • 1992 : ვლადიმერ ანთაძე — ქართველი მიკრობიოლოგი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს:
    • მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
  • აგრეთვე:
    • დროშის დღე — კანადა
    • ეროვნული დღე — სერბეთი
аналитика
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати