USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
14 სენატორი კობახიძეს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ
Date:  417

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია.

ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ.

ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.

„ამერიკის ხმის“ მიერ მოპოვებული წერილის ასლის თანახმად, სენატორები ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას წაახალისებენ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უცხოეთის გავლენის აგენტის ხელმეორედ ინიცირებული კანონი ამოქმედდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სენატორები წერენ, რომ ისინი როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, „იძულებული“ გახდნენ, გამოეხატათ „უღრმესი შეშფოთება“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ხელახლა შემოეღო „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონი“.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სენატორები აცხადებენ, რომ ისინი იძულებული გახდებიან საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ. „ამ კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა“, ნათქვამია პრემიერ კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში.

 

პოლიტიკის ცვლილებაში კი ისინი რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებენ, რომლებიც აქამდე საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში გაჟღერებული არ ყოფილა. მათ შორისაა ინდივიდუალური სანქციების დაწესება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა და სავიზო შეზღუდვების გაფართოება. ამ დრომდე სავიზო შეზღუდვები სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხ მოსამართლეს დაუწესა.

ევროკავშირის არაერთი მაღალჩინოსნის მსგავსად, სენატორები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა, რომლებიც „ქართული დემოკრატიის სასიცოცხლო არტერიაა“. ამასთან, კანონპროექტი შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერის წინააღმდეგაა მიმართული, საქართველოს იმ პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გარდაქმნების მხარდასაჭერად 1991 წლის შემდეგ.

„ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება“,- აცხადებენ სენატორები.

 

სენატორები უარყოფენ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ გამჭვირვალობის კანონი ამერიკული უცხოური აგენტების გავლენის, ეგრეთწოდებული „ფარას“ მსგავსია. „ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონი არ ასახავს შეერთებული შტატების არცერთ კანონს და ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება არასასიამოვნო იყოს ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, თუმცა უთანხმოების და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს“.

წერილის ბოლოს, სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ „ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა“. მათი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს და თითოეული მათგანი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მტკიცე მხარდამჭერია. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით ვერ „გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული“.

წერილში ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის სურვილი, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დაწინაურდეს, რადგან ამ კანონის მიღება, როგორც ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ეს კი მთავრობის მიერ საკუთარი კონსტუტიციის უგულვებელყოფა იქნება.

სენატორები ასევე აცნობიერებენ საქართველოს წინაშე არსებულ რუსულ საფრთხეებს და ამბობენ, რომ ამერიკა როგორც წარსულში, ისე მომავალშიც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის უფლებას, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავი გაითავისუფლოს რუსეთისგან, რომელიც საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ფართომასშტაბიანი მავნე გავლენა აქვს საზოგადოებაზე ოქტომბერში დადგეგმილი, მომავალი არჩევნების წინ.

წერილს ხელს აწერენ სენატორი ჯინ შაჰინი, სენატორი ჯეიმს რიში, სენატორი ბენ კარდინი, სენატორი ლინდსი გრემი, სენატორი კრის კუნსი, სენატორი პიტ რიკეტსი, სენატორი რიჩარდ დურბინი, სენატორი როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, სენატორი ტომ ტილისი, სენატორი ტიმ კეინი, სენატორი დენ სალივანი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სენატორი მარტინ ჰაინრიხი.

სენატორების წერილამდე ერთი დღით ადრე, ჰელსინკის კომისიამ წარმომადგენელთა პალატის ლიდერების განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ამერიკელი კანონმდებლებისთვის „აღმაშფოთებელია იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა, ასე თავხედურად უტევს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან“. კონგრესმენები „ქართულ ოცნებას“ კანონის უკან გაწვევას და ამ „დესტრუქციული გზიდან გადახვევისკენ“ მოუწოდებენ.

ია მეურმიშვილი

წყარო:https://www.amerikiskhma.com

 

 
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way