USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
14 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
 360

14 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 318-ე დღე (ნაკიან წლებში – 319-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 47 დღე.

დღის მოვლენები

1851 : ჰერმან მელვილის რომანი მობი-დიკი გამოქვეყნდა ნიუ-იორკში 18 ოქტომბერს ლონდონში გამოქვეყნების შემდეგ.

1889 : პირველი ქალი ჟურნალისტი ნელი ბლაი (ელისაბედ კოხრეინი) იწყებს მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო, რომელსაც 80 დღეში ასრულებს.

1896 : ნიაგარას ჩანჩქერზე ჰიდროელექტროსადგური ამუშავდა.

1908 : ალბერტ აინშტაინმა სინათლის კვანტური თეორია წარმოადგინა.

1918 : ჩეხოსლოვაკია რესპუბლიკა გახდა.

1921 : ესპანეთის კომუნისტური პარტია ჩამოყალიბდა.

1922 : ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია რადიოტრანსლირებას იწყებს ბრიტანეთში.

1925 : პარიზში გაიხსნა სიურეალისტების ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც შევიდა მაქს ერნსტის, მან რეის, ჟოან მიროსა და პაბლო პიკასოს ტილოები.

1936 : სსრკ-ში ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური შეიქმნა.

1940 : მეორე მსოფლიო ომი - ინგლისის ქალაქი კოვენტრი დაბომბეს გერმანიის ლუფტვაფეს ბომბდამშენებმა.

1969 : აპოლოს პროგრამა - ნასამ აპოლო 12-ის გაშვება განახორციელა - მეორე მისია მთვარეზე, რომელზეც კოსმონავტები იმყოფებოდნენ.

1971 : მარინერის პროგრამა - მარინერ 9-მ მარსს მიაღწია და პირველი კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტის ორბიტას შემოუფრინა.

1972 : დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო იხურება 1000 ნიშნულზე პირველად ისტორიაში.

1991 : კამბოჯის უფლისწული ნოროდომ სიანუკი პნომ-პენში ბრუნდება ცამეტწლიანი დევნის შემდეგ.

1994 : ლამანშის გვირაბი გაიხსნა, რომელმაც პარიზი და ლონდონი დააკავშირა ერთმანეთს.

2000 : ნეტსკეიპ ნავიტაგორის ვერსია 6.0 გამოვიდა ორწლიანი დამუშავების შემდეგ.

2002 : არგენტინა მსოფლიო ბანკის $805 მილიონიან გადასახადზე დეფოლტს აცხადებს.

2003 : პლანეტოიდი 90377 სედნა აღმოაჩინეს.

2008 : ინდურმა ხომალდმა ჩანდრაიაან-1 წარმატებით დაუშვა მთვარის საკვლევი ზონდი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე.

2009 : ფილიპინელი მოკრივე მანი პაქიაო ამარცხებს პუერტორიკოელ მიგელ კოტოს და პირველი მოკრივე ხდება, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა შვიდ სხვადასხვა წონით კატეგორიაში.

2012 : ჰამასის სამხედრო ხელმძღვანელი აჰმად ჯაბარი ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს.

2019 : მოლდოვის პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ გადადგა და მის შემცვლელად იონ კიკუ დაინიშნა.

2020 : ტალანტ მამიტოვი ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1650 : უილიამ III ორანელი — ნიდერლანდების მმართველი და ინგლისის მეფე.

1719 : მოცარტი, ლეოპოლდ — ავსტრიელი მუსიკოსი, ვოლფგანგ ამადეუსის მამა

1765 : რობერტ ფულტონი — ამერიკელი ინჟინერი და გამომგონებელი

1840 : მონე, კლოდ — ფრანგი მხატვარი

1889 : ჯავაჰარლალ ნერუ — ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი

1891 : ბანტინგი, ფრედერიკ გრანტ — კანადელი ფიზიოლოგი

1900 : ნინო ალექსი-მესხიშვილი — ქართველი მსახიობი

1907 : ლინდგრენი, ასტრიდ — შვედი მწერალი

1917 : პანგ ჩონ ხი — კორეის პრეზიდენტი

1922 : ლებანიძე, მურმან — ქართველი პოეტი

1922 : ბუტროს ბუტროს-გალი — გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი

1935 : ხუსეინ I — იორდანიის მეფე

1948 : მაუნტბატენ-უინძორი, ჩარლზ — უელსის პრინცი

1954 : რაისი, კონდოლიზა — აშშს პრეზიდენტის თანაშემწე

1963 : ოვაშვილი, გიორგი — ქართველი კინორეჟისორი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

565 : იუსტინიანე I — ბიზანტიის იმპერატორი

976 : ჩაო კუანინი — ჩინეთის იმპერატორი

1263 : ალექსანდრე ნეველი — რუსეთის გმირი

1282 : ნიტირენი — იაპონელი ბუდისტი წინაწარმეტყველი

1321 : ალიგიერი, დანტე — იტალიელი პოეტი

1825 : ჟან პაული — გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი.

1831 : ჰეგელი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ — გერმანელი ფილოსოფოსი

1939 : არსენიშვილი, ალექსანდრე — ქართველი კრიტიკოსი და მთარგმნელი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

კოზმა და დამიანე

იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი

კვირიენა და იულიანა

ერმინინგელდი

წმინდა კესარიოსი, წმინდა დასიოსი და მათ თანა ხუთნი მოწამენი

წმიდანი ათონელნი ღირსმოწამენი: იაკობი და მოწაფენი მისნი - ბერდიაკონი იაკობი და დიონისე მონაზონი

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати