USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
თბილისი
12 აგვისტო, დიდგორის ბრძოლა (ფაქტები და რეალობა) - და იყო ბრძოლა, იყო დიდგორი ძლევაი საკვირველი
თარიღი:  701
XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი საგრძნობლად შეიცვალა, რაც ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა, ბიზანტიელებისა და ფატიმიანების კონტრშეტევებმა და სელჩუკთა იმპერიის დაშლის პროცესმა განაპირობა. სელჩუკთა იმპერია, რომელიც XI საუკუნის 90-იანი წლებამდე დომინანტი ძალა იყო, შიდა დაპირისპირებებმა მოიცვა და იმ დროისთვის, როცა საუკუნის მიწურულს ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო, სანახევროდ დაშლილი აღმოჩნდა. სელჩუკთა დიდი სულთნები, კვლავინდებურად ითვლებოდნენ უძლიერეს მმართველებად ისლამურ სამყაროში, თუმცა, რეალურად, უკვე გაცილებით ნაკლები ძალაუფლება გააჩნდათ და სელჩუკთა სახელმწიფოში შემავალი ცალკეული საამიროები, უმეტესად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.

 

ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ჩრდილოეთ სირიასა და პალესტინაში, რამდენიმე მცირე, თუმცა ბრძოლისუნარიანი სახელმწიფო შეიქმნა: იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ედესის, ტრიპოლის საგრაფოები, ასევე კილიკიის სომხეთის სამეფო. ამ სახელმწიფოებმა შექმნისთანავე დაიწყეს რეგიონში მნიშვნელოვანი როლის შესრულება, რის შედეგადაც, აღმოსავლეთ ანატოლიის, სირიისა და ერაყის სელჩუკური საამიროები მათ წინააღმდეგ კონცენტრირდნენ. ბიზანტიის იმპერია, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებამდე შევიწროებული იყო სელჩუკთაგან, კონტრშეტევაზე გადავიდა და იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა (1081-1118 წწ.) მცირე აზიაში ტერიტორიების დაბრუნება მოახერხა. მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფოები, რუმის სასულთნო და დანიშმენდიანთა საამირო იძულებულები გახდნენ ყურადღება მთლიანად გადაეტანათ ბიზანტიის მიმართულებაზე, რამაც ჩამოაშორა მათი ძალები სირია-პალესტინასა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს.
ალექსი I კომნენოსი. შუა საუკუნეების ბიზანტიური მინიატურა
შექმნილი ვითარება განსაკუთრებულად ხელსაყრელი იყო საქართველოსთვის, რომელიც XI საუკუნის 60-იანი წლებიდან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა თურქ-სელჩუკთა ლაშქრობების და თურქმან მომთაბარეთა მუდმივი თავდასხმების გამო. განსაკუთრებით დამანგრეველი გამოდგა 1080 წლის „დიდი თურქობა“. 1089 წელს, საქართველოს მეფე გიორგი II-ს (1072-1089 წწ.) მემკვიდრე დავით IV (აღმაშენებელი, 1089-1125 წწ.) გახდა, რომელიც აქტიური რეფორმატორი და ნიჭიერი მხედართმთავარი გამოდგა. მან დაიწყო სამეფო ძალაუფლების განმტკიცება, ფეოდალების დამორჩილება, ლაშქრის გაძლიერება. საგარეო ასპარეზზე დავითი ამ წლებში მომთაბარე თურქმანებთან ბრძოლით შემოიფარგლებოდა, რადგან თურქ-სელჩუკთა ძლიერ სასულთნოსთან აქტიურ ომში ჩართვისთვის და მათგან სამხრეთ კავკასიის გათავისუფლებისთვის საჭირო პოლიტიკური ვითარება 1099 წლამდე არ დამდგარა. ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმი აღებას და მის თანამდევ ფაქტებს დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი განსაკუთრებულად აღნიშნავს: „ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია. და შეწევნითა ღმრთისაითა მოეშენა ქუეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განიმრავლნა სპანი და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა. და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს; რამეთუ ვიდრე მოაქამდე ზამთრისავე მოწევნასა თანა ფალანგებითა მათითა ჩამოდგიან ჰავჭალას და დიღუამს და ჩაღმართ მტკურისა და იორისა პირთა, რამეთუ მათი იყო სადგური". დავითისგან ხარკის შეწყვეტას სელჩუკებმა დამსჯელი ლაშქრობით ვერ უპასუხეს და თითქოს „შეეგუვნენ“ ამგვარ ვითარებას, ვინაიდან ამ დროისთვის შინაომებში ჩართულ და დასავლეთიდან ბიზანტიელებისა და ჯვაროსნებისგან შევიწროებულ იმპერიას ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ ჰქონდა. 
სელჩუკთა იმპერია ძლიერების პიკზე (1092 წ.)
 
პირველი ჯვაროსნული ომი
საქართველოს სამეფოსგან სელჩუკებისთვის ხარკის შეწყვეტა დიდი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობის აქტი იყო. ამ ნაბიჯის წარმატებამ განაპირობა დავითის შემდგომი აქტიურობაც. მეფეს სურდა გაეგრძელებინა და დაესრულებინა ქვეყნის გაერთიანების ბაგრატ IV-ს დროს დაწყებული პროცესი, რომელიც თავის დროზე სელჩუკთა ლაშქრობების გამო შეწყდა და აღეკვეთა თურქმანი მომთაბარეების თარეში სამეფოს მიწებზე. დავითი შეუდგა ქართული მიწების ნაწილობრივ გაერთიანებას, რათა გაეზარდა სამეფოს სამხედრო-ეკონომიკური შესაძლებლობები, დაეკავებინა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტები, შეეზღუდა თურქმან მომთაბარეთა თარეში და მომზადებულიყო მომავალი სამხედრო კამპანიებისთვის. 1104-1120 წლებში მეფემ წარმატებით განახორციელა თავისი გეგმები და დიდ წარმატებას მიაღწია: პირველ რიგში შემოიერთა კახეთი, სადაც საკმაოდ ძლიერი იყო საქართველოს ერთიან სამეფოსთან შეერთების ტენდენცია, თანაც, თბილისის საამიროსა და ქვემო ქართლისგან განსხვავებით, არ შედიოდა სელჩუკთა იმპერიის დაქვემდებარებაში. მეფემ გააუქმა კლდეკარის სეპარატისტული საერისთავო, რომლის ერისთავები XI საუკუნეში მეფეებს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ და სამეფო დომენად აქცია. 1110-1118 წლებში დავითმა აიღო სამშვილდე, ძერნა, რუსთავი, გიში, ლორი. 1118 წელს, მეფემ ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში შემოიყვანა მომთაბარე ყივჩაღები, რითაც გაზარდა სამხედრო პოტენციალი და მომთაბარე თურქმანებს დაუპირისპირა სამხედრო ძალა, რომელიც მათ მსგავსად მოქმედებდა და იბრძოდა. 1121 წლისთვის, დავითი ფაქტობრივად აკონტროლებდა თბილისის შემოგარენსაც და უახლოვდებოდა მთავარ სამიზნეს, თბილისს. ისტორიული წყაროების მიხედვით, დავითის გაძლიერებითა და მისგან მოსალოდნელი საფრთხით შეშინებულმა თბილისისა და დმანისის მუსლიმთა ელჩობამ აღმოსავლეთ მცირე აზიის, სირისა და ერაყის ისლამური საამიროების მმართველებს მიმართეს დახმარებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ 1120 წლისთვის დავითის სამხედრო კამპანიების სამოქმედო არეალი გაცდენილი იყო ქრისტიანულ ანუ საქართველოს სამეფოს სელჩუკთა შემოსევებისას დაკარგულ და ყოფილ სომხურ სამეფოთა ტერიტორიებს და ქართველი მეფე უკვე მუსლიმთა საამიროებსაც ღიად უტევდა - მისმა არმიამ აიღო და გაძარცვა შირვანის ქალაქები ყაბალა და შემახა, აშორნია და სეგელმეჯი, 1121 წლის გაზაფხულზე კი, ხუნანი და ბარდავი დაარბია. ეს თავდასხმები არ იყო მხოლოდ დაკარგული ტერიტორიებისთვის ბრძოლა, არამედ ისლამურ სამყაროზე ღია შეტევა, რამაც მუსლიმ მმართველთა შეშფოთება გამოიწვია. 
ყივჩაღი მეომრები. მ.ვ. გორელიკის რეკონსტრუქცია
ბიზანტიური გვარდიული ნაწილები (XI-XII სს.)
 
 
ეს უკვე იყო მოტივაცია და მიზანი ახლო აღმოსავლეთის მსხვილი საამიროების მმართველთათვის. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო მარდინისა და მაიაფარიკინის ართუკიანი მმართველის, ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზის პოზიცია, რომელიც XII საუკუნის დასაწყისიდან 20-იან წლებამდე, ჯვაროსნებთან ომებში მუსლიმთაგან ყველაზე აქტიური და წარმატებული იყო. როგორც ისტორიკოსი გოჩა ჯაფარიძე აღნიშნავს, თბილისის მდგომარეობა 1121 წელს, ჰგავდა 1119 წლამდე ალეპოს მდგომარეობას. არც ერთ ქალაქში იყო მტკიცე ხელისუფლება. ალეპოს ჯვაროსნები ემუქრებოდნენ, თბილისს ქართველები. თუ ჯვაროსნები ალეპოს აიღებდნენ, განუყოფლად გაბატონდებოდნენ ჩრდილოეთ სირიაში, სირიის საზღვაო სანაპიროსა და პალესტინაში, თბილისის დაკარგვით კი მუსლიმები კარგავდნენ დიდი მნიშვნელობის მქონე ეკონომიკურ და სტრატეგიულ ქალაქს, რის შემდეგაც დავით IV-ს ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს დაესრულებინა ქვეყნის გაერთიანება და მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, სელჩუკებთან უფრო აქტიურად ებრძოლა. მას შემდეგ, რაც 1119 წელს ილ-ღაზმა გაანადგურა როჯერ ანტიოქიელის ლაშქარი ბალატის ბრძოლაში, ალეპო საფრთხის ქვეშ აღარ იყო. ამ გამარჯვებით ილ-ღაზმა დიდი სახელი მოიხვეჭა და ყველაზე გავლენიან მხედართმთავრად და მმართველად იქცა მუსლიმ ამირათა შორის. ის იმედოვნებდა რომ წარმატებას მიაღწევდა საქართველოშიც და თბილისს ქართველთაგან მომავალ საფრთხეს ააცილებდა. სწორედ ამ რიგი მიზეზების გამო, გადაწყდა კოალიციური ლაშქრის შეკრება და საქართველოზე გალაშქრება. კოალიციას მხარს უჭერდა სელჩუკიანთა საგვარეულოს მეთაური, ხორასნის სულთანი სანჯარი. მართალია მის სახელზე ხუტბა აღევლინებოდა ლაჰორიდან სირიამდე და დიარბაქირშიც, მაგრამ რეალური ძალაუფლება არ ვრცელდებოდა ასე შორს, ამიტომაც კოალიციაში წამყვანი როლი მაინც ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზს ჰქონდა. 
 
მეთაურები
ამირა ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზის სამფლობელო მარდინს, ჰარანს, ნისიბინს, რა'ს ალ-'აიანსა და მაიაფარიკინს მოიცავდა. ილ-ღაზი ჯვაროსნული ომების ერთ-ერთი კოლორიტული წარმომადგენელია. იგი მონაწილეობდა როგორც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ბრძოლებში, ასევე ლევანტში ჩამოყალიბებული ევროპულ-ქრისტიანული სამთავროების წინააღმდეგ ომებში. მან დიდი როლი ითამაშა დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს რღვევის პროცესში და დიარბაქირში ართუკიანთა დამოუკიდებელი საამიროების ჩამოყალიბებაში. ილ-ღაზის მამა ზაჰირ ალ-დავლა ართუკ ბეგი იყო იერუსალიმისა და პალესტინის გამგებელი, მისი სიკვდილის შემდეგ კი, ილ-ღაზი თავის ძმა სუქმანთან ერთად მართავდა ამ ქალაქს, ვიდრე 1098 წელს, ფატიმიანები ჩაიგდებდნენ ხელში. 1098-1102 წლებში სუქმანმა დაიპყრო მარდინი და ჰისნ ქაიფა. 
ილ-ღაზი ათავისუფლებს გოტიეს. გუსტავ დორეს ნახატი

ილ-ღაზი კი ერაყში მოღვაწეობდა და მალიქ-შაჰის მემკვიდრეებს, მუჰამადსა და ბარქიარუკს შორის მიმდინარე ომში იყო ჩართული. სულთანმა მუჰამადმა მას ბაღდადის შიჰნას წოდება ჩამოართვა და სამუდამოდ გააძევა ერაყიდან. სუქმანისა და  მისი ვაჟის იბრაჰიმის გარდაცვალების შემდეგ, ილ-ღაზი გამაგრდა დიარბაქირში და გახდა ართუკიანთა საგვარეულოს მეთაური. იგი ნაკლებ მონაწილეობას იღებდა მოსულის გამგებლების კამპანიებში ჯვაროსნების წინააღმდეგ. სამაგიეროდ, დაუკავშირდა დამასკოს გამგებელ თუღ-თეგინს, რომელიც მალე მისი სიმამრი და ერთგული მოკავშირე გახდა. 1115 წელს სულთნის მიერ ილ-ღაზის დასასჯელად გამოგზავნილი ბურსუკ იბნ ბურსუკის ლაშქარი, ანტიოქიის მთავარმა და იმ დროისთვის ართუკიანთა მოკავშირე როჯერ სალერნოელმა გაანადგურა, რითაც საშუალება მისცა ილ-ღაზს, კიდევ უფრო გაძლიერებულიყო. 1118 წელს ართუკიანმა დაამყარა კარგი ურთიერთობა ახალ სულთანთან მაჰმუდთან. იმავე წელს ხელთ იგდო მაიაფარიკინი, ჰარანი, ნისიბინი და რა'ს ალ-აიანი.  მოკავშირეებად ჰყავდა ძმისშვილები დაუდი და ბალაქ იბნ ბაჰრამი. 1118 წლიდან დაუპირისპირდა ჯვაროსნებს ალეპოსთვის. 1119 წელს ილ-ღაზიმ სასტიკად დაამარცხა ანტიოქიის მთავარი როჯერი ბალატთან ბრძოლაში („სისხლიან ველზე ბრძოლა“), მაგრამ ვერ გამოიყენა თითქმის დაუცველი ანტიოქიის დაკავების შანსი. 1120 წელს კი ანტიოქიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ილ-ღაზი კვლავ რჩებოდა ერთ-ერთ უძლიერეს მუსლიმ ამირად ახლო აღმოსავლეთში. 1121 წელს საქართველოზე ლაშქრობის წინ ილ-ღაზი განაგებდა ალეპოს ოლქს ჩრდილოეთ სირიაში და დიარბაქირის დიდ ნაწილს. მის უზენაესობას აღიარებდნენ სხვა ართუკიანები, არზანისა და ბიდლისის მფლობელი თუღან-არსლანი და ზოგიერთი პატარა ქალაქის გამგებლებიც. 1121 წელს, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრის შეკრება დაიგეგმა, ილ-ღაზიმ თავის ვაჟს ჯვაროსნებთან დაზავება უბრძანა და თვითონ ომისთვის დაიწყო მზადება მოკავშირეებთან ერთად.  
ილ-ღაზს თან ახლდა თავისი სიძე, დუბაის იბნ სადაკა, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია დურბეზ სადაყას ძის სახელით. დუბაისი იყო მაზიადელთა არაბული საგვარეულოდან და ფლობდა ბაღდადის მახლობელ ქალაქ ჰილლას. განსხვავებით კოალიციის სხვა წევრებისგან, დუბაისი შიიტი იყო, ისევე, როგორც მისი დინასტიის სხვა წარმომადგენლები. ის უპირისპირდებოდა სელჩუკ სულთნებსა და აბასიან ხალიფებს. მისი მამა სადაკა 1108 წელს სულთან მუჰამადთან ბრძოლამ შეიწირა. თვითონ დუბაისი ცდილობდა ძალაუფლება შეენარჩუნებინა სასულთნოში მიმდინარე შინაომის დროს, თუმცა 1120 წელს, სულთანმა მაჰმუდმა აჯანყებულები დაამარცხა და დუბაისს შეუტია. დუბაისმა ილ-ღაზს შეაფარა თავი. ბაღდადის ხალიფამ ილ-ღაზს მოსთხოვა დუბაისის გაძევება, თუმცა ართუკიანმა უარი შეუთვალა. მიუხედავად იმისა, რომ დუბაისი დევნილი იყო, მაგრამ ის ილ-ღაზთან დიდძალი ფულითა და საჩუქრით გამოცხადდა, ამიტომ კოალიციაში დუბაისის მონაწილეობამ გააძლიერა ილ-ღაზის ძალები. 
მძიმედ აღჭურვილი სელჩუკი ღულამი
 
კოალიციის სხვა მეთაურები იყვნენ: ირან-ერაყის სულთან მაჰმუდის უმცროსი ძმა, არანისა და სამხრეთ აზერბაიჯანის გამგებელი თუღრილ იბნ მუჰამადი, რომელიც ამ დროს მცირეწლოვანი იყო და მისი ჯარების სარდალი ათაბაგი ქენ-თოღდი უნდა ყოფილიყო; ბითლისისა და არზანის ამირა თუღან არსლანი, რომელმაც 1118 წელს დაიპყრო სომხური ქალაქი დვინი და ამით დაუახლოვდა საქართველოს საზღვრებს, რის შემდეგაც მის პოლიტიკურ ინტერესში უნდა ყოფილიყო გაძლიერებული საქართველოსგან მომავალი საფრთხის არიდება. 1119 წელს თუღან არსლანი ილ-ღაზის მოკავშირე იყო ანტიოქიის სამთავროსთან ომში და ამის შემდეგაც ართუკიანი მმართველის მოკავშირედ რჩებოდა. 
კოალიციის პოტენციური წევრები, გეოგრაფიული მდებარეობისა და საქართველოსადმი ბუნებრივი ინტერესის გამო, შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ანისის, ყარსის, ხლათის, ერზურუმის ამირები, თუმცა ბრძოლაში მათ მონაწილეობაზე ისტორიული წყაროებიდან ცნობები არ გვაქვს. 
ქართული ლაშქრის მეთაური დავით IV იყო. 48 წლის მეფეს თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ომებში ჰქონდა გატარებული და დიდი სამხედრო გამოცდილება შეეძინა. მართალია მეფე ხშირად პირადადაც ერთვებოდა ბრძოლაში და გამოირჩეოდა როგორც ინდივიდუალური მეომარი, მაგრამ მისი უმთავრესი ღირსება სტრატეგიული აზროვნება და სამხედრო ტაქტიკის კარგი ცოდნა იყო. დავით IV-ს პოლიტიკური თუ სამხედრო ნაბიჯებიდან კარგად ჩანს, რომ მას ჰქონდა შექმნილი ვითარების ხედვის, ძალთა არსებული შეფარდების რეალური შეფასების, მოვლენათა განვითარების ამოცნობის და ამ ყველაფრით საკუთარი სტრატეგიის ჩამოყალიბების უნარი. მისი სამხედრო პოლიტიკა მთლიანად შექმნილი ვითარებისა და არსებული შესაძლებლობების თანხვედრის სტრატეგიულ ხედვას ეფუძნებოდა. მეფე ტახტზე ასვლიდან ათი წლის განმავლობაში აგრძელებდა ხარკის გადახდა სელჩუკებისთვის, რადგან ქვეყანა ჯერ ომისთვის არ იყო მზად, მაგრამ როდესაც ხარკის გადახდა შეუწყვიტა სულთანს, იმ დროისთვის კარგად ჰქონდა გათვალისწინებული ყველა საგარეო და საშინაო ფაქტორი, რის შედეგადაც ქვეყნის რესურსებიც გაიზარდა და სელჩუკთა იმპერიაც კრიზისში აღმოჩნდა.
დავით IV აღმაშენებელი. ბრუნო ვეფხვაძის ნახატი
ამიერკავკასია XI ს. ბოლოსთვის

 
როდესაც მან მომთაბარეების განდევნა დაიწყო, თავდაპირველად ამას მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე აკეთებდა და არ გადადიოდა იერიშზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იმ ადგილებზე, საიდანაც ისინი ყოველწლიურად შემოდიოდნენ საქართველოში. არ ცდილობდა, რათა სელჩუკებთან ნაადრევად არ დაეწყო ღია ომი. მის სტრატეგიულ ხედვას გვიჩვენებს ის ფაქტიც, რომ სელჩუკებთან მთელი ომის მანძილზე, მეფე ინარჩუნებდა ერთ ფრონტს ისლამურ სამყაროსთან და ინარჩუნებდა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დანიშმენდიანებისა და ხლათის საამიროების ნეიტრალიტეტს, ხოლო როგორც კი ძირითად ფრონტზე ომი დაასრულა, მეორე მიმართულებაზე გააგრძელა შეტევა. დავით IV-ს სამხედრო ნიჭის მაჩვენებელია მისი საალყო თუ საველე ბრძოლებიც, რომლებშიც მეფე ისევე წარმატებით ირჯებოდა, როგორც პოლიტიკურ სარბიელზე. განსაკუთრებულად კი, მეფის ტაქტიკური განსწავლულობა სწორედ დიდგორის ბრძოლაში გამოჩნდა. 
 
ჯარები
დავით IV-ს გამეფებისას, ქართული არმია დასუსტებული და დემორალიზებული იყო, ხოლო სამხედრო ორგანიზაცია და ლაშქრის შეკრების სისტემა მოშლილი. თავდაპირველად მეფეს მხოლოდ მცირე რაზმების შეგროვება შეეძლო, რომლებიც მისი გეგმების შესასრულებლად ნამდვილად არ იყო საკმარისი. სამხედრო რეფორმის გარეშე, დავით IV-ს მეტად გაუჭირდებოდა წარმატების მიღწევა. ფეოდალური სეპარატიზმის აღკვეთა, საეკლესიო რეფორმა, სახელმწიფო მმართველობის სისტემის გაუმჯობესება სამხედრო რეფორმის განხორციელებას განსაკუთრებულად უწყობდა ხელს. მეფემ გააუქმა ყველაზე ურჩი, კლდეკარის საერისთავო და სხვა ფეოდალები მტკიცედ დაუქვემდებარა ხელისუფლებას, რის შედეგადაც ფეოდალური ლაშქრის შეკრების დროს მეომართა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. რაოდენობის ზრდა არ ნიშნავდა ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას. საჭირო იყო არმიის იერარქიული სისტემის ჩამოყალიბება, სამხედრო რაზმების შედგენა აღჭურვილობისა და ტაქტიკური დანიშნულების მიხედვით, მომარაგებისა და უზრუნველყოფის მოწესრიგება, დისციპლინის დამყარება. მეფემ სამხედრო-ორგანიზაციული რეფორმა წარმატებით ჩაატარა, რაც მის მიღწეულ შედეგებშიც გამოიხატა. მეფემ მოაწესრიგებინა გზები და ხიდები, რითაც არმიის უფრო სწრაფად შეკრება და გადაადგილება უზრუნველყო. ეს განსაკუთრობით უწყობდა ხელს მომთაბარე თურქმანების წინააღმდეგ ბრძოლას, რისთვისაც მეფემ მცირე, მობილური რაზმებიც ჩამოაყალიბა. დავითის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება სამხედრო სისტემის გასაძლიერებლად იყო ყივჩაღთა ურდოს ჩამოსახლება საქართველოში. ყივჩაღების მსუბუქი ცხენოსანი რაზმების ფეოდალურ სამხედრო ორგანიზაციაში ჩართვით მეფე ქართული არმიის მობილურობასა და დისტანციური ბრძოლის უნარს ამაღლებდა, რის შემდეგაც ქართველებს უკვე თამამად შეეძლოთ სელჩუკთა არმიებთან ბრძოლა. 
მძიმედ აღჭურვილი ქართველი მეომარი (XI-XII სს.). გიორგი წიკლაურის ნახატი
საქართველოში გავრცელებული მუზარადები XI-XIII სს. გიორგი წიკლაურის ნახატი
 
ყივჩაღების დახმარებით, დავითს უკვე შეეძლო გაშლილ ველზეც ებრძოლა მტრის წინააღმდეგ. მაგალითად, როდესაც მეფემ ჯერ ბარდავში, შემდეგ კი შირვანში ილაშქრა, მისი არმია ძირითადად ყივჩაღებით იყო დაკომპლექტებული. ფეოდალური ლაშქრის გარდა, დავით IV ხშირად იყენებდა ბრძოლაში თავისივე შექმნილ გვარდიას, მონასპას. უცხოელ მეომარს არ ჰქონდა შიდა სახელმწიფოებრივ სიტუაციებში მონაწილეობის მოტივაცია, რაც სტაბილური ჯამაგირის პირობებში უზრუნველყოფდა მის ერთგულ სამსახურს ბატონისადმი. ამასთან, ფეოდალურ გაწვევას დაქვემდებარებული ადგილობრივი მეომრის გვარდიელად გადაყვანა რთული პროცედურა იყო. მეომარი, რომელსაც ომის, ან მშვიდობის დროს პერიოდულობით უნდა ემსახურა ჯარში, დამატებითი მოტივაციის გარეშე არ იყო დაინტერესებული ხანგრძლივი სამხედრო სამსახურით, რის გამოც გვარდიელები, ე.ი მუდმივად სამსახურში მყოფი მეომრები, თითქმის ყველგან უცხოელები იყვნენ. საქართველოში ესენი უნდა ყოფილიყვნენ ყივჩაღი მეომრები. ქართულ ჯარში მსახურობდნენ მოქირავნე მეომრებიც. საქართველოს სამეფოს არმიის შემადგენლობაში მოქირავნეებად ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში განსახლებული ტომები, ალანები და ყივჩაღები შედიოდნენ. თუმცა არ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი რაოდენობა დიდ რიცხვებს აღწევდა. დიდგორის ბრძოლის დროსაც, დავითის არმიის რიგებში ყივჩაღებთან ერთად, ალანთა მცირერიცხოვანი რაზმიც ჩანს. ისევე, როგორც თავისი დიდი პაპა ბაგრატ IV, რომელსაც სადრ ად-დინ ალ-ჰუსაინის ცნობით, ალფ-არსლანთან ომში ფრანკი მოქირავნეები ჰყავდა, ფრანკები დავითის ლაშქარშიც ჩანან. მართალია მათი რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ თუნდაც ასი ან ორასი ფრანკი მძიმედ აღჭურვილი მხედარი დიდ ძალას წარმოადგენდა, რაც ჯვაროსნული ქვეყნებისა და მუსლიმების დაპირისპირების ისტორიიდანაც კარგად ჩანს, როდესაც ძალზე მცირერიცხოვანი, რამდენიმე ასეული მეომრისგან შემდგარი ევროპული არმიები ხშირად სასტიკად ამარცხებდნენ თავისზე მრავალრიცხოვან მტერს. დავითის არმიის რიცხოვნობა ისტორიულ წყაროებში სხვადასხვაგვარია. გასული საუკუნის ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ რიცხვებიდან ყველაზე მისაღებად მიაჩნდათ ვერსია, რომლის მიხედვითაც დავით IV-ს დროშის ქვეშ 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი, 500 ალანი და 100 (ან 200) ფრანკი იდგა. თანამედროვე სამხედრო ისტორიკოსების ნაწილი, რომელიც ამ საკითხს კომპლექსურად სწავლობს შუა საუკუნეების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით უფრო დეტალურად განმარტავს ქართული არმიის რიცხოვნობის საკითხს XII საუკუნეში. მაგალითად, ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე მიიჩნევს, რომ დავით IV-ს შეიძლებოდა ჰქონოდა 50-60 ათასი მეომრის შეკრებისთვის საჭირო სამხედრო პოტენციალი, თუმცა ამ ძალების ნაწილი სხვადასხვა სამხედრო ამოცანისთვის გახლდათ საჭირო - გარნიზონებისთვის, საზღვრების დასაცავად და ა.შ. შესაბამისად, კონკრეტულად ბრძოლის ველზე სრული სამხედრო რესურსს მეფე ვერ გამოიყენებდა. ისტორიკოსი სოსო მარგიშვილი კი 15-18 ათასიან არმიად მიიჩნევს დავითის ლაშქარს, ხოლო სრულ სამობილიზაციო რესურსს ამაზე რამდენიმე ათასით მეტს.  
წინ მარცხნივ მძიმედ აღჭურვილი ღულამი; წინ მარჯვნივ თურქ მომთაბარეთა მეთაური; უკან არმიის მედოლე. ანგუს მაკბრაიდის ნახატი.

თურქ-სელჩუკთა სამხედრო ორგანიზაცია და ტაქტიკა თავდაპირველად მთლიანად მომთაბარული იყო და ეყრდნობოდა მსუბუქი ცხენოსნების სისწრაფესა და დისტანციური ბრძოლის შესაძლებლობას. ახლო აღმოსავლეთის განვითარებულ ქვეყნებთან ომების შემდეგ, სელჩუკებმა მიიღეს სამხედრო ხელოვნების ის ელემენტები, რომლის გარეშეც დაპყრობითი ომები და დაპყრობილი მიწების შენარჩუნება შეუძლებელი იყო. მათ არმიებში გამოჩნდნენ მძიმედ აღჭურვილი ცხენოსნები, საინჟინრო ნაწილები, საალყო მანქანები, ქვეითთა რაზმები. ამასთან ერთად შენარჩუნდა მომთაბარული ელემენტიც, რამაც სელჩუკთა არმიას მაღალი მობილურობა და ბრძოლისუნარიანობა მისცა. სელჩუკური არმიის მთავარი ძალა მსუბუქი და მძიმე კავალერია იყო. მსუბუქ ცხენოსანთა რაზმები უმეტესად მომთაბარე თურქმანებისგან იკრიბებოდა. ისინი იშვიათად ატარებდნენ ჯაჭვის პერანგს ან ლამელარულ აბჯარს და შეიარაღებულები იყვნენ მშვილდ-ისრითა და მახვილით, თუმცა კი ასეთი მხედრების ფუნქციას ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვა არ წარმოადგენდა. მძიმედ აღჭურვილი მხედრები შეიარაღებულები იყვნენ შუბებით, ფარებით, მახვილებითა და საბრძოლო ლახტებით. ატარებდნენ რკინის მუზარადსა და აბჯარს. მათ შეეძლოთ მტერზე ძლიერი იერიშის მიტანა და ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვა. მიუხედავად მძიმე აღჭურვილობისა, ეს მხედრები ფრანკ რაინდებთან შედარებით მაინც უფრო მობილურები და მანევრულები იყვნენ. ხშირ შემთხვევაში, სელჩუკთა მძიმე კავალერია დაკომპლექტებული იყო იმავე პრინციპით, როგორიც აბასიანთა სახალიფოში ადრევე გაჩნდა: მონა-მეომრებისგან, ღულამებისგან. ღულამები იყვნენ ან ნაყიდი მონები ან ტყვედ ჩავარდნილი ახალგაზრდა მეომრები, რომელთა რიგებშიც ბევრი იყვნენ ყივჩაღებიც. მათგან დგებოდა სელჩუკი სულთნებისა და ამირების გვარდიები, რითაც ღულამები სელჩუკური არმიების ორგანიზაციულ ბირთვს ქმნიდნენ.
1. სელჩუკი მოქირავნე (XI-XII სს.), 2-3. ნორმანო-იტალიელი (ფრანკი) მოქირავნეები. ანგუს მაკბრაიდის ნახატები
 
 გამოირჩეოდნენ დისციპლინითა და მაღალი ბრძოლისუნარიანობით. ქვეითებს სელჩუკთა არმიაში დამხმარე ფუნქცია ჰქონდათ. გამოიყენებოდნენ ციხე-ქალაქების ალყების დროს, ბანაკის გასამართად და ა.შ. სელჩუკთა საბრძოლო ტაქტიკა ცხენოსანი რაზმების მაღალი მანევრირებისა და ბრძოლის უნარზე იყო აგებული. ბრძოლის ველზე სელჩუკთა ჯარი სამ ნაწილად იყოფოდა: ცენტრად და მარჯვენა-მარცხენა ფლანგად. წინ მსუბუქი ცხენოსანი მოისრები იდგნენ, რომლებიც მტერს 100-150 მეტრის მანძილზე უახლოვდებოდნენ და ისრებით ცხრილავდნენ. ცხენოსნები იმგვარად იყვნენ განლაგებულები, რომ როდესაც ერთი რაზმი დაასრულებდა ისრების გასროლას, მას მეორე ცვლიდა. წარმოიქმნებოდა ისრების ტალღა, რომელსაც მტრის რიგებში დიდი ზარალი და ჯარის დემორალიზება მოჰყვებოდა. თუ მტერი შეეცდებოდა მათთან მიახლოებას, სელჩუკები უკან დახევას იწყებდნენ, რა დროსაც ისრებს კვლავინდებურად ისროდნენ. ამ დროს ხშირად იშლებოდა მტრის რიგები, რომელზეც იერიშს უკვე მძიმე კავალერია მიიტანდა და გაანადგურებდა. თუ მოწინააღმდეგე არ დაედევნებოდა სელჩუკთა მსუბუქ კავალერიას და მჭიდრო რიგებად შეკრული ეცდებოდა მიახლოებას და ბრძოლაში ჩაბმას, მაშინ ცხენოსანი მოისრები ფლანგებსა და ზურგს შეუტევდნენ მოძრაობაში მყოფ მოწინააღმდეგეს, დიდ ზარალს მიაყენებდნენ და დაასუსტებდნენ, სანამ სელჩუკთა არმია ხელჩართულ ბრძოლაში არ გაანადგურებდა მათ. სელჩუკთა, ისევე როგორც შუა აზიის სხვა მომთაბარე ხალხების საყვარელ ტაქტიკურ მეთოდს მოჩვენებითი უკან დახევა წარმოადგენდა. ამ ხერხით სელჩუკებს ხშირად გაემარჯვათ მტერზე, ამიტომ როდესაც პირველი ჯვაროსნული ომის მეთაურები ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსს შეხვდნენ, მტრის ამ ტაქტიკის შესახებ მან საგანგებოდ გააფრთხილა ისინი. აღსანიშნავია, რომ მთიან რელიეფზე სელჩუკთა ბრძოლისუნარიანობა მკვეთრად მცირდებოდა, რადგან ასე ტაქტიკურ უპირატესობასაც კარგავდნენ, სისწრაფესა და მობილურობასაც და მთლიანად ხელჩართულ ბრძოლაში უხდებოდათ ჩაბმა. ამ სისუსტის გამოყენებას ხშირად ცდილობდნენ მათი მოწინააღმდეგეები, მათ შორის საქართველოს მეფე დავით IV, რომელმაც დიდგორის სამხედრო კამპანიის დროსაც მაქსიმალურად აირიდა მტერთან გაშლილ ადგილზე ბრძოლა. 
 დიდგორის ბრძოლაში ისლამური კოალიციის არმიის რიცხოვნობის დადგენა კიდევ უფრო რთულია ვიდრე დავითის არმიის რიცხოვნობისა. ამგვარი დეტალების განსაზღვრაში პირველ რიგში შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიის თავისებურებები გვიშლის ხელს.  მემატიანეები უმეტესად თანადროული რეალობისგან აცდენილ რიცხვებს იძლევიან, როგორიცაა 200, 600 ან თუნდაც, 400 ათასი. ჯერ კიდევ 1920-იანი წლების ბოლოს, ქართველი დიპლომატი და ისტორიკოსი, ზურაბ ავალიშვილი აღნიშნავდა: „დროის და ეკონომიკური შესაძლებლობათა მიხედვით, ექვს ნიშნოვან ჯარზე ლაპარაკიც არ შეიძლება. კოალიციის ძალები, შესაძლებელია, რომ რიცხვით სჭარბობდა. ერთი კი უეჭველია, რომ ეს ომი, მაშინდელი საზომით, დიდი მასშტაბის სამხედრო შეჯიბრებას წარმოადგენდა". თუ არ ჩავთვლით XII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIII საუკუნის პირველი ნახევრის ცნობილი მუსლიმი ისტორიკოსის, იბნ ალ-ასირის მოცემულ რეალურ რიცხვს, 30 ათასს, რომელიც ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად ისტორიკოსმა გოჩა ჯაფარიძემ შემოიტანა. თანამედროვე სამხედრო ისტორიკოსთა შორის ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეების ისტორიულ წყაროთა უმრავლესობაში მოცემული რიცხვები რეალობასაა აცდენილი. ისტორიკოსი სოსო მარგიშვილი მიიჩნევდა, რომ კოალიციის არმიის რიცხოვნობა 30 ათასამდე იყო, მიხეილ ბახტაძის მიხედვით კი ილ-ღაზსა და მის მოკავშირეებს შეიძლებოდა ჰყოლოდათ დაახლ. 65-75 ათასი მეომარი.
 
სამხედრო მოქმედებები
ისტორიულ წყაროებში სხვადასხვაგვარად არის აღწერილი ისლამური კოალიციის მარშრუტი და დაბანაკების ადგილი საქართველოში. ქართველმა სამხედრო ისტორიკოსმა, სოსო მარგიშვილმა, ამგვარად აღადგინა მუსლიმთა არმიის მარშრუტი: 1121 წლის ივნისის დასაწყისში, მარდინიდან საქართველოსკენ საკმაოდ დიდი არმიით დაიძრნენ ილ-ღაზი და დუბაის იბნ სადაკა. ისინი მივიდნენ ჯერ ერზურუმში, შემდეგ კი ყარსში, სადაც მათ შეუერთდათ დანარჩენი ძალები, აქედან კი კოალიციური არმია ჯავახეთის გავლით შემოვიდა თრიალეთში და მიადგა მანგლის-დიდგორს, საიდანაც ის თბილისის მიდამოებში აპირებდა გასვლას. სელჩუკთა ლაშქრის თავმოყრის ადგილად დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ქვემო ქართლში, თრიალეთს, მანგლისსა და დიდგორს ასახელებს. მანგლისის მიდამოები იყო ერთგვარი გზაგასაყარი, საიდანაც გზები გადადიოდა როგორც მცხეთა-შიდა ქართლში, ასევე თბილისსა და ქვემო ქართლში. აქამდე მოსულ არმიას შემდგომი მარშრუტი უნდა აერჩია იმის მიხედვით, თუ რომელი მიმართულება იყო მისი ლაშქრობის მიზანი. ამ შემთხვევაში, ილ-ღაზის მიზანი თბილისის მიდამოებში გასვლა უნდა ყოფილიყო. ეს ადგილი დიდი არმიის ბაზირებისთვის სხვადასხვა ნიშნის გამო იყო კომფორტული: მტკვარი მრავალრიცხოვანი ცხენებისა და სხვა საქონლის დასარწყულებლადაც გამოდგებოდა და ბუნებრივ ბარიერსაც შექმნიდა ბანაკის ფლანგის დასაცავად; გაშლილ სივრცეზე სელჩუკთა კავალერია თავისუფლად იმოქმედებდა. ასევე, თითქმის გამორიცხავდა მტრისგან მოულოდნელი თავდასხმის შესაძლებლობას. არმიის ზურგში იქნებოდა მათი მოკავშირე ქალაქი, რომლიდანაც ჯარის მომარაგება ან დახმარების მიღებაც შეიძლებოდა და თავის შეფარებაც. ამ მიდამოების სტრატეგიული უპირატესობა აშკარა იყო, ის თბილისის საამიროს ეკუთვნოდა და ესაზღვრებოდა საქართველოს სამეფოს საზღვრებს. 
ისტორიული წყაროების მიხედვით ვიგებთ, რომ ბრძოლა თბილისამდე ნახევარი დღის სავალზე გაიმართა. ისტორიული წყაროების უმეტესობა ბრძოლის ადგილს არ აკონკრეტებს და მხოლოდ რამდენგანმეა აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტები: დიდგორს, მანგლისთან და თრიალეთთან ერთად მიუთითებს დავით აღმაშენებლის მემატიანე, ასევე დიდგორზე მიუთითებს თამარ მეფის მემატიანეც. სომეხი ავტორის, მათე ურჰაელის დასახელებული მთა დეკორიც, სავარაუდოდ, დიდგორთან იდენტიფიცირდება. წყაროებიდან გამომდინარე, ბრძოლა მოხდა მთიან, ხეობიან ადგილზე. ბრძოლის ველის ზუსტი ლოკალიზება რთულია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო არა ორი, ერთმანეთის პირისპირ კომპაქტურად განლაგებული არმიის ბრძოლა, არამედ, უფრო ვრცელ მონაკვეთზე გაწელილი სამხედრო მოქმედებების ერთობლიობა. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ ისტორიული წყაროების მონაცემები, არამედ დასახელებული ადგილების ლანდშაფტიც. 
 
ბრძოლა
შუა საუკუნეების ისტორიული წყაროები ხშირად ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ბრძოლის დეტალების აღწერას ან მემატიანეები მიღებულ მწირ ინფორმაციას საკუთარი ინტერპრეტაციით ამდიდრებენ. უშუალოდ ბრძოლის შესახებ წყაროებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ორი თანამედროვე ავტორის, მუსლიმი ალ-ფარიკის (XII ს.) და ჯვაროსნული სამთავროს, ანტიოქიის კანცლერის, გოტიეს (XII ს.) ცნობები. ამ წყაროებიდან, ისევე როგორც სხვებიდან, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი, დეტალური აღწერა, მაგრამ, სამაგიეროდ იკვეთება ბრძოლის ხასიათი და ნათელი ხდება, რომ დავითმა გამოიყენა ჩასაფრება და მოულოდნელობის ეფექტი რათა მტრის ძლიერი არმია მისთვის არახელსაყრელ პირობებში გაენადგურებინა. გოტიეს ცნობა, რომელიც, თუ არ ჩავთვლით რიგ მხატვრულ ნიუანსებს (როგორიცაა დავით აღმაშენებლის წარმოთქმული სიტყვა ჯარის წინაშე), სხვებისგან გამოირჩევა სამხედრო ხასიათის დეტალებზე მეტი აქცენტით: მასთან აღნიშნულია რომ დავითის არმია ორადაა გაყოფილი და ჩასაფრებულია ორ მთას შუა, მცირე ნაწილს კი უკავია ის ველი, სადაც, როგორც ჩანს მუსლიმთა კოლონების გზა უნდა ყოფილიყო. აღნიშნულია საბრძოლო არეალის სივიწროვე, რაც უზრუნველყოფა ჩასაფრების ეფექტიანობას. 
ევროპელი (ფრანკი) ჯვაროსნების კავალერიის შოკური შეტევა (XI ს. ბოლო, XII ს.)
 
 
ჩანს, რომ მცირერიცხოვანი რაზმი, რომელსაც გოტიე ფრანკებად ასახელებს, მტრის სავალ გზაზე, მათგან ხილულადაა განლაგებული და მათ ამოცანას მოწინააღმდეგის პროვოცირება და ბრძოლაში ჩაბმა წარმოადგენს. დანარჩენები კი მთებსა და ტყეებში არიან ჩასაფრებულები. აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ ამ მიდამოებში მოძრაობა რისკიანი იყო თავისი მრავალრიცხოვნების იმედზე მყოფი მუსლიმებისთვის, არეალის სივიწროვის გამო. გოტიეს მიხედვით, ველზე მოძრავი მუსლიმები ხედავენ და თავს ესხმიან ღიად მდგომ ფრანკებს, რის შემდეგაც მათ მოულოდნელად, ჩასაფრებული ქართული არმია ესხმის თავს და ამარცხებს. მსგავსი სურათი ჩანს ალ-ფარიკის ცნობებშიც: ქართული არმია ორადაა გაყოფილი და ჩასაფრებულია - დასავლეთ ფლანგს დავით IV სარდლობს, აღმოსავლეთისას მისი ძე დემეტრე, რომელიც მაღალ მთაზე დგას. თავდასხმა აქაც ხდება სამარშო კოლონაზე და არა საბრძოლოდ განლაგებულ მტერზე, კერძოდ, დემეტრე იმ დროს ესხმის თავს მუსლიმებს, როცა ისინი იმ მთის ძირში გადიან, რომელზეც მისი ჯარია ჩასაფრებული. ისტორიკოს სოსო მარგიშვილის მიხედვით, ეს მსგავსებები, რომლებიც ბრძოლის საერთო ხასიათსა და მსვლელობასაც საკმაოდ ნათლად გამოხატავენ, განპირობებული უნდა იყოს იმით, რომ ორივე ავტორს დიდგორის ბრძოლის შესახებ ინფორმაცია უშუალო მონაწილეებისგან ჰქონდა მიღებული, რაც ორივე წყაროს მაღალ სამხედრო-ისტორიულ ღირებულებას ანიჭებს. საინტერესოა, რომ ალ-ფარიკს საქართველოში ყოფნისას, ბრძოლის ადგილიც ნანახი ჰქონდა და ბრძოლის ისტორიაც პირადად დავით IV-ს ვაჟისგან, მეფე დემეტრე I-გან მოსმენილი. ამავე ეპოქის სხვა ავტორები, სომეხი მათე ურჰაელი და მიხეილ სირიელი, უფრო არარეალურ და სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო დეტალებს გვაწვდიან, თუმცა ორივე მათგანთან იკვეთება დიდგორის ბრძოლის ჩასაფრებითი ხასიათი და რელიეფის მთაგორიანობა. XIII საუკუნის ავტორის, იბნ ალ-ასირის დასახელებული 200 ყივჩაღი, რომელთაც არეულობა გამოიწვიეს მტრის რიგებში, ასევე ჰგავს გოტიესთან მოცემულ ამბავს და უნდა მიგვითითებდეს დავით IV-გან მოწინააღმდეგის პროვოცირებასა და მისი ჩასაფრებაში შეტყუებაზე. ქართველთა ჩასაფრებისა და მტერზე მთებიდან შეტევა სხვა წყაროებშიც ჩანს, ალ-ჯაუზთან (XII ს.), ქამალ ად-დინთან (XII-XIII სს.) და იბნ ალ-კალანისთან (XI-XII სს.). ეს უკანასკნელები მიუთითებენ, რომ თავდაპირველ შეტაკებაში ქართველები დამარცხდნენ და უკუიქცნენ, მაგრამ შემდეგ დადევნებულ მუსლიმებს მიუბრუნდნენ და სძლიეს მათ. ამ შემთხვევაშიც აშკარაა რომ პირველი შეტაკება მტრის პროვოცირებისა და მისი შეტყუებისთვის იყო გამიზნული. 
დემეტრე I, დავით IV-ს ძე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დიდგორის ბრძოლის მოგებაში. მაცხვარიშის ფრესკა, XII ს.
 
როგორც ვხედავთ, დიდგორის ბრძოლაზე არსებული წყაროები თითქმის ერთხმად მიუთითებენ ბრძოლის ჩასაფრებით ხასიათზე. როგორც ჩანს, დიდგორში ისლამური კოალიციის განადგურების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დამკვიდრდა ის ძირითადი ვერსია, რომლის მიხედვითაც მუსლიმური არმია შეიტყუეს და დაამარცხეს ჩასაფრებით, რაც მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა შეეფერებოდეს რეალობას.
საბრძოლო მოქმედებები დავით აღმაშენებლის მემატიანის მიხედვით დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა: „ხოლო მეფისა დავითისი ესეოდენთა მიმართ წინაგანწყობა სამ ჟამადმდე იყო“, თუმცა მითითება, რომ „პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა“, სწორად უნდა ასახავდეს ბრძოლის ხანმოკლე ხასიათს. ეს, როგორც წესი, გარდაუვალი იყო, როდესაც საბრძოლოდ მოუმზადებელ არმიას ოსტატურად მოწყობილი ჩასაფრებიდან ესხმოდნენ თავს. ამას ხელს უწყობდა მტრის რიგებში გავრცელებული პანიკა, რაც გამოიწვევდა მათ მასიურ გაქცევას და ქართული არმიის მიერ დევნას.
უფრო განსხავებულ ვერსიას გვთავაზობს ისტორიკოსი მამუკა წურწუმია: თუკი გავითვალისწინებთ, რომ ქართული ლაშქარი იყენებდა ცხენოსანთა დარტყმით ტაქტიკას. ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების ზოგადი რეკონსტრუქცია ასეა შესაძლებელი: რადგანაც ბრძოლა სამი საათი გაგრძელდა და გამარჯვების მისაღწევად ქართველთა პირველივე შეტევაც საკმარისი აღმოჩნდა, ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ ეს იერიში ბრძოლის მიწურულს განხორციელდა, მანამდე კი დავით აღმაშენებელი თავს იცავდა და ხელსაყრელ დროს ელოდებოდა. პირველი 2-2,5 საათის განმავლობაში თურქმენ ცხენოსან მოისართა ტალღები აწყდება ქართველთა რიგებს, რომლებიც ურყევად დგას და თავს იცავს („დავით მეფე ამხნევებს თავისიანებს“) შეტევისათვის სწორი მომენტის შერჩევის შემდეგ, ქართული რაინდული კავალერიის შოკური დარტყმა მუსლიმთა მთავარ ბირთვს, ილ-ღაზის დროშას სწვდება.
ქართველი მხედარი დიდგორის ველზე. ავგუსტო ფერერ დალმაუ ნიეტოს ნახატი.
 
 ეს სწორად შერჩეული, დროულად და მთელი სიმძიმით განხორციელებული პირველივე დარტყმა (რომელსაც უეჭველად ქართველთა ყველაზე დისციპლინირებული და გამოცდილი მოყმეები განახორციელებდნენ) საკმარისი აღმოჩნდა ილ-ღაზის არმიის ძირითადი ბირთვის გასანადგურებლად, რასაც ხელმძღვანელობის და შედეგად, მთელი ამ უზარმაზარი არმიის მოშლა და გაქცევა მოჰყვა. ამ ერთადერთი შეტევის ხასიათი და შედეგი მეტყველებს მის არსზე და მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს დიდი ოსტატობით განხორციელებულ ცხენოსანთა შოკურ დარტყმასთან.
 
შედეგი
თურქ-სელჩუკთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. განსაკუთრებით ბევრი მეომარი დაიღუპებოდა დევნის დროს, როგორც ჩვეულებრივ, ხდებოდა ხოლმე. ისტორიულ წყაროებში მთავარსარდლის, ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზის დაჭრის შესახებაც გვხვდება ცნობა, თუმცა, მან სამშვიდობოს გასვლა მაინც მოახერხა, ისევე როგორც თუღრილ იბნ მუჰამადმა და დუბაის იბნ სადაკამ. ქართველებმა 4 ათასი მეომარი დაატყვევეს და ხელთ იგდეს დიდძალი ალაფი. მარტო დუბაის იბნ სადაკას ქონება 300 ათასი დინარის ღირებულების იყო. 
 
მდგომარეობა ამიერკავკასიაში დიდგორის ბრძოლის შემდეგ, თბილისის აღებამდე (1122)
 
დიდგორში თურქ-სელჩუკთა კოალიციის დამარცხებამ გადაწყვიტა თბილისის ბედიც. უკან დაბრუნებულ ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზს საქართველოსთვის აღარ ეცალა, რადგან მას ვაჟიშვილი, ალეპოს გამგებელი სულაიმანი აუჯანყდა, თუღრილ იბნ მუჰამადს დავით IV-თან მარტო ბრძოლა არ შეეძლო, სულთანმა მაჰმუდმა კი, რომელსაც იბნ ალ-ასირის მიხედვით ქართველებზე დიდი სახელმწიფო და მეტი ჯარი ჰყავდა, ვერ შეძლო ხელი შეეშალა გამარჯვებული ქართველი მეფისთვის, რომელმაც იმავე წლის ბოლოს ალყა შემოარტყა ქალაქს და 1122 წლის თებერვალში აიღო და ფაქტობრივად დაასრულა ქართული მიწების გაერთიანება.
 
ბიბლიოგრაფია
 
1. ავალიშვილი, ზ. ჯვაროსანთა დროიდან. თბილისი, 1989 (პირველი გამოცემა პარიზი, 1929). 
2. ბახტაძე, მ. „მოწინააღმდეგეთა ჯარების რაოდენობა დიდგორის ბრძოლაში". საისტორიო კრებული 4. თბილისი, 2014. 
3. ბახტაძე, მ. „რამდენიმე მოსაზრება დიდგორის ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ". საისტორიო კრებული, 7. თბილისი, 2019. 
4. მარგიშვილი, ს. მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ. თბილისი, 2007.
5. მესხია, შ. ძლევაი საკვირველი. თბილისი, 2016. 
6. ჯაფარიძე, გ. „ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი". ძიებანი 1. თბილისი, 2012.
7. ჯაფარიძე, გ. საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში. თბილისი, 1995.
8. წურწუმია, მ. შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი. თბილისი, 2016.
9. ხოფერია, ნ. „ფრანკი მოქირავნეები საქართველოში (XI ს.)". ქართული წყაროთმცოდნეობა XIX/XX. თბილისი, 2017. 
 
სტატია ეყრდნობა თანადროულ ისტორიულ წყაროებს და უახლეს სამეცნიერო გამოცემებს, რომლებიც სამხედრო-ისტორიული, პროფესიული თვალსაზრისით დიდგორის ბრძოლის ფაქტობრივად, პირველი მნიშვნელოვანი კვლევებია.
ნიკა ხოფერია
მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ებრაული მედიის, TIMES OF ISRAEL-ის თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს საათებში ოფიციალურად შევა ძალაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.
შეთანხმების პირობები ამგვარია:
ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 60 დღის განმავლობაში სრულად უნდა გაიყვანოს.
ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან მდინარე ლიტანამდე ( 20-23კმ-ის მიღმა) უნდა გაიყვანოს ჯარები და სრულად გაანადგუროს ე.წ სამხედრო ინფრასტრუქტურა.
10 000 ლიბანელი ჯარისკაცი განლაგდება ისრაელ-ლიბანის საზღვრებთან- იქ, სადაც აქამდე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჯარისო ფორმირებები იყვნენ განთავსებულნი.
აშშ და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები გააძლიერებენ ლიბანის არმიის სამხედრო შესაძლებლობებს, რათა ისინი ძალებით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ“ჰეზბოლას” სამხედრო შესაძლებლობებს.
შეთანხმების დარღვევის შეთმხვევაში ისრაელს ექნება უფლება, ხელახლა წამოიწყოს სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე- შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ფონზე.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.