2020 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.5% შეადგინა. შესაბამისად 119700 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6254.81 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული, - ნათქვამია კვლევაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ბანკები და საზოგადოება“ აქვეყნებს.
1-ლი მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 400-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6229.52 მილიონიდან 6254.81 მილიონ ლარამდე.
119700 ხელშეკრულებიდან 34300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 835.31 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ლი აპრილის მდგომარეობთ 12.88% შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.
რეფინანსირების განაკვეთზე 1-ლი აპრილის მონაცემებით 44500 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.12%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1931.52 მილიონი ლარია.
37000 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3237.05 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1106.77 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.93%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1-ლი აპრილის მონაცემებით 2130.282 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.26%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ლი აპრილის მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16.066 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 12.32%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 88.39 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1-ლი აპრილის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.36%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
დღეს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8.50 პროცენტამდე შეამცირა.