USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
11 სექტემბრის ჰოროსკოპი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები?
 

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ენერგიული პოტენციალი მცირდება და სამუშაოზე ფოკუსირება გიჭირთ, განსაკუთრებით - დღის პირველ ნახევარში. გირჩევთ, სერიოზული საქმის დაწყებას მოერიდოთ და მთელი ყურადღება სასწრაფო საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ. ახლობელ ადამიანთან საუბარი რთული სიტუაციის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს აჩქარებას შეიძლება სერიოზული შეცდომები მოჰყვეს, ამიტომ გირჩევთ, სამსახურში ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ და აუჩქარებლად განიხილოთ.
უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ რჩევას მოგცემთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში სარფიან საქმიან შეთავაზებას მიიღებთ და ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დღის პირველ ნახევარში დიდი ყურადღება გმართებთ, რათა ისეთი შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებით თქვენი გეგმების განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც ფანტაზიას მოითხოვს. ამ დღეს პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფების კეთილგანწყობას ადვილად მოიპოვებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ემოციებით სავსე ხართ და გსურთ, ეს მთელ სამყაროს გაუზიაროთ.
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური სამუშაოს შესრულების ან სპორტდარბაზში ვარჯიშისთვის.
ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ურთიერთბრალდებებით და კონფლიქტით არ დასრულდეს. სახლში ნუ დარჩებით - ახალი ნაცნობობისთვის შესანიშნავი დღეა.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თქვენი სიკეთე და პასუხისმგებლობის გრძნობა არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა შეიძლება ეგოისტური მიზნებისთვის გამოიყენონ. გირჩევთ, მათ ნებას არ დაჰყვეთ და პირადი სივრცე შეინარჩუნოთ. ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ძველი და კარგად დადასტურებული მეთოდებით უნდა იმოქმედოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეცადეთ, დილიდან პოზიტიურად განეწყოთ და სახლიდან კარგ ხასიათზე გახვიდეთ. ამ დღეს საინტერესო შეხვედრები და თავგადასავლები გელით.
შესაძლოა, რთული ამოცანის გადასაჭრელად კოლეგების დახმარება დაგჭირდეთ.
ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს - შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად მხოლოდ კარგად ნაცნობი და გამოცდილი ხერხები უნდა გამოიყენოთ. მოერიდეთ ოპონენტებზე ზეწოლას და ეცადეთ, საკუთარი პოზიცია მხოლოდ ფაქტებით და არგუმენტებით გაამყაროთ. სპორტულ დარბაზში ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სიარული დაგროვილი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ, რაც განწყობას მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ყველაზე მეტად გულწრფელობას უნდა მოერიდოთ - შესაძლოა, უნებურად, საკუთარი ან სხვისი საიდუმლო გასცეთ.
სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ნებისმიერი ინფორმაცია რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ - ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.
შესანიშნავი დღეა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის - ახალი ნივთები დიდხანს და ხარისხიანად მოგემსახურებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობისთვის - თქვენი ნებისმიერი იდეა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ამაში თავის როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ. სემინარებზე, კონფერენციებზე და მსგავს ღონისძიებებზე შესაძლოა, საჭირო ადამიანები გაიცნოთ.
მარტოხელა მშვილდოსნებისთვის გამორიცხული არ არის სამსახურებრივი რომანი, რომელიც დადებით ემოციებს მოგანიჭებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღის წარმატებას თუ წარუმატებლობას თქვენი ძველი გადაწყვეტილებების სისწორე განსაზღვრავს. თუ მოქმედება თქვენს სასარგებლოდ ვითარდება, მაშინ სწორი მიმართულება გაქვთ არჩეული.
თუ დიდი მოცულობის სამუშაოს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, შეგიძლიათ საკუთარი პასუხისმგებლობის ნაწილი სხვებს გაუნაწილოთ.
ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს პირველ ადგილზე პირადი ან ოჯახური ურთიერთობები უნდა დააყენოთ, თუმცა ნურც ახლობელი ადამიანების პრობლემების შესახებ დავიწყებთ - ვიღაცას თქვენი დახმარება ჰაერივით ესაჭიროება.
დროა ძველ მეგობრებს შეეხმიანოთ - მათ შეიძლება თქვენთვის საინტერესო შეთავაზებები ჰქონდეთ.
ზომიერი ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მთელი დღის განმავლობაში საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ, ამიტომ ჯობია, მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი თავდაჯერება გამოიჩინოთ.
დაუგეგმავი ხარჯებია მოსალოდნელი, თუმცა კვირის მეორე ნახევარში ამ „ჩავარდნების“ ანაზღაურებას მოახერხებთ.
თქვენი ჯანმრთელობა პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს ემოციურ მდგომარეობაზეა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ მიღწევებზე და არა წარუმატებელ საქმეებზე.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way