USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
100 წლის წინ, 20 მაისს, ბოლშევიკებმა კოტე აფხაზი და 14 სამხედრო პირი დახვრეტს
Date:  676

ილია ჭავჭავაძის დის შვილს, გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზს, დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა, არ შეუწყვეტია სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა.

1921 წლის დამდეგს იგი არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის.

სამწუხაროდ, ღალატის შედეგად, საგანგებო კომისიამ (ე.წ. "ჩეკა") შეძლო სამხედრო ცენტრის მიგნება.

1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი:

1. ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის-ძე. 51 წლის. გენერალ-მაიორი.
„სახეზე გეტყობათ რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე – იქნება ქართველი ყველა ამისთანა (ხელს იშვერს კვანტალიანისკენ) გგონიათ? მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესები ზრდიან თავიანთ გულში თქვენდამი სიკვდილს!“
2. წულუკიძე ვარდენ გრიგოლის-ძე. 57 წლის. გენერალ-მაიორი.
„სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს განთავისუფლების თავდებია. იგი დაასალკლდევებს ერის სიმტკიცეს, ერთი ათასად გაამრავლებს მებრძოლთ! გადაეცით ჩვენს ახლობლებს რომ დავიხოცეთ როგორც ქართველ პატრიოტებს შეჰფერით!“
3. ხიმშიაშვილი გიორგი (გიგო. რაფიელ ერისთავის შვილიშვილი) ნიკოლოზის-ძე. 31 წლის. კავალერისტი. პოლკოვნიკი.
„თქვენ კარგად იცით რომ ბანდიტები არა ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!“
ვაკის პარკისკენ მიმავალ გზაზე ხიმშიაშვილმა მოახერხა ხელების გახსნა, აართვა რევოლვერი კონვოის, გადახტა სატვირთო ავტომობილიდან, მაგრამ ხელიდან გაუვარდა იარაღი, დადევნებისას ორმა კომუნისტმა, აბაზოვმა და ამიროვმა ფეხები დაუცხრილეს, მძიმედ დაჭრილი პოლკოვნიკი პირველი ჩააგდეს ორმოში.
4. მუსხელიშვილი როსტომ ილიას-ძე. 35 წლის. პოლკოვნიკი. მას ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა, რომელიც წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ სრულ განადგურებას ისახავდა მიზნად. ეს გეგმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შალვა ფავლენიშვილის და ლაშქარაშვილის რაზმებს უნდა აესრულებინათ.
5. ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. უმცროსი ოფიცერი. მონაწილეობდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყებაში.
6. ბაგრატიონ-მუხრანელი სიმონ ლევანის-ძე. 27 წლის. როტმისტრი. კავალერისტი. 1921-1923 წლებში აქტიურად მოქმედებდა დუშეთში, გორსა და გარეკახეთში. 1922 წელს მეთაურობდა ლაშქარაშვილის რაზმის დანაყოფს.
7. ყარალაშვილი ფარნაოზ ლევანის-ძე. 24 წლის. როტმისტრი. 1922 წლიდან ეხმარებოდა გორის მაზრაში მოქმედ ქართველ პარტიზანებს.
8. კერესელიძე იასონ მათეს-ძე. 32 წლის. ქართული ლეგიონის მეთაურის და ქართველი ნაციონალისტების ლიდერის ლეო კერესელიძის ძმა.
დახვრეტის წინ ციხის დერეფანში მყოფმა იასონმა სხვების გასამხნევებლად საქართველოს ჰიმნი „დიდება“ იმღერა, რასაც სხვა პატიმრებიც აყვნენ.
9. ქუთათელაძე ივანე გრიგოლის-ძე. 40 წლის. ოფიცერი. ადგენდა ოფიცრების საგანგებო რაზმს.
10. ჭიაბრიშვილი სიმონ იაგორის-ძე. 42 წლის. მონაწილეობდა 1922 წლის დუშეთის აჯანყებაში.
11. მაჭავარიანი ალექსანდრე მიხეილის-ძე. 51 წლის. პოლკოვნიკი.
პოლკოვნიკის ბოლო მიმართვა სასამართლოს: „ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებდით ლმობიერებას, ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა!“
12. გულისაშვილი ელიზბარ ზაქარიას-ძე. 32 წლის. პოლკოვნიკი.
13. კლიმიაშვილი ლევან ირაკლის-ძე. 26 წლის. ჩოლოყაშვილის რაზმში აგზავნიდა ოფიცრებს.  "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი", - წაუწერია სიკვდილის წინ ლევანს მეტეხის ციხის კედელზე
14. ჩრდილელი დიმიტრი ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. დამარხეს ცოცხლად.
უკანასკნელი დაკითხვის წინ დერეფანში შესძახა: „უთხარი მათ რომ მე დამხვრიტეს, ვკვდები როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს! რუსეთში დაივიწყეს იდეისთვის თავგანწირულად სიკვდილი. წადით და უთხარით მათ, თუ როგორ იბრძვიან ქართველები სამშობლოსათვის“.

“შეთქმულების ორგანიზაციის შექმნის გამო, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ბანდიტიზმისა და შპიონიზმის ბრალდებით კონსტანტინე აფხაზს, რომელიც აღიარებს შეირაღებული აჯანყების ორგანიზებაში მონაწილეობას, მიესაჯოს დახვრეტა და განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნას ოცდაოთხი საათის განმავლობაში“. – ასეთი განაჩენი გამოუტანა გენერალ კოტე აფხაზს 1923 წლის მაისში “ჩეკამ“. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში, რომელმაც გენერალ აფხაზს დახვრეტა მიუსაჯა _ მოგილევსკი, პანკრატო, ზონოვი, მახნოვსკი, ეპიფანე კვანტალიანი, ორახველიძე, შალვა ელიავა, ლავრენტი ბერია და ლომინაძე შედიოდნენ.

კოტე აფხაზი

კონსტანტინე აფხაზმა დიდი წვლილი შეიტანა ივანე ჯავახიშვილთან ერთად საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. მის სახელს უკავშირდება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და ქართული ეროვნული არმიის შექმნა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტი იყო თავისუფლებაახალმოპოვებული საქართველოსთვის.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტსაც, რომელიც ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო, სხვებთან ერთად ხელს სწორედ კოტე აფხაზი აწერდა.
დამოუკიდებელმა საქართველომ მხოლოდ სამი წელი იარსება. შემდეგ კი ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა და ქართველმა მამულიშვილებმა კვლავ დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად. კოტე აფხაზი ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ ამ ბრძოლაში.

                                                                    გენერალი დავით აფხაზი, პოლკოვნიკი გიორგი აფხაზი, გენერალი კოტე აფხაზი.
1921 წლის ბოლოსთვის იქმნება ერთიანი სამხედრო ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ მენშევიკებიდან და მემარჯვენე ფედერალისტებიდან გენერალი ვარდენ წულუკიძე და ნაციონალ-დემოკრატებიდან კოტე აფხაზი. პირველ ეტაპზე სამხედრო ცენტრის დანიშნულება გახლდათ საქართველოს ყველა კუთხეში მსგავსი პატარ-პატარა ცენტრების შექმნა, რომელიც ერთიანი სამხედრო ცენტრისგან გაკონტროლდებოდა.
სამხედრო ცენტრმა მალე მთელი საქართველო მოიცვა. ცენტრის ყველაზე დიდი ფილიალი ბათუმში მდებარეობდა, რომელსაც გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა.
ამ ცენტრს საერთო სახალხო აჯანყების ორგანიზება უნდა გაეწია. თუმცა ერთიანობა ხშირ შემთხვევაში მიუღწეველი იყო და ცენტრშიც კი აზრთა სხვადასხვაობა სუფევდა. ცენტრს სურდა კავშირის დამყარება მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთთან, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა.
1922 წელს პირველად სპირიდონ კედია, შემდეგ კი ასათიანი დააპატიმრეს. პოლიტიკური ცენტრი, რომელშიც უკვე პარიტეტული კომიტეტიც მოიაზრებოდა და ხშირად განმათავისუფლებელ კომიტეტსაც უწოდებდნენ, საბოლოოდ 1922 წლის სექტემბრის სხდომაზე გაფორმდა, რომელიც ნარიყალიძის ბინაში მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ ვარდენ წულუკიძე, კოტე აფხაზი, როსტომ მუსხელიშვილი, იოსებ გედევანიშვილი, ნარიყალიძე და ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. პარიტეტული კომიტეტი ხუთი პარტიისგან შედგებოდა: ნაციონალ დემოკრატები, მენშევიკები, სოციალისტ-ფედერალისტები, “სხივისტები“ და სოციალ-რევოლუციონერები. მათ შორის ჩამოყალიბდა შემდეგი შეთანხმება:
1) პარიტეტული კომიტეტი უნდა შემდგარიყო ხუთივე პარტიის თითო-თითო წარმომადგენლისაგან.
2) ყველა პრობლემა შეთანხმებულად უნდა გადაწყვეტილიყო. პარტიებს დამოუკიდებლად მოქმედება ეკრძალებოდათ. პარიტეტული კომიტეტი ვალდებული იყო შეეთანხმებინა მათი მოქმედება;
3) საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი ხელისუფლებისთვის დირექტივები პარიტეტულ კომიტეტს უნდა მიეცა და მათი ყოველი მოქმედებაც შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.
4) არსებული თანხები, რომელიც საზღვარგარეთ ჰქონდათ, საერთო მიზნებს უნდა მოხმარებოდა.
5) ბოლშევიკების საქართველოდან განდევნის შემდეგ, რაშიც აბსოლუტურად იყვნენ დარწმუნებულები აჯანყების მოთავეები, კანონიერი ხელისუფლების დაბრუნებამდე ქვეყნის მართვა სწორედ კომიტეტს ევალებოდა.
ამ პუნქტების შეთანხმებაში მონაწილეობას იღებდნენ ციხიდან კედია და ასათიანი.
1922 წელს ხევსურეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კოტე აფხაზის მეთაურობით მოეწყო აჯანყება. მართალია, რუსეთის ჯარმა აჯანყება ჩაახშო, მაგრამ თავადაც სერიოზული ზარალი განიცადა. ეს იყო სტარტი ერთიანი ეროვნული ამბოხებისა და ქართველი ერის გამოფხიზლებისა. ყველა კარგად ხვდებოდა, უკან დახევა დამღუპველი იყო და ამიტომ ახალი შემართებითა და ერთიანი ძალებით აპირებდნენ ამბოხს.
გადაწყდა, პირველ რიგში თბილისი დაეკავებინათ და განედევნათ რუსის ჯარი. საჭიროების შემთხვევაში კახეთიდან დაიხმარდნენ ძალებს. თუმცა მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანაში სიწყნარე იყო. “ჩეკა“ დიდხანს ეძებდა აჯანყების ხელმძღვანელებს და გამცემის დახმარებით მიაგნო კიდეც. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კოტე მისაბიშვილმა სამხედრო ცენტრის მთელი შემადგენლობა გასცა.
კოტე აფხაზთან ერთად თოთხმეტივე პატიმარი 20 მაისს თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. “მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“_ ეს სიტყვები შეუძახია გენერალ კოტე აფხაზს დახვრეტის წინ და სიკვდილსაც ისე გმირულად შეხვედრია, როგორც იცოცხლა.

 

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way