USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
10 სექტემბრიდან "საპარტნიორო ფონდი" ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას - რა შემთხვევაში შეძლებს ფონდი სესხების აღებას?
თარიღი:  2246

„საქართველოს განვითარების ფონდად“ გარდაქმნილი „საპარტნიორო ფონდი“ საქმიანობას 10 სექტემბრიდან,  250 მილიონიანი კაპიტალით დაიწყებს.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ (DFG) წესდება უკვე ძალაშია, რომლის მიხედვით, ფონდის 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. ფონდის  კაპიტალი დაყოფილია ამავე რაოდენობის  ჩვეულებრივ აქციად. თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება  1  ლარია.

ამასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა (ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან დავითაშვილი, ლაშა ხუციშვილი,  ოთარ შამუგია და ირაკლი ქარსელაძე)  უნდა დატოვონ ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, სადაც ახალი პირები უნდა დაინიშნონ.  სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი  არ შეიძლება იმავდროულად იყოს სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო მოსამსახურე და ფონდის თანამშრომელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

მთავრობის მიერ დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელსაც მინიმუმ  3 და მაქსიმუმ 5 წევრი ეყოლება, უფლებამოსილების განხორციელებას 2023 წლის 10 სექტემბრიდან უნდა შეუდგეს.

წესდები განისაზღვრა ფონდის დაფინანსების წყაროები. ესენია:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;

ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებაზე ფონდი თვითონ არის პასუხისმგებელი;

გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;

ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;

ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

დოკუმენტში წერია, რომ აქციონერის (100% სახელმწიფო) ერთადერთი მოვალეობაა, უზრუნველყოს შენატანის განხორციელება, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტების თანახმად.

რაც შეეხება პროექტების დაფინანსებას. ფონდი პროექტს განიხილავს, თუ მასში ფონდის მონაწილეობის ღირებულება ერთდროულად არის:

ა) არანაკლებ 3 მლნ  ლარისა, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;

ბ) არაუმეტეს ამ პროექტის ღირებულების 30 პროცენტისა, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;

გ) არაუმეტეს ამ პროექტის კაპიტალის 49 პროცენტისა.

წესდების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია, ყოველი წლის დასაწყისში განსაზღვროს  საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებში მოხდება შესაბამისი პროექტების დაფინანსება. თუ პროექტი ერთზე მეტ პრიორიტეტს ესადაგება, მაშინ მასზე გამოსაყოფი სახსრები გადანაწილდება იმ პრიორიტეტზე, რომელიც ძირითადია ამ კონკრეტული პროექტისთვის. სამეთვალყურეო საბჭოს შეეძლება  წლის განმავლობაში  საინვესტიციო გეგმაში ცვლილებებიც შეიტანოს.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის