USD 2.6563
EUR 3.0848
RUB 3.6654
თბილისი
10 ბიზნესასოციაცია პრემიერს წერილით მიმართავს და „კომენდანტის საათის“ ორი საათით გადაწევას და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვს
თარიღი:  609

ბიზნესი „კომენდანტის საათის“ ორი საათით გადაწევას და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვს, - ამის შესახებ 10 ბიზნესასოციაციის მიმართვაშია აღნიშნული, რომლითაც ასოციაციები პრემიერ-მინისტრსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ. ბიზნეს ასოციაციების ერთობლივი მიმართვა 7 პუნქტისგან შედგება. მოთხოვნებს შორისაა 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნა და სარესტორნო ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც. ამასთან, ბიზნესი ინიციატივით გამოდის, რომ ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს, ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და ომბუდსმენის აპარატის საქმიანობა ბიზნეს სექტორიდან დაფინანსდეს. „თბილისი პოსტი“ ბიზნეს ასოციაციების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო გიორგი, მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკურ ყველა სექტორში. პანდემიის პირობებში, დღეს კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ანტი-კრიზისული ეკონომიკური პაკეტის გაფართოება და ეკონომიკის კოლაფსის თავიდან არიდების მიზნით, ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა კერძო სექტორთან. ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესში, დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინება და ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეპიდემილოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ამის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმი ე. წ. „დადებითობის მაჩვენებელი“ ბოლო 14 დღის განმავლობაში 3%-ია. ამაში დიდი როლი ითამაშა მედიკოსების, ბიზნესის, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების და მოსახლეობის ერთობლივმა ძალისხმევამ. ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოყვანის პროცესის აქსელერაციის მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდგომი თამამი ნაბიჯების გადადგმა დღეს, როცა ყოველ კვირას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამუშავდეს ეკონომიკა და სამუშაო ადგილებს ეტაპობრივად დაუბრუნდეს 200 000-მდე ადამიანი, რომელიც დღეს შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ამისთვის აუცილებლად მიგვაჩნია:

1. „კომენდანტის საათის“ დაწყების ვადის გადაწევა 2 საათით. კერძოდ, ნაცვლად 21:00 საათისა, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შევიდეს 23:00-დან. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ზეწოლას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე პიკურ პერიოდში და ასევე, მისცემს საგრძნობ ეკონომიკურ შედეგს ბიზნეს სექტორს.

2. შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნა იმ ბიზნეს სექტორებისთვის, რომელთა მუშაობაც ნებადართულია სამუშაო დღეებში. ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია საცალო სავაჭრო სექტორისთვის, რომლის ბრუნვის 40% სწორედ დასვენების დღეებში გენერირდება.

3. კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტების დამუშავება დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც რეალურად მისცემს საშუალებას ცალკეული დარგებს, ოპერატიულად ამუშავდნენ. მაგალითად, საუბარია სავაჭრო ცენტრებისთვის შეღავათის მიცემაზე 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების კუთხით.

4. 22 თებერვლიდან სარესტორნო/კვების ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც, შესაბამისი მკაცრი რეგულაციის პირობებში, რაზეც დარგის წარმომადგენლებს შემუშავებული აქვთ კონკრეტული წინადადებები.

5. მთის კურორტების გახსნა 22 თებერვლიდან. მიუხედავად ფაქტიურად დასრულებული ზამთრის სეზონისა, სასტუმროებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლონ მინიმალური შემოსავლების გენერირება, სრული კოლაფსის და გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით.

6. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს, ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშუალო მონაწილეობით. ამ მიმართულებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის დაფინანსებას ბიზნეს სექტორიდან.

7. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ საქართველოში ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნეს კონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით.

მოგმართავთ თხოვნით, რომ ოპერატიულად შევხვდეთ პრემიერ-მინისტრის უშუალო მონაწილეობით ეპიდემიოლოგებს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და ექსპერტებს სამუშაო ფორმატში და განვიხილოთ ყველა ზემოთ ნახსენები საკითხი, რათა ერთად ვიპოვოთ შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკის სწრაფად გამოყვანის გზები“ ,- აღნიშნულია მიმართვაში რომელითაც პრემიერ-მინისტრს „საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია”, „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“, „საქართველოს რითეილერთა ასოციაცია”, „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია”, „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი”, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“, „საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია “, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია” და „საქართველოს სასტუმროების ფედერაცია“ ერთობლივად მიმართავენ.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის