USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
#0331 ბანაკის ტყვეები ქუთაისში
თარიღი:  517

„გერმანელი ტყვეების აშენებულია“, როდესაც ქუთაისში ამას რომელიმე შენობაზე იტყვიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაგებობას ვერც დრო და ვერც 9 ბალიანი მიწისძვრა ვერაფერს დააკლებს.

 

"გერმანელების აგებული“ -  ხარისხის ნიშანია.

 
 
„გერმანელებში“ ქუთაისელები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქალაქში ჩამოყვანილ ტყვეებს გულისხმობენ, რომელთაც სხვადასხვა მშენებლობებზე ამუშავებდნენ, მაგრამ ტყვეთა შორის მარტო გერმანელები არ იყვნენ,  40 - მდე ეროვნების ადამიანი იყო. მათ შორის  ქართველები, რუსები, ლატვიელები, ლიეტუველები, იაპონელები, უკრაინელები, შუა აზიის რესპუბლიკების წარმომადგენლები. ასევე ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პოლონელი ტყვეები -  1270 - მდე ადამიანი.
 
 
1945 წელს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მაგრამ მშვიდობა ყველასთვის არ დამდგარა. ომი და ტყვეობა კიდევ წლები გაგრძელდა ქუთაისის შინსახკომის საკონტროლო ფილტრაციული ბანაკი #0331-ში  მყოფი 5 ათასზე  მეტი საბჭოთა პატიმრისთვის.
 
პატიმრების დანაშაული გერმანელებთან „პლენად“ ყოფნა, ან დეზერტირობა იყო.  მაგრამ უმეტესად საერთოდ  არანაირი დანაშაული არ იკვეთებოდა. უფრო მეტიც, სხვა რეჟიმის პირობებში ამ საბჭოთა ტყვეებს გმირობის და მამაცობის სტატუსებს მიანიჭებდნენ,  მაგრამ საბჭოთა რეჟიმს გმირობაც და დანაშაულიც სხვანაირად ესმოდა.
 
როგორც პოლონელი მკვლევარი დარიუშ როგუტი წერს, მის წიგნში „პოლონელი ტყვეების ბედი შსსპ  ქუთაისის ბანაკში (1945-1947წლები)“, პოლონელი პატიმრები ქუთაისში ვილნიუსიდან ჩამოიყვანეს, ისინი  ფაშისტების წინააღმდეგობის არმიაში იბრძოდნენ. საბჭოთა ჯარების ლიეტუვაში შესვლის შემდეგ პოლონელები რატომღაც დააპატიმრეს და ქუთაისში გამოამგზავრეს. დააკავეს უმიზეზოდ, ულოგიკოდ, იმიტომ რომ სტალინმა და საბჭოთა ხელისუფლებამ ასე გადაწყვიტა. მეორე მსოფლიო ომის გმირებს საბჭოთა ხელისუფლებამ პატიმრობა მიუსაჯა. რადგან სხვა სამართალი არ იცოდა, გარდა უსამართლობისა.
 
ასეთი ბანაკები საბჭოთა კავშირის ბევრ ქალაქში არსებობდა. და იგი ნაციონალ-სოციალისტების საკონცენტრაციო ბანაკებიდან ბევრად არ განსხვავდებოდა.

ბანაკისთვის ქუთაისში, ახლანდელ ავტოქარხნის უბანში, დღევანდელი კადეტთა ლიცეუმისა და #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარე ტერიტორია იყო გამოყოფილი. ბანაკებს ეკავა ქუთაისის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაც.

 

აქ იყო განთავსებული „კოლონია“, როგორც ადგილობრივები ეძახდნენ, ბარაკული ტიპის შენობებით.

სხვადასხვა ეროვნების ტყვეებს ერთმანეთიდან და ქალაქის მცხოვრებლებიდან მავთულხლართები თიშავდა.

 
იგი ყოფდა ბანაკებს ქვებანაკებადაც.
 
იყოფოდა და ხარისხდებოდა პატიმრებიც იმის მიხედვით, თუ  რამდენად პასუხობდა  ბანაკის მოთხოვნებს მათი შესაძლებლობები. საბჭოთა კომენდატურასთან ერთად არსებობდა ადმინისტრაციულ- მომწესრიგებელი ხელმძღვანელობაც დაკომპლექტებული თავად პატიმრებისგან.
 
ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ტყვეთა ყოფილი ბანაკის ტერიტორია
 
ტყვეთა ყოფილი ბანაკის ტერიტორია


მოვალეობები სხვადასხვა იყო, მაგრამ მდგომარეობა და პირობები ყველასთვის ერთნაირად მძიმე და არაადამიანური. საწოლებში თეთრეულის ნაცვლად ბაღლინჯოები, ტუალეტის ნაცვლად - ორმო, საპონი საერთოდ  არ არსებობდა, ფარღალალა კედლები, რომელიც ქუთაისურ ქარს ვერ აკავებდა, იატაკის ნაცვლად - მიწა, ტანსაცმლის ნაცვლად - ნაფლეთები, ის რაც ტანსაცმლიდან დარჩა. ზოგჯერ ესეც არ იყო - პატიმრები ტანსაცმელს ერთ ზედმეტ ულუფა საჭმელში ცვლიდნენ.

 
შიმშილი მთავარი მტერი იყო. ადამიანის სახეს აკარგინებდა ბანაკი #0331 ბინადრებს. აიძულებდა ენადირათ ვირთხებზე, ეჭამათ თიხა.
 
შიმშილი აიძულებდა დაბეზღებას, ქურდობას.

სხვებისთვის ტანსაცმლის მოპარვას, ისევ ერთ ულუფა საჭმელში გასაცვლელად.

 
მაგალითად, ორი პოლონელი პატიმარი სამზარეულოში შეიპარა და 20 -20 ულუფა „სუპი“ შეჭამა, ამხანაგებსაც წამოუღო.

ქურდობით გამოწვეული დანაკლისი წყლით შეავსეს, ქურდები კი კარცერში გაუშვეს. თუმცა, საბჭოთა ზედამხედველისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა მოიპარა თუ მოპარეს, აქაც საბჭოთა სამართალი მუშაობდა და კარცერში შეიძლება მოხვედრილიყო ადამიანი, რომელიც გაქურდეს.

კარცერი იყო ხელისგულისოდენა ოთახი, წყლიანი იატაკით, კუთხეში პარაშით  და იქვე ორი ფიცრით - დასაძინებლად.

 
ბევრი იყო შიმშილით დაუძლურებულ და დაავადებულ პატიმართა  რაოდენობა და მათი სიკვდილის შემთხვევებიც.

გარდაცვლილებს იქვე მარხავდნენ, ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისში დღემდე პოულობენ მათ ჩონჩხებს სხვადასხვა მშენებლობებისას.

 
ავადმყოფებს, მნიშვნელობა არ ჰქონდა რით იყო ავად ყველას „მარგანცოვკით“ მკურნალობდნენ.

1946 წელს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. პატიმრებს გარკვეული „სტატუსი“ და ფნქცია  მიენიჭათ. მათ ამუშავებდნენ საცხოვრებელი სახლების, მესხიშვილის თეატრის, აბრშუმკომბინატის და ავტოქარხნის მშენებლობებზე. ურჩებს და არასასურველებს  - ქვის სამტეხლოებზე.
 
ყოფილი ავტოქარხანა

პატიმრების ურჩობა  გაქცევის მცდელობებში გამოიხატებოდა. პირველად ათი პატიმარი გაიქცა. რომლებიც  უკან არ დაუბრუნებიათ, ვერავინ გაიგო მათი ბედი თუმცა პოლონელები გულში იმედოვნებდნენ, რომ გაქცეულებმა სამშვიდობოს გააღწიეს. სხვა მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. ისევ პატიმარმა დააბეზღა (ერთი ულუფა „სუპის“ფასად) სხვა გაქცეულები კი გზაში დაიჭირეს და დააბრუნეს.

ვინც არ გარბოდა სხვაგვარად ცდილობდა თავის გადარჩენას. საამისოდ საკუთარ პროფესიებს იშველიებდა.

 
პატიმრის ჩარიცხვა ტექნიკურ პერსონალში მისი პირობებში გაუმჯობესებას ნიშნავდა.
 
ავტოქარხნის მშენებლობისას ქარხნის  ტერიტორია სავსე იყო გერმანიიდან მოროდიორობით თუ სამხედრო ალაფის სტატუსით წამოღებული ნივთებით. მათ შორის „ოპელის“ ქარხნდან მითვისებული დანადგარებით,  რომლითაც ააწყვეს ქუთაისის ავტოქარხანა.

თავის გადარჩენის ინსტიქტმა ათასნაირი უნარი აამოქმედა პატიმრებში. ისინი ამზადებდნენ საპონს, პოულობდნენ ალუმინს რისგანაც დეფიციტურ ჭურჭელს აკეთებდნენ, ბრეზენტისგან კერავდნენ ფეხსაცმელს. რომლებსაც ადგილობრივებზე ყიდდნენ ან ცვლიდნენ.

 
გარდა ყიდვა - გაყიდვისა ქუთაისელებთან სხვა ურთიერთობებიც დამყარდა. იყო შემთხვევები როდესაც ადგილობრივები საჭმელს უყოფდნენ პატიმრებს, ან პატიმრების წერილები მიჰქონდათ მათ სამშობლოში გასაგზავნად. ერთი ქუთაისელი იმასაც დათანხმდა საკუთარ მისამართზე მიეღო პოლონელი პატიმრის კორესპონდენციები, რაც დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.

მაგრამ რისკები და სასოწარკვეთილი ქმედებები ყველასთვის თანმდევი იყო იმ რთულ ეპოქაში და იგი სხვა უფრო სერიოზული ნაბიჯებისკენ უბიძგებდა პატიმრებს.

 
აღმოჩნდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება შედარებით ლოიალური იყო აზიის რესპუბლიკების, უკრაინელი, ბელორუსი, ლიეტუველი პატიმრების მიმართ.მათი უმრავლესობა გაათავისუფლა კიდეც. მაგრამ ისინი გაურკვეველ სიმკაცრეს იჩენდნენ პოლონელების მიმართ. გარდა რამდენიმე შემთხვევისა პოლონელი პატიმრებს გათავისუფლებაზე უარს ამბობდნენ.
 
ერთ დილას, იმის ნაცვლად, რომ მესაყვირეს სამუშაოზე გასვლის ნიშანი მიეცა, მან სიმღერა „ბრძოლის დროა“ დაუკრა.

პოლონელები აჯანყდნენ და უარი განაცხადეს სამუშაოდ გასვლაზე. ამ მოთხოვნაში ყველა სოლიდარული იყო. ისინი ითხოვდნენ მათი საქმეების გარკვევას და გათავისუფლებას.

ბანაკის ადმინისტრაცია შეაშფოთა ამ ფაქტმა და დათმობებზე წავიდა. პოლონელები 1947 წლის მარტიდან - მაისამდე სამუშაოდ არ დადიოდნენ, ბანაკის ადმინისტრაცია ამაზე თვალს ხუჭავდა, ყველა უცდიდა უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, როგორც ჩანდა - სასიკეთოს.

თუმცა ამდენი უბედურებაგამოვლილი პატიმრები ჯერ მაინც არ იცნობდნენ საბჭოთა სამართალს და საბჭოთა შეპირებას.

 
პატიმრები ბანაკიდან მართლაც გაამგზავრეს, მაგრამ არა დასავლეთით, არამედ  ჩრდილოეთით, რუსეთის  სხვადასხვა ქალაქებში არსებულ  ბანაკებში. მათი პატიმრობა კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივდა.

ქუთაისში  კი  დატოვეს საუკეთესოდ ნაგები შენობები და მოგონებები.

ერთ ხანდაზმულ ქუთაისელ ქალბატონს გერმანელი პატიმრის მიერ კედელზე შესრულებული ნახატიც დაამახსოვრდა - ჯარისკაცი სახლში ბრუნდება და მას დედა ეგებება - ხაზსა და ფერში გაცხადებული  ყველა პატიმრის ოცნება, სიზმარი, ან ახდენილი რეალობაც,  ვინ იცის?!


ფოტო: დავით ხვადაგიანი
 

სტატიაში გამოყენებულია მასალები დარიუშ როგუტის  წიგნიდან „პოლონელი ტყვეების ბედი შსსპ ქუთაისის ბანაკში (1945-1947)  და “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მიერ მოწოდებული მასალები

წყარო:https://www.kutaisipost.ge/

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.