თბილისის “დინამოს” ლეგენდარულ ფეხბურთელს ვლადიმერ გუცაევს ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის დიდი სიყვარული მრავალი წლის წინ, იმ დღიდან ერგო, როდესაც ქვეყნის პირველი საფეხბურთო გუნდის წევრი გახდა. დაუვიწყარი გოლები, საოცარი ფინტები, გამარჯვებები, რომელშიც ვლადიმერ გუცაევს, თავისი თაობის სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელებთან ერთად უდიდესი წვლილი შეჰქონდა, უკვე ქართული ფეხბურთის ისტორიაა, რომელშიც ვლადიმერ გუცაევს დამსახურებულად უკავია გამორჩეული ადგილი. “ ამდენი წლის შემდეგ, გულშემატკივარი ისე მხვდება, თითქოს გუშინ გამოვედი სტადიონიდანო”, ამბობს ლეგენდარული თავდამსხმელი, რომელიც თბილისთან, ფეხბურთთან, მეგობრებთან დაკავშირებულ საკუთარ ისტორიას გვიზიარებს და იმ დროს იხსენებს, როდესაც თბილისი - ფეხბურთით, თავად კი, ამ დიდი ზეიმის შემოქმედის როლში ცხოვრობდა.
ვლადიმერ გუცაევი: ჩემი ემოციები თბილისის მიმართ ისეთია, როგორიც შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ თბილისელ კაცს, არამედ ყველას ვინც ამ ქალაქში ჩამოვიდა, აქ გაატარა ბავშვობა, აქ იცხოვრა მრავალი წელი. მე დავიბადე ნახალოვკაში,ფაქტიურად იქ გავიზარდე. მართალია რუსულ სკოლაში დავდიოდი და დიდხანს ვერ ვფლობდი ქართულ ენას იმ დონეზე, როგორც უნდა მცოდნოდა, მაგრამ მერე, როცა ბავშვებთან ფეხბურთის თამაში დავიწყე და უკვე მოგვიანებით, როცა საფეხბურთო სკოლაში წავედი, სადაც ყველა ქართულად ლაპარაკობდა, ბოლო - ბოლო ქართულად მეც კარგად ავლაპარაკდი.ნახალოვკა გამორჩეული უბანი იყო. ჩვენ დროს თბილისში სამი უბანი იყო ცნობილი: სოლოლაკი, პლეხანოვი და ნახალოვკა,ეს იყო ძველი უბნები, ცნობილი თავისი ტრადიციებით, კოლორიტით. ჩვენს უბანში დაიბადნენ უძლიერესი ფეხბურთელები: სერგო კოტრიკაძე, მიშა მესხი, ზაურ კალოევი, ვოვა ელოშვილი, მე, საშა ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე, მისი ძმა გოჩა მაჩაიძე. ძალიან სპორტული უბანი გვქონდა, განსაკუთრებით ფეხბურთში. ჩვენ ძალიან გვეამაყებოდა, რომ ჩვენი უბნიდან იყვნენ წინა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები, როგორც ახლა მე მხვდებიან ნახალოვკელები სიამაყით, ასე ვიყავით ჩვენც. ფეხბურთის თამაში უბანში დავიწყე. დღეს ბავშვები 6- 7 წლის ასაკში შეჰყავთ ფეხბურთზე, მე გვიან, 11 წლის ვიყავი როდესაც საფეხბურთო სკოლაში მოვხვდი, ეს იყო შემთხვევითობა. უბანში გავიგე, რომ “დინამოს” სტადიონზე ყოველ კვირა ხდებოდა სხვადასხვა ასაკის ბავშვების შემოწმება. სახლში არც მითქვავს, რამდენიმე ბიჭი შევიკრიბეთ და წამოვედით ნახალოვკიდან “დინამოს” სტადიონზე. პირველ კვირას რომ მივედი, დამიწუნეს - მეკარეობა მინდოდა, მაგრამ მეკარეობისთვის პატარა ვიყავი.მეორე კვირასაც, როგორც მეკარე ისე მივედი სტადიონზე. ერთმა ბიჭმა მითხრა: შენგან რა მეკარე უნდა დადგეს, წადი წინ ითამაშეო და წინ გამაგდო. კარგი “მატაობა” ვიცოდი, მოწინააღმდეგის მოტყუება, შემამჩნიეს და ამიყვანეს. მაშინ საფეხბურთო სკოლის დირექტორი იყო ცნობილი ფეხბურთელი გრიშა გაგუა, დამიბარა ბატონმა გრიშამ, მივედი და ამიყვანეს. იქიდან დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა. 17 წლის ვიყავი, როდესაც “დინამოს” მეორე, სარეზერვო გუნდში ამიყვანეს, ფაქტიურად ერთ წელიწადში ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი.
- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, ფეხბურთელი გამხდარიყავით?
- მამაჩემი კიროვის ქარხანაში მუშაობდა, ფეხბურთის დიდი ფანი იყო, განსაკუთრებით უყვარდა მიშა მესხი, ფანიც აღარ ერქვა, გიჟდებოდა მის თამაშზე. როცა გაიგო, რომ საფეხბურთო სკოლაში მიმიღეს, ძალიან გაუხარდა. როგორც ყველა მამა, ისიც ოცნებობდა შვილის წარმატებებზე, მიშა მესხის გავლენით,ალბათ, ფიქრობდა: იქნებ ოდესმე ჩემმა შვილმაც ითამაშოს დიდი ფეხბურთიო.მოესწრო ჩემს წარმატებებს, ამით ამაყობდა, ოღონდ ჩუმად. ჩემი ქება სიამოვნებდა, მაგრამ არასდროს იძახდა, რომ მისი შვილი მაგარი იყო. თავიდან ერთ თამაშს არ აცდენდა სტადიონზე, მაგრამ მერე რაღაც არ მოეწონა და სტადიონზე აღარ მოსულა. გულშემატკივრის ამბავი ასეა - ცაში აგიყვანენ კარგი გოლისთვის, მაგრამ თუ ერთხელ კარს ააცილე, შეიძლება გაგინონ კიდეც. როგორც ჩანს, მამამ ჩემი გინება მოისმინა და გადაწყვიტა სახლში, ტელევიზორში ეყურებინა ჩემი თამაშებისთვის (იცინის)
- იმ წლებში, როდესაც თბილისის “დინამოში” თამაშობდით, ძალიან ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა თქვენთან ერთად. როგორი იყო კონკურენცია ფეხბურთელებს შორის და ვისთან გქონდათ ახლო ურთიერთობა?
- ჩვენი გუნდი ზუსტად იმით იყო გამორჩეული, რომ სპორტული კონკურენციის მიუხედავად, ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, ამიტომაც ვდებდით კარგ შედეგს. ფეხბურთელისთვის მოედანზე პარტნიორი ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ახლო მეგობარი. ჩვენ შორის არ არსებობდა შური, ერთმანეთზე ჭორაობა თამაშის შემდეგ. თუ ვინმე შეცდომას დაუშვებდა, ყველა ვცდილობდით, მის გამოსწორებას, თუნდაც დიუსელდორფის ფინალში, იქ მცველებმა შეცდომა დაუშვეს, როცა გოლი გავუშვით, მაგრამ მერე, ყველამ ერთად იმდენი გავაკეთეთ, რომ ანგარიშიც გავათანაბრეთ და მოვიგეთ კიდეც. დღეს ფეხბურთში კონკურენციის წესები შეცვლილია. მოედანზე სხვას რომ დაეხმარო, დიდი ოსტატი უნდა იყო. თუ ეს არ გაქვს, მეგობარს ვერ დაეხმარები. დღევანდელ ფეხბურთში ოსტატები ცოტაა, გუნდში 2-3 კაცია მაგარი, დანარჩენები მათ მიჰყვებიან. ჩვენს გუნდში ჩემ გარშემო მაგარი ბიჭები იყვნენ, 7- 8 დიდი ოსტატი მაინც გვყავდა გუნდში.
მე ისეთი პიროვნება ვიყავი ყველასთან ვმეგობრობდი, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა დათო ყიფიანთან. დათო ერთი წლით იყო ჩემზე უფროსი, თითქმის ერთად დავიწყეთ “დინამოში”, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში. სხვათაშორის, როცა ფეხბურთს დავანებეთ თავი, უფრო მეტი დრო გვქონდა ერთად გასატარებლად, რომ ვარჯიშის, თამაშის გარეშე შევხვედროდით ერთმანეთს. ჩვენი მეგობრობა უკვე სხვა ეტაპზე გადავიდა და ბოლომდე გაგრძელდა.დათო გამორჩეულად კარგი ფეხბურთელი, გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო, შესაბამისად, მას ბოლომდე ვენდობოდი მოედანზე, მე კი არა, მისი იმედი ყოველთვის ჰქონდა ყველა ჩემს თანაგუნდელს, რადგან დათო მოედანზე ბოლომდე იხარჯებოდა და ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის. ჩვენ ყველას ჩვენი მისია გვქონდა მოედანზე.
- როგორ ფიქრობთ, რა იყო თქვენი განსაკუთრებული უნარები მოედანზე?
- ჩემი აზრით, სისწრაფე და მოწინააღმდეგის მოტყუება იყო ჩემი მთავარი თვისება მოედანზე. ყველა სხვადასხვანაირად ვიყავით გამორჩეული მოედანზე. დათო ყიფიანს ბევრი კარგი თვისება ჰქონდა, პირველ რიგში ჭკუა, თუ როგორ, რომელი მხრიდან უნდა წაეყვანა გუნდს თამაში, საით განევითარებინა შეტევა, მარცხნიდან, მარჯვნიდან, ცენტრიდან. ამის გარდა დათო ბევრ გოლებსაც იტანდა.ამ მხრივ გამორჩეული იყო რამაზ შენგელიაც, მას შეეძლო გოლი შეეგდო არაფერში და გუნდისთვის ორი ქულა მოეტანა. არის სიტუაცია, როცა არავინ არაფერს მოელის და უცებ გოლი გადის, ვოვა, დათო ან ვიტალი ჩააწოდებდა პასს და რამაზი დახვდებოდა ხოლმე იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. ძალიან ნიჭიერი, ეფექტური და “მუშა” ფეხბურთელი იყო ვიტალი დარასელია, ისეთი რაღაც შეეძლო გაეკეთებინა, რასაც სხვა ნახევარმცველი ვერ გააკეთებდა. მაგალითად, გოლი, რომელიც მან კარლ ცაისთან ფინალში გაიტანა, ასეთ გოლს უბრალო ფეხბურთელი ვერ გაიტანს.ასეთი სასწაული გოლები მხოლოდ ისეთ ფეხბურთელს გააქვს, რომელმაც თვითონ იცის, რომ შეუძლია, ეს იცის პარტნიორმაც და გულშემატკივარმაც. ასეთი იყო ვიტალი დარასელია. მისი გარდაცვალების შემდეგ გუნდში ძალიან გაგვიჭირდა. მთელი საქართველო შოკში იყო და წარმოიდგინეთ ჩვენ, ვინც დღე და ღამე ერთად ვიყავით, რა დღეში ვიქნებოდით.
- რა იყო ყველაზე მძიმე და რთული პერიოდები თქვენს სპორტულ კარიერაში?
- მქონდა რამდენიმე სერიოზული ტრავმა, რომელმაც ნახევარი წელი და კიდევ უფრო მეტხანს ამომაგდო ფეხბურთიდან. ფეხბურთელისთვის რთულია, როდესაც არ თამაშობ და არც იცი, როდის გახვალ მოედანზე. მახსოვს წაგებაც - იმის მიუხედავად, რომ სპორტში წაგება და მოგება ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, არის წაგება, რომელიც ყოველთვის მახსოვს. ჩემთვის ეს იყო 1982 წელს შეხვედრა ბელგიის “სტანდარტთან”, როცა კვლავ შეგვეძლო ფინალში მოხვედრა.
- თქვენ გქონდათ შეთავაზება გადასულიყავით “მადრიდის” რეალში, რატომ თქვით უარი ამ შანსზე, რომელიც აბსოლუტურად შეცვლიდა თქვენს ცხოვრებას?
- ძალიან მეამაყება, რომ მოვხვდი ამ გუნდის ხელმძღვანელების ინტერესის არეალში. ფეხბურთელი “რეალში” რომ აიყვანონ, მის თამაშს წლების განმავლობაში უყურებენ და აკვირდებიან, მე კი ესპანეთში ტურნირზე ორი თამაშის შემდეგ, იმავე საღამოს შემომთავაზეს, “რეალში” გადასვლა. დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი ამ წინადადებას და წავიდოდი “რეალში” სათამაშოდ, ეს დიდი პატივია ყველა ფეხბურთელისთვის, მაგრამ კომუნისტურ ეპოქაში, ისეთი დრო იყო, ამაზე ფიქრიც კი დანაშაულად ითვლებდა. მე არ ვიცი, რომ წავსულიყავი, რა მოხდებოდა, მაგრამ ბევრი უსიამოვნება რომ შეხვდებოდა ჩემს ოჯახს, ეს ვიცოდი. მე რომ ესპანეთში გადავსულიყავი, ჩემი ცხოვრება ალბათ სულ სხვანაირად წარიმართებოდა. მეტად ცნობილი გავხდებოდი ევროპაში, რადგან საბჭოთა კავშირის ფეხბურთელებს, ძალიან ცუდად გვიცნობდნენ საზღვარგარეთ. უფრო მეტიც, ყველაფერი კეთდებოდა, რომ არ გავეცნეთ. “რეალში” 2-3 თამაში რომ მეთამაშა იმ დონეზე, როგორც თბილისის “დინამოში” ვთამაშობდით, რა თქმა უნდა ყველა გამიცნობდა ევროპაშიც, შეიძლება მსოფლიოშიც. ამის გარდა, 300 მანეთის ნაცვლად წელიწადში ალბათ 3- 5 მილიონი მექნებოდა შემოსავალი,ავიშენებდი სახლს მალიორკაზე, მაიამში(იცინის)
- მაგრამ იმ სიყვარულს, რაც საქართველოში გაქვთ, ალბათ სხვაგან ვერ მიიღებდით.
- ასე არ არის. მესი მაგალითი ამისი. ის არგენტინელია, მაგრამ წლები თამაშობდა ესპანეთში. ახლა ამერიკაში თამაშობს. იცით როგორ ამაყობს მთელი არგენტინა მესის წარმატებებით? როგორ უყვარს მთელ არგენტინას. ისეთი დრო რომ ყოფილიყო, რომ “რეალში” გადავსულიყავი და საქართველოს ნაკრებშიც მეთამაშა, ჩემი ხალხი მეტად არ იამაყებდა ჩემით? ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლში რომ თამაშობს, ნაკლებად უყვართ საქართველოში და ნაკლებად პოპულარულია ჩვენთან? ჩვენ ყველას როგორ გვიხარია მისი წარმატება. კარგი იქნებოდა, უფრო კარგ პერიოდში რომ დავბადებულიყავი (იცინის)
- როგორი იყო მაშინ პოპულარული ფეხბურთელების ცხოვრება თბილისში?
- დღევანდელი ცნობილი ფეხბურთელების ცხოვრება სხვანაირია, ჩვენი სხვანაირი იყო. იმის მიუხედავად, რომ გვქონდა ადამიანების დიდი სიყვარული, მაშინ ფაქტიურად არაფერი არ არსებობდა ნორმალურად ცხოვრების პირობები,კარგი რესტორანიც კი არ იყო, სავახშმოდ რომ შესულიყავი, არა თუ სხვა სივრცეები. გვქონდა ძალიან დაბალი ხელფასი, 300 მანეთი, რაც ადამიანს არაფერში გყოფნიდა.ხანდახან, როცა მოვიგებდით, 100 მანეთს დაგვიმატებდნენ ხოლმე. ჩვენ არავითარი პირობა არ გვქონდა, დღეში 2-3 ჯერ ვვარჯიშობდით, ჩვენს ფორმას ბაზაზე ჩვენ თვითონ ვრეცხავდით, ვაშრობდით და მეორე დღეს ვიცმევდით. არც ისეთი იყო ჩვენი ცხოვრება, როგორც გვერდიდან ჩანდა. ამის მიუხედავად, სადაც არ უნდა მივსულიყავით, რაიმე საქმეზე ან თხოვნით, ყველა კარი ღია იყო ჩვენთვის, ყველა გვეფერებოდა და პატივს გვცემდა. ფეხბურთი თბილისში ისეთი პოპულარული იყო, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი იყო, ვისაც ფეხბურთი არ აინტერესებდა. ჩვენ გვქონდა დიდი სამეგობრო, ვმეგობრობდით ხელოვანებთან, ბიზნესმენებთან, რომელთაც მაშინ საქმოსნები ერქვათ. ისინი კარგი პიროვნებები იყვნენ, გარდა იმის, რომ ფულს შოულობდნენ, ბევრ კარგ რამეს აკეთებდნენ საზოგადოებისთვისაც.
- კარლ ცაისთან მოგების შემდეგ პრიზებად “ვოლგები” არ გაჩუქეს?
- ეგ პრიზი არ იყო, კომუნისტურ რეჟიმში ყველაფერზე რიგი იყო, ჩვენ ის უპირატესობა გვქონდა, რომ შეგვეძლო რიგის გარეშე მიგვეღო ბინა ან მანქანა, მაგრამ ეს არ იყო საჩუქარი, ყველაფერში ფულს ვიხდიდით. გულშემატკივარს რომ ეგონა, რომ როდესაც თასი ავიღეთ ჩვენ “ვოლგები” გვაჩუქეს, სინამდვილეში ასე არ იყო. მაშინ ვოლგა ღირდა 16 200 მანეთი, ყველამ ვინც მაშინ მანქანები ვიყიდეთ, ზუსტად ეს თანხა გადავიხადეთ. ჩვენთვის მთავარი იყო ის სიყვარული, რასაც ვიღებდით უზომოდ. მე მაშინ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ორი ფაკულტეტი დავამთავრე - ეკონომიკის და იურდიული, დღის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მიყვარდა ლექციებზე სიარული, უნივერსიტეტში რომ შევდიოდი, ყველა სტუდენტი ჩემთან მორბოდა, ყველა ლექტორს ჩემთან ერთად უნდოდა ჩაის დალევა (იცინის) მე მთელი ცხოვრება ისე გავატარე არასდროს პოპულარობა თავში არ ამვარდნია, ვიცოდი, რომ ხალხს ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ცუდად თუ ვითამაშებდი, ვიცოდი, რომ ჩემი წილი გინება გარანტირებული მქონდა (იცინის) გულშემატკივარი სტადიონზე იმიტომ მოდის, რომ თავისი გუნდის გამარჯვება ნახოს და თავისი ემოციები გამოხატოს ბოლომდე. ეს არ არის თეატრი, რომ ემოცია დამალო, ასე რომ წაგების დროს სტვენა და გინებაც “მიღებულია” სტადიონზე.
- როდესაც აქტიურ ფეხბურთს თავი დაანებეთ, ალბათ ძალიან გაგიჭირდათ ფეხბურთის გარეშე ცხოვრება.
- 34 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთს თავი დავანებე. ამ დღეს ყველა ფეხბურთელი წინასწარ არის შეგუებული. ყველა მზად არის, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება და დაანებებს თავს თამაშს. მე როდესაც ფეხბურთიდან წამოვედი, დავოჯახდი, ორი შვილი გვეყოლა.ოჯახმა გადამატანინა ის პერიოდი. ამას გარდა, ფეხბურთს ბოლომდე ხომ არ ჩამოვცილდი? მე ვიყავი ფეხბურთის სამმართველოს უფროსი, ეს იყო დღევანდელი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი, შესაბამისად საქმეც ბევრი მქონდა, მერე ვიყავი თბილისის “დინამოს” სპორტული დირექტორი, მერე ვიყავი საუდის არაბეთში, კვიპროსში, რუსეთში, ფეხბურთში, ფეხბურთელებს შორის ვტრიალებდი, ასე რომ განსაკუთრებული განცდები არ მქონია.
- ყველაზე მეტად წარსულიდან რა გენატრებათ?
- ახალგაზრდობა, საუკეთესო წლები. უკან რომ დამაბრუნა თავიდან დავიწყებდი ფეხბურთს, ის ჩემი ბიჭებიც გვერდით მეყოლებოდა. თავიდან დავიწყებდით ამ გზის გავლას, რომელიც არ იყო იოლი, მაგრამ ბევრი კარგი დღე და მოგონება დაგვიტოვა. იმის მიუხედავად, რომ გაჭირვებაც მახსოვს და ბევრი სირთულეც, როცა ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი სხვანაირადაა. მადლობელი ვარ უფლის იმ წლებისთვის. 16 წელი, რომ თბილისის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში ითამაშებ, ხალხის უზომო სიყვარული გაქვს, გვერდით გყავს ოჯახი, მშობლები, საუკეთესო მეგობრები,დიდი პიროვნებები, მადლობელი უნდა იყო ცხოვრების, აბა რა?!
მიხარია,რომ არ დავავიწყდი ხალხს. ზოგჯერ ხალხი ისე მხვდება, თითქოს გუშინ გამოვედი სტადიონიდან, ზოგი სიხარულისგან ტირის და უნდა როგორმე, რაც შეუძლია პატივი მცეს, ზოგი ისეთ რამეებს მახსენებს, მე თვითონ რომ არ მახსოვს ხოლმე ის დეტალები და მერე მახსენდება. პატივისცემას ვგრძნობ ახალგაზრდებისგან, რომლებსაც მე არ ვუნახივარ სტადიონზე, მაგრამ იციან ჩემი გოლები ალბათ უფროსი თაობისგან, ეს არის სიყვარული და თაობათა კავშირი თბილისში.
- თქვენი შვილები რატომ არ გაყვნენ ფეხბურთს?
- ჩემი ორივე ბიჭი თავისთვის თამაშობდნენ ბავშვობაში ფეხბურთს, მაგრამ სერიოზულად არ უფიქრიათ. მაგარი ფეხბურთელი ან ხარ ან არა. აქ არ მუშაობს გენები, რადგან მამა მაგარია, მისი შვილიც კარგი ფეხბურთელი უნდა იყოს. კარგი ბიჭები მყავს. კარგი განათლება მიიღეს. უფროსმა შვეიცარიაში დაამთავრა უნივერსიტეტი, ახლა ლონდონში ცხოვრობს თავის მეუღლესთან ერთად. ორივე მუშაობენ, ქართველი ცოლი ჰყავს ჩემს ბიჭს, ვფიქრობ, რომ სადაც გაიზარდე იქაური ცოლი უნდა მოიყვანო. სხვამ, რომელიც სხვა ქვეყანაში, სხვა კულტურაში გაიზარდა, შეიძლება ვერ გაგიგოს, მენტალიტეტში მაინც არსებობს განსხვავება. ჩემი შვილი, როგორც კი თავისუფალ დროს იპოვის, თბილისში ჩამოდის, მოენატრება ხოლმე აქაურობა. დღეს კომუნიკაციის იმდენი საშუალებაა, ადამიანი შორს რომ არის ვერც კი იგებ. უმცროსმა ბიჭმა ნიუ იორკის ვაგნერის უნივერსიტეტი დაამთავრა და თბილისში ცხოვრობს.
დღეს ჩემი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ სატელევიზიო გადაცემით შემოიფარგლება, თუმცა ფეხბურთზე ყოველთვის მეფიქრება. თავისუფალ დროს ოჯახთან, მეგობრებთან ვატარებ. მიყვარს მათთან ერთად კაფეში დაჯდომა. სახლშიც ბევრი საქმეა - საკუთარ სახლში ვცხოვრობ, რომელიც მოითხოვს, სულ რაღაც აკეთო. ხომ ამბობენ, ნამდვილმა მამაკაცმა უნდა აშენოს სახლი, დარგოს ხე და ჰყავდეს შვილები. ყველაფერი გავაკეთე - ავაშენე სახლი, დავრგე ხეები და მყავს ორი არაჩვეულებრივი ბიჭი, მე ჩემი პროგრამა მინიმუმი შესრულებული მაქვს (იცინის)
თამუნა ნიჟარაძე